გაგა ლომიძე - პირველი ნაბიჯი. სოციო-პოლიტიკური პარადიგმების ცვლილებების გზაჯვარედინზე
(მოკლე რეზიუმე)
გიორგი წერეთელთან სათაური „პირველი ნაბიჯი“ მიუთითებს იმაზე, რომ ახალი დრო იწყება — კაპიტალისტური წყობის ნიშნების გაჩენა საქართველოში. ამავე დროს, რომანში არაერთხელ ვხვდებით მატერიალურ ნივთებზე აქცენტირებას. მაგალითად, თავადები ყიდიან თავიანთი წინაპრების ქონებას და ამ ყველაფერს ცვლიან ფუფუნებაში ცხოვრებაში და ლამაზ ტანსაცმელში. რომანში აღწერილი დრო — ეს არის ის დრო, როდესაც არისტოკრატია კარგავს პრივილეგირებულ მდგომარეობას და ღარიბდება და წინა პლანზე ამ პერიოდში გამოდიან გამდიდრებული გლეხები. თანდათან იშლება თავად-აზნაურობa, როგორც გარდაუვალი კრიზისის წინაშე მდგარი ფენა. მეორე მხრივ, არიან ვაჭრები, რომლებიც სულ უფრო მეტ რესურსს და გავლენას იგდებენ ხელში. ის, რაც ერთი კლასისთვის დანაკარგს გულისხმობს, სხვისთვის მოგების ტოლფასია. და თუ თხრობის ეკონომიკის პერსპექტივიდან შევხედავთ გიორგი წერეთლის რომანს, შეგვიძლია დავინახოთ ისიც, რომ სხვადასხვა წრის წარმომადგენელი პერსონაჟები (ძირითადად, ეს ითქმის ბახვაზე და იერემიაზე) თითქოს თხრობის და მეტყველების გაზიარების პრივილეგიას ეცილებიან. აქედან გამომდინარე, მთავარი და არამთავარი პერსონაჟების ადგილებისთვის განუწყვეტელ დაპირისპირებაში არიან ჩართული. არისტოკრატიისთვის პოზიციების დაკარგვის პარალელურად, სიტყვებიც დევალვირებული ხდება, როგორც, მაგალითად, რომანში ცნება „ჯგიროკოჩი“ — ერთ-ერთი ადამიანის მეტსახელი, რაც „კარგ კაცს“ ნიშნავს, მაგრამ სრულიად საპირისპიროა მისი მატარებელი ადამიანი, თუკი მას შევუპირისპირებთ თუნდაც ვაჟას „კაი ყმის“ კონცეფციას. ეს სიტყვითი კაპიტალი უკვე ვაჭრების ფენის ხელში აკუმულირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, ასევე, გიორგი წერეთლის დამოკიდებულება ვაჭრობის და ვაჭრების თუ კაპიტალიზმის სარგებლიანობის მიმართ. წერეთელი თავისი შემოქმედებით და არა მხოლოდ მხატვრული ტექსტებით, არამედ პუბლიცისტური წერილებით, ცდილობს სოციალისტური იდეები დაამკვიდროს და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება, რაც მიაჩნია ყველა სხვა პრობლემის ამოსავლად, მარქსისტების კვალად, რომლებიც თვლიან, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და ეკონომიკური ბაზისი არის ზედნაშენის საფუძველი. ის სწორედ ამ პოზიციიდან განიხილავს ეროვნულ საკითხს. 1869 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს: „მაშ, მე და შენ მკითხველო, რაღას ვდგევართ გულხელდაკრეფილი, თუ ცხოვრება გვინდა, ღონის მომცემი წამალიც უნდა ვეძებოთ: ფული, ფული და ფული! ცხოვრება არის გაუწყნარებელი ბრძოლა ლუკმა-პურისთვის, სადაც მოგებული ყოველთვის ის არის, ვისაც უფრო ბევრი ფული აქვს...“
ქართული საზოგადოება მზად არ არის ვაჭრების ფენის
მისაღებად და სათანადოდ შესაფასებლად. ამაზე მიუთითებს თუნდაც ბახვასადმი კეთილგანწყობილი
ესმას შეფასება. ესმა, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში, ძალიან ფრთხილად ეკიდება მას
და თვლის, რომ ის არ არის ბახვას შესაფერისი. აქაც მატერიალური ღირებულებები გამოდის
წინა პლანზე.
