ნიკო ნიკოლაძე - ფრანგული პრესის დეკადენსი

 

ნიკო ნიკოლაძე
გაზეთს დღეს ყველა კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, უწყებებს აუცილებლად. გაზეთის დილით წაკითხვას ისე მიეჩვია მკითხველი, რომ საუზმეს უფრო შეელევა, ვიდრე ამოჩემებულ გაზეთს. ამ სანაქებო ჩვეულებამ, მილიონობით თუ არა, ასეული ათასობით ადამიანში მაინც გაიდგა ფეხი. ეს მოვლენა ადვილი ასახსნელი გახლავთ. რევოლუციამ ხალხის მასები, ასე თუ ისე, სახალხო საქმის მმართველობას თუ ვერ დაუკავშირა, პოლიტიკური კომედიის პარადის მონაწილედ მაინც გადააქცია, ჯერ ცნობისმოყვარეობა, ხოლო შემდეგ ინტერესი აღუძრა ეროვნული ცხოვრების საქმიანობასა და მოძრაობისადმი, რომელთაც, უწინ, მხოლოდ შემთხვევით, ყურმოკრულად იცნობდნენ.



ყოველდღიური ჯაფით წელგაწყვეტილი და დიდი გაქანების აზროვნებას აკლებად შეჩვეული მშრომელი მასა ახლად აღძრულ ცნობისმოყვარეობას ან ინტერესს მხოლოდ პატარ-პატარა დოზებით, ჭამის დროს იკმაყოფილებდა. ამ პირობებში, რაღა თქმა უნდა, საკითხავი მასალის სიდიდე საქმეს ვერ უშველიდა. მხოლოდ გაზეთი, ყოველდღიური გაზეთი შეეფერებოდა მუშა კაცს. ამიტომაც დააფრინდა იგი გაზეთს. შექმნილს სწორედ მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გაზეთიც ამ პირობის გარეშე ვერ იარსებებდა. ამგვარია დღევანდელი გაზეთის წარმოშობის წყარო და დედაარსი.

აქ თავს იჩენს ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც ყურადღებიან დამკვირვებელს არ

შეიძლება მაშინვე თვალში არ ეცეს და დაუყოვნებლივ შესწავლასაც მოითხოვს. ამა თუ იმ სპეციალისტს ან ხელოსანს, ამოჩემებული გაზეთის ბეჯით მკითხველს, ვერ წარმოუდგენია, თუ შეიძლება სარწმუნო იყოს მისი სპეციალობის შესახებ გაზეთში დაბეჭდილი ახსნა-განმარტებანი და ცნობები. ინჟინერი, მაგალითად, მისი პროფესიის საკითხისადმი მიძღვნილ სტატიას არც წაიკითხავს. ვაჭარი ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს ღიმილით გადაიკითხავს და თხუთმეტ დღეს გასართობად ეყოფა. ოფიცრები, მეზღვაურები, დიპლომატები ხომ ძალიან იშვიათად კითხულობენ, – და ისიც ღმერთმა უწყის როგორი სიცილით, – მათ საქმიანობაზე დაწერილ წერილებს, რომლებიც ქვეყნდებიან ყველაზე სერიოზულ, ან ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად მიჩნეულ გაზეთებში. ერთი სიტყვით, პრესა თითქმის ვერასოდეს ვერ იპყრობს მკითხველების ყურადღებას იმ საკითხებში, რომლებიც სწორედ მკითხველის კომპეტენციას ეხება...

ეს ფაქტები ისევე უთვალავია, როგორც ცაზე ვარსკვლავები; ისინი პრესისადმი პატივისცემას ამცირებენ და უდიდეს ჩრდილს აყენებს მის ავტორიტეტს საზოგადოებაში, რომელსაც იგი, ახსნა-განმარტებების გზით, გონებას უნდა უნათებდეს. თუ პრესა ძალაა, – რაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, – იგი ამ ძალასა და ავტორიტეტს მხოლოდ და მხოლოდ მკითხველთა აზროვნებაზე საკუთარი მორალური და ინტელექტუალური ზემოქმედებიდან უნდა იღებდეს.

ილაპარაკოთ, რამდენიც გენებოთ, მოაგროვოთ მსმენელებიც, განა ეს რამეს ნიშნავს?

მსმენელებს თქვენი სიტყვისა უნდა სჯეროდეთ, თქვენი გულწრფელობისა უნდა სწამდეთ.

