ირინე მოდებაძე - მემარცხენე მწერლობა მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში

 

(მოკლე რეზიუმე)

ილია რეპინი - პროპაგანდისტის დაკავება  

მე-18 საუკუნის აბსოლუტიზმის კრიზისმა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გამოავლინა ცვლილებების საჭიროება და საგრძნობლად გააძლიერა რევოლუციური განწყობა. ფრანგული რევოლუციის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა რუსულ ინტელიგენციაზე. რუსეთის იმპერია აქტიურად ჩაირთო რევოლუციური მოძრაობის საწინააღმდეგო ბრძოლაში, და არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე, არამედ ევროპულ ქვეყნებშიც. ამგვარი საგარეო პოლიტიკის გამო მან „ევროპის ჟანდარმის“ სახელიც კი დაიმსახურა, ხოლო გარკვეული წრის სასაუბრო ლექსიკონში თვით სიტყვამ „იაკობინელი“ (ანუ „რევოლუციონერი“) შეიძინა სალანძღავი მნიშვნელობა და გამოიყენებოდა არაპროგნოზირებად საშიშ მეამბოხის მნიშვნელობით. მიუხედავად ამგვარი შიდა და საგარეო პოლიტიკისა, ცვლილებების აუცილებლობა მწვავედ იგრძნობოდა ბატონყმობაზე დამყარებულ იმპერიაში, მაგრამ რუსეთში ბატონყმობა მხოლოდ 1861 წელს გაუქმდა. ამ მნიშვნელოვან რეფორმას წინ რთული გზა უძღოდა - საზოგადოებრივი აზრის მრავალწლიანი განვითარება არისტოკრატიის მიერ ლიბერალური თავისუფლებების მოთხოვნებიდან დემოკრატიული ცვლილებების საჭიროების გაცნობიერებამდე. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის მომავალი განვითარების კონცეპციის გამომუშავება. პროგრესის მიღწევისათვის საჭირო რეფორმები საყოველთაო კამათების საგნად იქცა, ხოლო XIX საუკუნე რუსული კულტურის ისტორიაში სოციალური და პოლიტიკური აზროვნების განვითარების ხანად ითვლება.