ბახვა ფულავას პერსონაჟს შეიძლება შევუფარდოთ
ცნება „ცნობიერების მთლიანობას მოკლებული ადამიანი“. ეს ფორმულირება ეკუთვნის აკაკი
ბაქრაძეს და ამის დასტურია თვითონ ბახვა ფულავას შეხედულებათა სისტემა, რომელიც გარემოს
ფასეულობებისგან დიდად არ განსხვავდება, რადგანაც რომანიდან არაერთხელ ჩანს, რომ ბახვას
ჰგონია, თითქოს ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი.
წერეთელი ცდილობს, თავის რომანში იმდროინდელი
საზოგადოების პანორამული სურათი წარმოგვიდგინოს. ამ ამბის გაშლის ფონზე ცდილობს, წარმოადგინოს
იმდროინდელი წინააღმდეგობები, სადაც ადამიანების და, ზოგადად, ქვეყნის ბედს განაპირობებს,
ერთი მხრივ, სამართალი, რომელიც კორუმპირებულია და შეხედულებათა მოძველებული სისტემაა
გააქტიურებული და ადამიანს ოპერირება უწევს ახალი სინამდვილის პირობებში — ახალი პრივილეგირებული
ვაჭრების ფენის, ისევე როგორც სხვა კლასისს წარმომადგენლების მხრიდან ზოგადეროვნული
პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობის და ადამიანებს შორის უნდობლობის პირობებში. სამართლის
დაცვის სფეროში კრიზისის ანატომიის ანალიზისას ერთ-ერთი, რასაც წერეთელი გამოავლენს,
არის მოვლენების მიმართ რელატივისტური დამოკიდებულება.
ძალიან მნიშვნელოვანია განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი,
რუსოისტული ტაბულა რასას საკითხი, რის ილუსტრაციაც რომანში არის იერემია. რომანში,
ყოველ შემთხვევაში დასაწყისში, ის არის ნეგატიური პერსონაჟი, მაგრამ კითხვის პროცესში
მკითხველის პოზიცია მის მიმართ თანდათან იცვლება. საპირისპირო შემთხვევა არის, როცა
ბახვა მკითხველისთვის პოზიტიურ პერსონაჟად წარმოჩნდება თავიდან და მერე ვლინდება, რომ
სინამდვილეში ის სხვების უბედურების ხარჯზე, მაქინაციებით მდიდრდება.
კვლევის მეორე ნაწილი ეთმობა რეალიზმის ლიტერატურის
თვისებურებებიდან რამდენიმე ფაქტორს:
ფსიქოლოგიზმი — პიროვნების შინაგანი სამყაროთი
დაინტერესება, რადგან ამ დროს ეყრება საფუძველი ფსიქოლოგიას, როგორც დისციპლინას;
რეალიზმი, როგორც რომანტიზმზე რეაქცია, მისი ტყუპისცალი,
მონეტის მეორე მხარე;
პოეტიკის დონეზე, რეალიზმის ლიტერატურაში სინამდვილის
და სიზმრის დაპირისპირება. სიზმრები ხშირად გვხვდება წერეთლის რომანში, როგორც დოესტოევსკისთან;
რეალიზმისთვის მნიშვნელოვანია ტიპის, ტიპური გარემოს
და, ზოგადად, ტიპურობის საკითხი;
რეალიზმის დროს ეყრება საფუძველი მარქსიზმს და
ამიტომაც ვინაიდან ის ითვალისწინებს ახალი ადამიანის ფორმირებას, განათლების საკითხს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ახალ რეალობას სხვანაირად განათლებული
ადამიანები ჭირდება;
რეალისტური პროზისთვის მნიშვნელოვანია საშუალო
ფენის ადამიანების შემოყვანა ტექსტში. ისინი მთავარი პერსონაჟები ხდებიან;
რეალისტური ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანია პრესა
და ხშირად რეალისტური რომანები კრიმინალური ქრონიკების საფუძველზე იქმნება.