იმდენად განათლებულად, იმდენად ძლიერად და კეთილსინდისიერად უნდა გთვლიდნენ, რომ თქვენი ნათქვამი სერიოზულად მიიჩნიონ...

ამგვარად, რაც შეეხება მკითხველთა შორის პრესის მორალურსა და ინტელექტუალურ ავტორიტეტს, შეიმჩნევა, რომ იგი სულ უფრო და უფრო მოჩვენებითი ხდება და ქრება... თუ არსებობს რაიმე მოწოდება, რომელსაც დღევანდელი პრესა თავის განსაკუთრებულ დანიშნულებად თვლის, ეს, უეჭველად, არჩევნებზე გავლენის მოხდენა გახლავთ; ამომრჩევლებზე ხელმძღვანელობა, კანდიდატურათა ხელის შეწყობა და «წაბიძგება» იმ მეგობრებისა, რომლებიც აფინანსებენ და ეხმარებიან გაზეთებს...

თანამედროვე საზოგადოების მიდრეკილების ყოველი გამოვლინება, გემოვნება და

მისწრაფებანი მთელი სიცხადით გვიმტკიცებენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა მიდის და მოდის, ფიქრობს და მოქმედებს საკუთარი შთაგონების მიხედვით და არავითარ ანგარიშს არ უწევს იმ რჩევა-დარიგებას და ჩაგონებას, რომელსაც პოლიტიკური პრესა თავსაყრელად აწვდის. იქნებ გავიხსენოთ, რომ ყველაფერს იმას,რაც ხალხს ამ ბოლო დროს აღელვებდა, აინტერესებდა და იპყრობდა მის კეთილგანწყობილებას, პრესა ულმობლად ებრძოდა და ცილს სწამებდა; აქედან კი შეიძლება დავასკვნათ, რომ დღევანდელი პრესა უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური.

გეტყვიან, რომ ანალოგიური ფაქტები ყოველ დროს ხდებოდა და პროგრესული პრესის გვერდით ყოველთვის და ყველგან არსებობდა მეორე პრესა – ყოველგვარი სიახლისა და პროგრესის მტერიო. ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა ნაკლებ ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რეტროგრადული ან კონსერვატორული პრესა არასოდეს ესოდენ მოკლებული არ ყოფილა ხალხის სიმპათიას და, თავისმხრივ, პროგრესულ პრესასაც ესოდენი კრახი არ განუცდია.

ივლისის მონარქიის პერიოდში «ღეფორმე»-ს ძლიერ ებრძოდნენ, მაგრამ გააფთრებული დამცველებიც არ აკლდა, რომლებსაც სწამდათ მისი და რომლებიც მის დასაცავად სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ. ამ გაზეთის პოლიტიკური მრწამსის უებრო გულწრფელობის წინაშე ხშირად თვით მოწინააღმდეგეებიც კი ქედს იხრიდნენ...

დღევანდელი გაზეთები შოულობენ მყიდველებს, მკითხველებს, ხელისმომწერლებს, მაგრამ საზოგადოება გახდა სკეპტიკური, გაზეთების რჩევადარიგებისადმი – უნდობლად განწყობილნი და ლიდერების მიმართ – ეჭვიანი. იგი კითხულობს, მაგრამ აღარ სჯერა. ეძებს ცნობებს, მაგრამ ნაპოვნ ცნობებს დიდი რწმენით არ ეკიდება; ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დაეხეტება სიბნელეში უმეგზუროდ, ურწმუნოდ, უმნათობოდ, აღარც გზის მაჩვენებელი ჰყავს და აღარც ბელადი და ის რაც პრესამ, ესე იგი დისკუსიათა და მსჯელობათა დიადმა შუქმა, დაჰკარგა გავლენის სახით, სალონების ინტრიგანებმა ან საჯარო შეკრებულებათა მოლაყბეებმა ჩაიგდეს ხელში, ეროვნული ინტერესებისა და თვით საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების დიდად საზიანოდ.

საიდან მომდინარეობს ეს მდგომარეობა, როგორიც იგი ახლაა, რანაირად დაეცა ასე დაბლა პრესა? ახლა სწორედ ამის განხილვას შევეცდებით.