ჩვენი ნაშრომის I ნაწილში - „რუსული მემარცხენეობის იდეურ-ესთეტიკური საფუძვლები და მისი თავისებურებანი“ — სწორედ ამ აზრთა მრავალფეროვნებისა, კამათების და საზოგადოებრივი აზრის განვითარების ეტაპების მიმოხილვას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სოციალური გარდაქმნის „განსხვავებული გზის“ ძიებას. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ცენტრალურ საკითხად იქცა „გლეხთა საკითხი“ და თვითმყრობელობის საწინაარმდეგოთ განწყობილ საზოგადოებაში პრიორიტეტული გახდა ხალხისადმი მსახურების იდეა. ხელოვნების ყურადღების ცენტრში მოიქცა ხალხის ყოფის ავბედობის რეალური ასახვა, რაც რეალიზმის ესთეტიკური სისტემის განვითარების დაჩქარებას გულისხმობდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრის ძირითადი მიმართულება, რომელიც „ნაროდნიკობის“ /ხალხსნობის, ნაროდიზმის, პოპულიზმის/ სახელითაა ცნობილი. ნაროდნიკული მოძრაობა უკავშირდებოდა ინტელიგენციით „ხალხურ სიბრძნესთან“ /«народной мудростью»/, „ხალხურ ჭეშმარიტებასთან“ /«народной правдой»/ კავშირის დაკარგვის იდეას. ამ „ხალხური სიბრძნისაკენ“ სწრაფვა მშვენივრად ასახულია ა. ჩეხოვის მოთხრობაში “ჩემი სიცოცხლე“ /«Моя жизнь», 1896/. „რუსული ნაროდნიკობის ფუძემდებლად“ მიიჩნევდნენ ალექსანდრე გერცენს (1812-1870). მის მიერ დამუშავებული ე.წ. „რუსული სოციალიზმის“ კონცეფცია რუსეთის განვითარების თვითმყოფადობის თეორიას დაეყრდნო. მომავალი საზოგადოების ჩანასახს ის რუსული გლეხური თემის მიწაზე კოლექტიურ საკუთრებაში და გლეხური დემოკრატიის პრინციპების განვითარებაში ხედავდა. გლეხური დემოკრატიის იდეას იზიარებდნენ ნიკოლოზ ჩერნიშევსკი (1828 - 1889), ნიკოლოზ ოგარიოვი (1813 - 1877), ნიკოლოზ დობროლიუბოვი (1836 - 1861) და სხვა. მარქსისტების მიერ უტოპიური სოციალიზმის ერთერთ სახეობად მიჩნეული მათი მრწამსი ბატონყმობის გაუქმებასა და რუსეთში სოციალიზმის მიღწევას ითვალისწინებდა არა ბურჟუაზიული, არამედ გლეხური რევოლუციის გზით. მწვავე დებატებს იწვევდა ქვეყნის ბედნიერი მომავლისათვის ბრძოლის მეთოდების შერჩევა - კამათობდნენ, თუ „რა გზით უნდა მივიდეს რუსეთი სოციალისტურ საზოგადოებამდე“ („აგრარული სოციალიზმის თეორია“). ამ ეტაპს ვლ. ლენინი „რუსეთში პირველი დემოკრატიული ამაღლების“ სახელი უწოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თაობის („გლეხური“, ან „მუჟიკური დემოკრატების“, „სამოციანელების“, „რაზნოჩინელების“, „განმანათლებლების“) წარმომადგენელთა უმრავლესობას ახასიათაბდა რევოლუციური განწყობა და კამათები ძირითადათ არა რევოლუციის აუცილებლობის საკითხს, არამედ მომავალი სახელმწიფოს მართვის ფორმებს ეხებოდა. მოგვიანებით რევოლუციური განწყობის გამო მარქსისტებმა მათ რევოლუციური დემოკრატების სახელი უწოდეს. იმდროინდელი ესთეტიკის ძირითად მოთხოვნად ხელოვნებაში სოციალურ-საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა რეალური ასახვა იქცა და თავიანთ იდეებს ამ მოძრაობის ლიდერები გამოხატავდნენ არა მხოლოდ პუბლიცისტურ და მეცნიერულ, არამედ მხატვრულ ნაწარმოებშიც.

1861 წლის რეფორმის შემდგომ პერიოდში საზოგადო აზრი ვითარდებოდა სამი ძირითადი მიმართულებით: კონსერვატიული, ლიბერალური და რევოლუციური. 1870-1880 წლებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთთებოდა ნაროდმიკთა არალეგალურ წრეებს. მათი უმრავლესობა რადიკალური ცვლილებისაკენ მიისწრაფვოდა, მაგრამ შემდგომ - 1880-ანი წლების დამლევსა და 1890-ან წლებში - მდგომარეობა თვისობრივად შეიცვალა: ნაროდნიკთა რიგებში დარჩნენ მხოლოდ ლიბერალურად განწყობილები, ხოლო რევოლუციის მომხრეები მარქსისტებს შეუერთდნენ. რუსეთის მომავალს მარქსისტები არა გლეხურ, არამედ პროლეტარულ რევოლუციაში ხედავდნენ. ისინი მკაცრად გააკრიტიკეს ნაროდნიკული იდეოლოგია და გლეხური რევოლუციის იდეას თანდათან ანაცვლებდა პროლეტარული რევოლუციის მზადება. რა თქმა უნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში გაგრძელდა განსხვავებული აზრთა შეჯახება - მწვავე კამათები რუსეთში კაპიტალიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ისტორიული განვითარების პერსპექტივებზე და რევოლუციური თეორიისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამომუშავების სწორ საფუძვლებზე. ამ აზრთა მთელი მრავალფეროვნება აისახა მე-XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსულ მწერლობაში და მის კრიტიკულ შეფასებაში.