რეალისტურ რომანში ავტორები ცდილობენ, სიღრმისეულად
ჩაწვდნენ პერსონაჟის ფსიქოლოგიურ სამყაროს, მათი მოქმედების მოტივაციას, მოქმედებებს
და ემოციებს. რეალიზმისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრება, საზოგადოება და სამყარო. ამაში
არის, ალბათ, გარკვეული ლოგიკა, რომ რეალიზმის გაჩენასთან ერთად, ფსიქოლოგია, როგორც
დისციპლინა ყალიბდება. მე-19 საუკუნის ბოლოს ფროიდი არაცნობიერის, სიზმრების და პიროვნების
ბუნებაში არსებული რეპრესირებული სურვილების შესახებ წერდა. ამ პერიოდის და უფრო ადრინდელი
ხანის მწერლები დაინტერესებული იყვნენ ფსიქოლოგიით. ამით აიხსნება რელიზმის ყურადღება
პერსონაჟის შინაგანი სამყაროს მიმართ.
რეალიზმს ადამიანი აინტერსებს არა მხოლოდ მის
სიფხიზლეში, არამედ სიზმრებშიც, ვინაიდან იმ დროს ფორმირების პროცესში მყოფი ფსიქოანალიზისთვის
სიზმრები კიდევ უფრო მრავლისმთქმელი გახდა ადამიანის ბუნების შესახებ, ვიდრე მისი ქმედებები
სიფხიზლეში. ამიტომაა, რომ „პირველ ნაბიჯში“ სიზმრები სინამდვილის ერთგვარი ალტერნატივაა,
როგორც მოსალოდნელი საფრთხის წინასწარი მაცნე, რომელიც რეალობაში ტრანსფორმირებული
სახით ახდება ხოლმე. ამავე დროს, სიზმარი რაციონალურის საპირისპირო მგრძნობელობაზე
მიუთითებს, რომელიც ავსებს ტექსტის მხატვრულ ქსოვილს და გამონაგონი სამყაროს რეალობას.
რეალიზმის ხანის საზოგადოებაც, რომელსაც მოგვიანებით შპენგლერი „ფაუსტური საზოგადოების“
სახელით მოიხსენიებს, რაციოს ეფუძნება და ეს იგრძნობა კიდეც „პირველი ნაბიჯის“ მთავარ
კოლიზიაში. რეალისტური ტექსტების დეტექტიურობა და კრიმინალური ქრონიკის მიმართ მისი
ინტერესი (და სასპენსი, ზოგადად, რაც მკითხველს მუდმივ მოლოდინის ჰორიზონტებს უქმნის)
სწორედ რაციოს უკავშირდება.
რომანი პოლიფონიურია, პერსონაჟები — მრავალშრიანი
და მრავალპლანიანი. მაგალითად, იერემიას და ბახვას შემთხვევაში, ბახვას ვხედავთ აღზევებიდან
დაცემისკენ, ან ეკონომიკური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, რევალვაციიდან დევალვაციისკენ;
ხოლო იერემიას შემთხვევაში — ის დევალვაციიდან რევალვაციისკენ მიდის. მათ შორის, მოთხრობილი
ამბის მომსწრე ადამიანების თვალში მაინც (თუ მკითხველზე არაფერს ვიტყვით, რომელიც თვალს
ადევნებს ამ ამბავს). რომანში ბახვა და იერემია — ორივე დინამიკაში წარმოდგენილი პერსონაჟები
არიან, რაც დამახასიათებელია რეალისტური პროზისთვის, რადგანაც რეალიზმს აინტერესებს,
როგორ ცვლის გარემობებები და გარემო ადამიანს და როგორია ის გარემო, რომელშიც ადამიანი
ცხოვრობს. ტიპური გარემოებები, რომლებშიც მოქმედებენ საუკუნის პირველი ნახევრის რეალისტების
პერსონაჟები, დინამიკით არის სავსე. ისინი იცვლებიან, ყალიბდებიან. მეორე ნახევრის
ნაწარმოებების პერსონაჟების გარემოებები ხშირად სტატიკური და უცვლელია. ეს ამძაფრებს
გამოუვალი მდგომარეობის, ყოფიერების უპერსპექტივობის განცდას. გიორგი წერეთელი, როგორც
პოლიტიკურად ანგაჟირებული ავტორი, სწორედ ამ პერსონაჟების ცვლილების ფონზე ცდილობს
წარმოაჩინოს სოციალური ფონი და საზოგადოების მდგომარეობა და დაანახოს მკითხველს ცვლილების
აუცილებლობა.
Comments
Post a Comment