 

II

პერიოდულმა პრესამ, განსაკუთრებით კი ყოველდღიურმა, საფრანგეთში მხოლოდ

რევოლუციის შემდეგ გაიდგა ფესვი. ძველი რეჟიმი მას ვერ აიტანდა. პოლიცია, ცენზურა, წოდებრივი პრივილეგია, ბასტილია და ყოველივე ის, რაც აქედან გამომდინარეობდა, ისეთი ხასიათის იყო, რომ მის თავისუფალ განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. ეს წინააღმდეგობანი გაცამტვერდა იმ დღეს, როცა ძველი რეჟიმის საძირკველი დაინგრა. აი მაშინ დაიბადა პრესა.

მაგრამ საფრანგეთი უკვე გადაქცეულიყო მძაფრ პოლიტიკურ შეჯახებათა მსხვერპლად...

ისინი, ვინც ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ და ვინც, ასე თუ ისე, ჩარეული იყო ამ

ბრძოლებში, ჩქარა მიხვდნენ თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მათთვის პრესას, რაკი მას თავიანთი მიზნებისა და მისწრაფებების სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. ამ ეპოქაში კი, როცა ყოველგვარი ხიდან შვილდისრებს ამზადებენ, შეუძლებელი იყო ასეთი მძლავრი იარაღი უგულვებელეყოთ. ყოველი მხრიდან დაესიენ პრესას, რათა ბრძოლის იარაღად ექციათ იგი.

ამგვარად, პრესა, რომელმაც დაბადება ვერც კი მოასწრო, და რომელსაც საზოგადოება ძლივს იცნობდა, პარტიებს ჩაუვარდა ხელში; პარტიებმა კი მაშინვე გადააქციეს ომის მანქანად, რომელიც განკუთვნილი იყო მათ შეხედულებათა პროპაგანდისათვის და მოწინააღმდეგეთა დასათრგუნავად. ამის შემდეგ პრესის მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა... მთავრობები ერთმანეთს ცვლიდნენ და იცვლიდნენ ფორმებს, შეხედულებებს, მიზნებს, პრესის მიმართ კი ერთნაირ დამოკიდებულებას იჩენდნენ. ყველა ისინი თავიანთი გეგმების განხორციელებისთვის იყენებდნენ პრესას და ამავე დროს ყოველ ძალღონეს, რათა იგი საკუთარი თავისადმი უვნებელი გაეხადათ... არაფერი არ დაუზოგავთ, რათა გაეხრწნათ პრესა და მისთვის პირი აეკრათ. ამასთან, არც თუ კარგად ახსოვდათ, რა სამსახური გაუწია მათ პრესამ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ძალაუფლებას იპყრობდნენ. ამიტომ თვითეული სახელმწიფო ცდილობდა იგი გადმოებირებია და, ცბიერებით თუ ძალადობით, თავის მოწინააღმდეგეებისათვის ეს საშიში დამხმარე ძალა წაერთმია... ამგვარი ვითარების გამო, პრესას ყოველთვის ორი მიმდინარეობა მიაქანებდა ორი, დიამეტრალურად საწინააღმდეგო, მიმართულებით, რომლის თავიდან აცდენა დღესდღეობით თითქმის შეუძლებელი გამხდარა.

იმ დროს, როდესაც ჟურნალისტთა ერთი ნაწილი, ადმინისტრაციულ მფარველობას

დახარბებული, სულითა და ხორცით იცავდა არსებულ ხელისუფლებას და, მისი მესაიდუმლე და რუპორი ხდებოდა, მეორე ნაწილი ემხრობოდა ყველაფერს იმას, რაც მთავრობას ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა გაზეთი გადაექცია დასაყრდენად და ძალად, რომლის დახმარებით სახელმწიფო ძალაუფლებას შეებრძოლებოდა. ვინაიდან ამ ქვეყნად ყოველივე ჯილდოვდება, ჟურნალისტთა პირველი ნაწილი ცხოვრობდა მთავრობის მიერ მინიჭებული პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი, ადმინისტრაციულ მოწყალებას მოკლებული, თავს ინუგეშებდა მკითხველთა და ხელმომწერთა ცოტად თუ ბევრად გაზრდილი რიცხვით, რომელიც საფრანგეთში ხელისუფლებით უკმაყოფილო პრესას არასოდეს არ მოაკლდება...