საგულდაგულოა, რომ ევროპიდან მომდინარე სოციალურ რეფორმებზე მიმართული მემარცხენეთა იდეები და მათი რუსული ინვარიანტები მე-19 ს. 40-ანი წლებიდანვე გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზე. მაგრამ რეალობა მოითხოვდა რუსული კულტურის წიარში აღმოცენებული კონცეპციების გადააზრებას. ილია ჭავჭავაძის თქმით, საქართველოს, სადაც წინა პლანზე ეროვნული საკითხი წამოიწია, „სულ სხვა ტკივილი აქვს. <...> <...> ის „სხვა რამეა“ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოვლის მოსალოდნელი ფათერაკისაგან“.  სწორედ იმდროინდელმა ქართულმა სინამდვილემ განაპირობა ის ფაქტი, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთში ბატონყმობისა და იმპერიული თვითმყრობელობის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის დამწყები ეტაპის სოციალურ-დემოკრატიული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი, განმანათლებლური და ერის კონსოლიდაციაზე მიმართული ხალხის ცხოვრებით დაინტერესების იდეები.

ჯერ კიდევ 40-60-ან წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში მოსწავლე ქართველმა სტუდენტობამ აღტაცებით შეხვდა ალ. გერცენის, ნ. ოგარიოვის, ნ. ჩერნიშევსკისა და ნ. დობროლიუბოვის დემოკრატიულ იდეებს. ქართველებისათვის გერცენის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეროვნული იდეებიც მახლობელი იყო. გერცენის თხოვნით მის და ოგარიოვის ჟურნალში „კოლოკოლი“ /“ზარი“/, რომელიც ლონდონში გამოიცემოდა, 1864 წელს დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, სადაც ავტორმა უარყოფითი შეფასება მისცა რეფორმას, რომელსაც „ცრუგანთავისუფლების კომედიის“ სახელი უწოდა. ამ წერილმა საქართველოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნიკო ნიკოლაძემ „კოლოკოლთან“ თანამშრომლობა გააგრძელა და კიდევ რამდენიმე წერილი დაბეჭდა გერცენის ჟურნალში. საგულდაგულოა, რომ მაშინ, როდესაც ცენზურამ აგრძალა გერცენის თხზულებათა გამოქვეყნება, „კრებულის“ პირველივე ნომერში დაიბეჭდა გერცენის „ექიმი კრუპოვის“ თარგმანი. მართალია, ავტორის გვარი დასახელებული არ იყო (მხოლოდ წარწერა - „რუსულიდან“), მაგრამ მთარგმნელის გვარი არ დაუფარავთ - ის გ. ცაგარელი გახლავთ.

1867 წელს, როდესაც რუსეთში უკვე სასტიკად აგრძალული იყო ჩერნიშევსკის სახელის ხსენება, ჟენევაში ნიკო ნიკოლაძემ (რევოლუციონერ ელპიდინთან ერთად) დაიწყო მისი თხზულებების გამოცემა რუსულ ენაზე და თავის შესავალი წერილებიც დაურთო. „ჩერნიშევსკის მიმართულება, - წერდა ნ. ნიკოლაძე, - ძლიერია არა მხოლოდ გაბატონებული ცხოვრებისა და საგანთა არსებული წესის უარყოფით <...> იგი ხელიხელ ჩაკიდებული უარყოფილი ძველის ნაცვლად, ახალი ცნებებისა და ახალი წესის მტკიცედ გამომუშავებულ სისტემასთან ერთად მიემართებოდა - ეს შეადგენს სწორედ ჩერნიშევსკის მიმართულების მთავარ ძალას“ (შადური 1983: 165). ჟენევაში გამოცემული წიგნები ვრცელდებოდა როგორც რუსეთში, ასევე საქართველოშიც.

ჩერნიშევსკის იდეებმა დიდი გავლენა იქონია ქართველ სამოციანელთა შეხედულბებზე. თერგდალეულთა შრომებში ხშირად ვხდებით მის აზრებსა და ციტატებს. ვინაიდან ჩერნიშევსკის ხსენება იყო აკრძალული, მის გვარს არ ასახელებდნენ და წერდნენ: „დიდი რუსი ადამიანი“, „ჟურნალ „სოვრემენიკის“ ცნობილი თანამშრომელი“, „ავტორი შრომისა ლესინგზე“ და ა.შ.

დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს რუსი ნაროდნიკების თეორიებს ქართველი ხალხოსნებიც. ქართველი ხალხოსნებისათვის რუსულ ნაროდნიკობაში არა მხოლოს სოციალური საკითხების გადაჭრის სავარაუდო გზების განხილვა, არამედ ეროვნული საკითხისადმი მიდგომაც საყურადღებო იყო. ძირითად პრიორიტეტად რუს ნაროდნიკებს დასახული ჰქონდათ რუსი ხალხის კეთილდღეობა, მაგრამ, ისინი არა მხოლოდ აღიარებდნენ სხვა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, არამედ, მარქსისტული ინტერნაციონალიზმის პრინციპისაგან განსხვავებით, თვლიდნენ, რომ ყველა ერს პროგრესული განვითარების თავიანთი გზა უნდა ჰქონოდა. ამაზე მეტიც - ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიას“ /„ხალხის ნების“/ აღმასრულებელმა კომიტეტმა ჯერ კიდევ 70-ან წლებში აღიარა, რომ იმპერიის დაშლა და მიერთებული ტერიტორიების დამოუკიდებლად განვითარება რუსეთის მომავლისათვის იქნებოდა სასარგებლო.

ნეთელია, რომ ეროვნული საკითხისადმი თვითმყოფადობის მრავალფეროვნების იდეაზე დაფუძვნებული მიდგომა სრულიად მისაღები იყო იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი ქართული საზოგადოებისათვის. არა ნაკლებ ინტერესს იწვევდა რუსი მწერლების მხატვრული შემოქმედება და პუბლიცისტიკა, განსაკუთვრებით ის ნაწარმოებები, სადაც აისახებოდა განმანათლებლური, სოციალურ-დემოკრატიული და განმათავისუფლებელი იდეები: ალ გერცენის, ნ. ჩერნიშევსკის, ნ. დობროლიუბოვის, ნ. ნეკრასოვის, ე. სალტიკოვ-შჩედრინის, გ. ელისეევის, ნ. შელგუნოვის, ნ. ანტონოვიჩის, ვ. კუროჩკინის, გ. უსპენსკის, ნ. მიხაილოვსკის და სხვათა.

ჩვენი ნაშრომის II ნაწილში - XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული მემარცხენე მწერლობის კრიტიკული შეფასების თავისებურებანი - ვეცადეთ შეგვესწავლა XIX საუკუნის რუსულ მწერლობაში განვითარებული მემარცხენე ტენდენციების სხვადასხვა დროს დამკვიდრებული კრიტიკული შეფასებები და წარმოგვედგინა მათი ცვალებადობის იდეური საფუძვლები. ვინაიდან რუსული კულტურის ე.წ. ოქროს ხანა - XIX საუკუნე ძირითადად ნაროდნიკობის ნიშნით მიმდინარეობდა, უპირველეს ყოვლისა საჭიროდ მიგვაჩნდა ამ დეფინიციის მნიშვნელობის დადგენა. როგორც ხალხისაგან გაუცხოების, მოწყვეტილობის და მის წინაშე დანაშაულის გრძნობა, ნაროდნიკული განწყობა 1840-1860-იანი წლებიდან დამახასიათებელი ხდება რუსი დიდგვაროვანი ინტელიგენციისათვის, რომელსაც ამოძრავებდა ხალხთან დაახლოების სურვილი და „ვაჭრული სულისკვეთების“ უარყოფა. დროთა დროის განმავლობაში ასეთი მსოფლშეგრძნება გადაიზარდა ნაროდნიკულ იდეოლოგიად. თვით განსაზღვრა „ნაროდნიკი“ გაჩნდა 1870-ან წლებში, მაგრამ ზოგი მონაცემებით ის ჯერ კიდევ 60-ანებში ჟღერდა. დამწყებ ეტაპზე ამ ცნებას ზუსტი მნიშვნელობა არ ჰქონდა - ის ხშირად დემოკრატიზმისა და უბრალო ხალხის მიმართ დაინტერესების მნიშვნელობით მოიხმარებოდა. მოგვიანებით ამ ცნების პოლიტიზირება მოხვდა და ის უკვე გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის - გლეხური რევოლუციის მიმდევრობის აღმნიშვნელად იქცა. ვინაიდან პროლეტარული რევოლუციის მარქსისტ-იდეოლოგებისათვის „გლეხური დემოკრატიის“ იდეა მიუღებელი იყო, ნაროდნიკული განწყობით შექმნილ ნაწარმოებებსაც მარქსისტული კრიტიკა უარყოფითად აფასებდა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე „უახლესი მწერლობის“ მიმოხილვისას ხშირად გამოყოფდნენ „ბელეტრისტ-ნაროდნიკთა“ ჯგუფს, რომელში განიხილავდნენ ლიბერალური, ე.წ. ლეგალური ნაროდნიკობის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოვებული მწერლების შემოქმედებას. მიუხედავად შეხედულებათა სხვაობის, ამ ჯგუფში აერთიანებდნენ ყველა იმ მწერალსა თუ პუბლიცისტს, ვინც საუკუნის ბოლო ათწლეულებშიც იზიარებდა ნაროდნიკულ იდეებს - გლებ უსპენსკით (1843–1902) დაწყებული და ნიკოლოზ ზლატოვრატსკით (1845-1911) დასრულებული. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კვლევებშიც არც ისე იშვიათად გვხდება განსაზღვრა „ნაროდნიკ-ბელეტრისტთა შემოქმედება“, და მკვლევარები ინერციით თუ ტრადიციისამებრ, ერთ ჯგუფად განიხილავენ მხატვრულ და პუბლიცისტურ ტექსტებს. ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა - იმ დროს, როდესაც პრიორიტეტი ნაწარმოების იდეურ მხარეს ენიჭებოდა და ნაროდნიკთა იდეოლოგიის წინააღმდეგ განწყობილი კრიტიკოსები მათი შემოქმედების უხარისხობის დამტკიცებას ცდილობდნენ. საყურადღებოა, რომ „ბელეტრისტ-ნაროდნიკთა“ ჯგუფში გაერთიანებული მწერლები თავს „ნაროდნიკებს“ არ უწოდებდნენ. ამაზე მეტიც - ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ თუ მათ ამ სახელით მოიხსენიებდნენ. სავარაუდოთ, ამის მიზეზი იყო თვით ამ ცნების პოლიტიზირების მიმდინარე პროცესი. მოგვიანებით ლიბერალურ ნაროდნიკობასთან დაახლოვებული მწერლები (პ. ზასოდიმსკი, დ. მამინ-სიბირიაკი, ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ლ. ობოლენსკი და სხვ.), მართალია, თავს „ნაროდნიკებს“ არ უწოდებდნენ, მაგრამ არც ეწინააღმდეგებობდნენ მათ, ვინც ამ სახელით მოიხსენიებდა.

ნაროდნიკული მწერლობის შეფასების ძირითადი პარადიგმა დაამუშავა მარქსიზმის თეორეთიკოსმა გ. პლეხანოვმა (1856- 1918). XIX საუკუნის 90-ან წლებში მან მთელი რიგი წერილი ნაროდნიკული იდეოლოგიისა და მწერლობის განხილვა-შეფასებას მიუძღვნა, სადაც აღნიშნავდა, რომ „ხალხური ცხოვრების შესწავლა“ არა მხოლოდ თეორიულ წერილებში, არამედ მხატვრულ შემოქმედებაშიც მიმდინარეობდა. ამ დებულებაზე დაყრდნობით გ. პლეხანოვი „ლიტერატურულ ნაროდნკობასა“ («литературное народничество») და „ნაროდნიკულ ბელეტრისტიკას“ («народническая беллетристика») განიხილავდა როგორც „რაზნოჩინელთა რეალისტურ მწერლობას“. მისი აზრით, „შესაძლოა ბელეტრისტ-ნაროდნიკებს შემოქმედ-სოციოლოგების სახელი ვუწოდოთ“. პლეხანოვს სწამდა რომ ახლო მომავალში „ნაროდნიკთა ბელეტრისტიკა, ასევე, როგორც მთელი ნაროდნიკული მწერლობა, გადავა უკანა პლანზე და ადგილს დაუთმობს ახალ მიმართულებებს“.

ნათელია, რომ პლეხანოვის მსჯელობებში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ლეგალურ ნაროდნიკთა შემოქმედებაზეა და არა რუსულ დემოკრატიულ მწერლობაზე. მისმა ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა მარქსისტული კრიტიკის ჩამოყალიბებაზე. გამართლდა მისი ვარაუდის პირველი ნაწილი - „ნაროდნიკთა ბელეტრისტიკა, ასევე, როგორც მთელი ნაროდნიკული მწერლობა“, მართლაც, „გადავიდა უკანა პლანზე და ადგილი დაუთმო ახალ მიმართულებებს“. მაგრამ რაც შეეეხება მწერალ-ნაროდნიკთა დამსახურების აღიარებას, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - მარქსიზმის საბოლოო გამარჯვებისთანავე შეიცვალა თვით „ნაროდნიკობის“ ცნების მნიშვნელობა და 1905-1907 წწ. რევოლუციების შემდეგ ტერმინებს „ნაროდნიკობა“, „ნაროდნიკული“, „ნაროდნიკი“ უკვე მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში იყენებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცნების მნიშვნელობა სრულიად შეიცვალა (გლეხებთან დაახლოვების სწრაფვისა და ხალხისადმი სიყვარულისაგან ® პოლიტიკურ იდეოლოგიამდე). გაცილებით ადრე იგივე ბედი ცნება „მემარცხენეობასაც“ ეწვია და ის მხოლოდ პოლიტიკური ლექსიკონის ნაწილად იქცა. ასეთმა მიდგომამ დიდი გავლენა იქონია XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული კულტურის განვითარების შეფასებაზე, რაც, უპირვლეს ყოვლისა, აირეკლა საბჭოთა ისტორიოგრაფიაზე და ლიტერატურადმცოდნეობაზე. ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაცია დამოკიდებულია შეფასების კრიტერიუმების პრიორიტეტებზე. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დამუშავებული XIX საუკუნის ლიტერატურული ისტორიის პერიოდიზაცია ემყარებოდა კლასობრივი ბრძოლის გაგებას. მას საფუძვლად დაედო რევოლუციური მოძრაობის სამ ეტაპად ლენინისეული დაყოფა და მარქსისტული ესთეტიკის ძირითადი დებულებები. პრიორიტეტი მიენიჭა მწერლების შეხედულებებს, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეობასა და მათი თხზულებების იდეურ მხარეს. ე.წ. „რაზნოჩინელთა პერიოდს“ ვ. ლენინი განიხილავდა ნაროდნიკულ მოძრაობად, რომელსაც ჰყოფდა ორ ეტაპად: „რევოლუციურად“ დახასიათებულ „ძველ ნაროდნიკობას“ (1860-1870 წწ.) და „ახალს“ (1880-1890 წწ.), ანუ „ლიბერალურს“, რომელიც ნეგატიურად აქვს შეფასებული. ამაზე დაყრდნობით XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული ლიტერატურის ისტორიაში გამოყოფბდნენ ორ ნაკადს: რევოლუციურ-დემოკრატულ მწერლობას და ნაროდნიკულ ბელეტრისტიკას. ამგვარი ტერმინოლოგია მიუთითებდა იმაზე, რომ რევოლუციურ იდეებს მოკლებულ მწერლობაში ღირებული ნაწარმოებები არ შექმნილა.

ოქტომბრის რევოლუციისა და ბოლშევიკების საბოლოო გამარჯვების შემდეგ დაიწყო „მარქსისტული ლიტერატურადმცოდნეობის“ ჩამოყალიბება. იდეოლოგიური პრინციპით დანახული ლიტერატურის ისტორია გამოირჩეოდა ცალმხრიობით და ბევრ სირთულეს უქმნიდა მკვლევარებს ამა თუ იმ „დიდი მწერლის“ შემოქმედების ობიექტურ შეფასებაში, თუ არაფერი ვთქვათ მათი თხზულებების მხატვრულ და ჟანრობრივ თავისებურებებზე. 1920-30-ან წლებში დაწყებული რევოლუციური ნაროდნიკობის იდეოლოგიის შესწავლაც შეწყდა 1937 წელს. ამ დროისათვის მომზადდა და გამოიცა „ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ისტორიის მოკლე კურსი“ /«Краткий курс истории ВКП(б)»/, სადაც დასაბუთთა ოფიციალური პოზიცია რუსეთში მარქსისტული მოძრაობის განვითარების თაობაზე და იოსიფ სტალინის პირადი მითითებით ნებისმიერ სხვაგვარ ხედვასა და კამატებს წერტილი დაესვა. ინტერესი ნაროდნიკობისადმი, მისი ფილოსოფიისა და მწერლობის მიმართ ხელახლა მხოლოდ 1960-ან წლებში იღვიძებს, ხოლო 80-ან წლებში აღწევს თავის მწერვალს. იგივე სურათი შეინიშნება ლიტერატურადმცოდნეობაშიც - თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში „ნაროდნიკული მწერლობის“ არსებობა საერთოდ არავის უხსენებია... საბჭოთა ლიტერატურადმცოდნეობას საშველი მოევლინა ახალი დეფინიციის სახით - 1933 წელს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას მაკსიმ გორკიმ გამოიყენა ახალი განსაზღვრა - „კრიტიკული რეალიზმი“, რომელიც XIX-XX სს. რუსული ლიტერატურის შესწავლის ფუძემდებელ ცნებად იქცა. XIX საუკუნის რუსული მწერლობის შეფასებისათვის კრიტიკული რეალიზმის ცნება უნივერსალური აღმოჩნდა და მკვლევარებს მიეცათ საშუალება ყურადღება გადაეტანა მწერალთა შეხედულებებისაგან მათ ნაწარმოებებში ასახულ რეალობაზე. ამიტომ ხშირად ვაწყდებით ასეთ ფორმულირებას, როგორიცაა „ნაროდნიკობასთან დაახლოვებული“ (მაგ., გ. უსპენსკიზე). გამოჩენილი მოაზროვნეთა და მწერლების შემოქმედების შეფასებისას აკტიურად მიმდინარეობდა წინა პლანზე მათი „რევოლუციური“ განწყობათა წამოწევა, ხელოვნურად იქმნებოდა „რევოლუციურ-დემოკრატთა“ და მცდარი იდეოლოგიის მომხრე „უღირსო მწერლების“ სახეები.

XX საუკუნის 60-80-ანი წლები რუსული ნაროდნიკობის ისტორიოგრაფიის „ოქროს საუკუნედაა“ მიჩნეული. ამ დროს შეიქმნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა,  მაგრამ საუკუნის მიწურულს ნაროდნიკებისადმი ინტერესი ისევ შემცირდა, უფრო სწორედ, შემცირდა საბჭოთა იდეოლოგიით ნაკარნახევი ინტერესი ნაროდნიკობის რევოლუციური ტენდენციებისადმი (ამ პერიოდის ახალი რეალობის ფონზე გარკვეული მიზეზების გამო გამონაკლისად იქცა ტერორისტული მომართულებით დაინტერესება). ამავდროულად გასული საუკუნის 90-ან წლებში გაძლიერდა ინტერესი (მართალია ნაკლებ ინტენსიური, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი) ლეგალურ-ლიბერალური და კონსერვატიული ნაროდნიკობისადმი.

თანამედროვე რუსულ მეცნიერებაში ინტენსიურად გრძელდება ნაროდნიკობის ფენომენის გადაფასება. გამოთქმულ აზრთა მრავალფეროვნებაში უკვე შეინიშნება ძალზე მნიშვნელოვანი ტენდენცია - წინა შეფასებებისაგან განსხვავებით, ХХI საუკუნის გადასახედიდან რუსული ნაროდნიკობა განისაზღვრება არა მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის სახით, არამედ წარმოდგენილია რთულ სოციო- და ისტირიულ-კულტურულ მოვლენად. შესაბამისად ის განიხილება როგორც:

1) ХIХ საუკუნის ბოლო მესამედის - ХХ საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივი მოძრაობა;

2) რუსული კულტურის განსაკუთვრებული მოვლენა;

3) იდეოლოგია, რომელმაც შექმნა რუსული საზოგადოებრივი განვითარების თვითმყოფადობის ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური, ფილოსოფიურ-სოციალური თეორიების კომპლექსი.

ამაზე დაყრდნობით ნაროდნიკობა აღიქმება რუსული კულტურის ფენომენად - მენტალურ-იდეოლოგიურ, პრაქტიკულ და კულტურულ ერთობლიობად. ჩვენი აზრით, განსაკუთვრებულ ყურადღებას იმსახურებს ამ ერთობლიობის პერიოდიზაციის თანამედროვე მცდელობები. ვინაიდან პერიოდიზაცია არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურული განვითარების სისტემატიზაციის საშუალებაა, არამედ მისი გააზრებაცაა. შექმნილ მოდელებში ნათლად ვლინდება მეცნიერული აზრის განვითარების ძირითადი მიმართულებებიც. მაგალითად, რუსი ისტორიკოსი პროფ. გენადი მოკშინი გვთავაზობს რუსული ნაროდნიკობის პერიოდიზაციის 3-საფეხურიან მოდელს, რომელიც ითვალისწინებს მის ევოლუციას 1840-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის30-იან წლებამდე: 1860-იანი წლების ე.წ. ადრინდელ ნაროდნიკობას, 1870-80 წლების კლასიკურ ნაროდნიკობას და მე-19 საუკუნის დამლევია და მე-20 საუკუნის დასაწყისის ნეონაროდნიკობას. სხვა თანამედროვე რუსი მეცნიერის იუ. ზელენინის მიერ შეთავაზებული რუსული ნაროდნიკობის პერიოდიზაციის მოდელი ითვალისწინებს სამ კომპონენტს - „იდეოლოგიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ხელოვნებაში და მეცნიერებაში ასახულ რუსული ეროვნული კულტურის განსაკუთრებულ მოვლენას“, რაზედაც დაყრდნობით ავტორი ნაროდნიკობის ფენომენის გამოვლენას თანამედროვე რუსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ჭრილშიც ხედავს და მის განვითარებას ოთხ ეტაპად განიხილავს: პროტონაროდნიკულად, კლასიკურად, ნეონეროდნიკულად და პოსტნეონეროდნიკულად (თანამედროვე ეტაპი).

მიუხედავად იმისა, პერიოდიზაციის თუ რა მოდელს მივანიჭებთ პრიორიტეტს, ნათელია, რომ ნაროდნიკულმა მსოფლმხედველობამ არა მხოლოდ XIX საუკუნის, არამედ მომდევნო წლების რუსული კულტურის განვითარებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. დღესდღეობით ლიტერატურული პროცესის არსი მრავალი კრიტერიუმით განისაზღვრება. ეროვნული მწერლობის ისტორიაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებთ ისტორიულ დროში მიმდინარე პროცესის ზოგადკულტურულ მაჩვენებლებს და მისგან დამოუკიდებლად არსებული მხატვრულ-ესთეტიკური საწყისების განვითარებას. ნაროდნიკობის შესახებ გამოთქმული აზრთა მრავალფეროვნების მიუხედავად ნათელია, რომ XIX საუკუნის რუსული კულტურის ამაღლების ფენომენი განპირობებული იყო არსებული სოციალური იერარქიის საწინააღმდეგოდ მიმართული საზოგადოებრივ-კულტურული ე.წ. მემარცხენე მოძრაობით, ხოლო ხელოვნებაში რუსული „ნაროდნიკობის“ სახელით ცნობილი რეალური ცხოვრებით დაინტერესებამ ხელი შეუწყო რეალიზმის განვითარებას.

 

Comments