მეორე მხრივ, საფრანგეთში ოპოზიცია იგივე არ არის, რასაც ვხედავთ სხვა პარლამენტარულ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ინგლისი ან ამერიკა... საფრანგეთში ოპოზიცია მხოლოდ ფარულ მდგომარეობაში არსებობს, გაფანტული, არეულ-დარეული და თითქმის შეუმჩნეველი. აქ თითქმის ყველა ოპოზიციაშია, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე, როგორც მოეპრიანება და როცა მოესურვება. ზოგჯერ დაჰკრავს ჟამი, როცა ყველა მოწინააღმდეგე, ერთი წუთით, საერთო და დიდი მრისხანების შედეგად ერთად ირაზმება. მაშინ თავს იჩენს კრიზისი ან რევოლუცია. მაგრამ დაამარცხებენ თუ არა მტერს, გამარჯვებულნი გაიფანტებიან და ერთმანეთს თმაში ეცემიან... საფრანგეთში არსებობს გაზეთები, ერთნი – მთავრობის უღელში შებმულნი, ხოლო მეორენი – ოპოზიციის სხვადასხვა სახეობისადმი დამორჩილებულნი.

 

III

რომელიმე პარტიისადმი დამონებული გაზეთი ამ პარტიას იმდენად შეიძლება სთვლიდეს თავის დასაყრდენად, რამდენადაც იგი რეალურ სამსახურს უწევს მას... პარტია, რაც უნდა დიდი იყოს იგი, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პატარა ეკლესიაა, აღჭურვილი საკუთარი ფეტიშებით, მკაცრი დოგმებით და მგზნებარე თაყვანისმცემელთა ვიწრო წრით. როგორც ყველა ეკლესიაში, აქაც სუფევს შეუწყნარებლობა, მიკერძოება და წინასწარ აზრის შექმნა საკუთარ თავზე, როგორც განსაკუთრებულ მოვლენაზე. აქ არავინ მსჯელობს, არავინ ეძებს ჭეშმარიტებას, არავინ იღწვის თავად გათვითცნობიერდეს და საკუთარი აზრები სხვას შთაუნერგოს. აქ მრისხანე გუგუნით და ღრიალით თავს ესხმიან განდგომილებს, ანათემას გადასცემენ მათ; აუდიტორიის გულის მოსაგებად ისტორიასა და მოვლენებს ამახინჯებენ...

აი, ამით აიხსნება ის ფაქტი, – ერთის შეხედვით გაუგებარი, – რომ ზოგიერთი გაზეთი მთელ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ მკითხველზე მეტი რედაქტორები ჰყავს, თუმცა ეს ფაქტი გამონაკლისია. საერთო წესი, რომელიც მთელ პრესას ეხება, ორიოდე გამონაკლისით, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: გაზეთებს, მათი წინასწარ გამზადებული პოლიტიკური შეხედულებების შედეგად, ძლივს შეუგროვებიათ იმდენი ხელისმომწერი და მკითხველი, რომ დაფარონ, განცხადებებით მიღებულ შემოსავალთან ერთად, მინიმუმი იმ ხარჯებისა, რომელსაც ყოველდღიური ფურცლის გამოცემა მოითხოვს. პარიზული გაზეთების ეს სავალალო მდგომარეობა ზოგიერთ მათგანს, ხელფეხ გათოკილს, აგდებს ისეთი საზოგადოების განკარგულებაში, რომელთანაც პრესას შეუძლებელია რაიმე ურთიერთობა

ჰქონდეს. როცა ამა თუ იმ გაზეთის ბიუჯეტი, მეტნაწილად, უზრუნველყოფის გარეშე რჩება, გაზეთს იჯარით იღებს რომელიმე ფინანსისტი, თვიურად აფინანსებს მას და გადააქცევს პატარა ფაბრიკად, სადაც ცხვება ადვილად გასასაღებელი ცრუ ამბები, ყალბი მითითებანი, დამახინჯებული ცნობები, რომლებიც აბრიყვებენ ხალხს და აიძულებენ იყიდონ ან გაყიდონ აქციები ისე, როგორც ხსენებული ფინანსისტისათვის, მეორე დღეს, ხელსაყრელი იქნება ბირჟაზე...

პარტია და ფინანსისტი არასოდეს თავს არ შეიწუხებენ და ამაზე მეტს არ მოითხოვენ. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. ამიტომაც, გაზეთის რედაქცია, ჩვეულებრივად, ექვსიოდე ჟურნალისტით კმაყოფილდება, ეს ჟურნალისტები იძულებულნი არიან, რაც მოხვდებათ სწერონ სამყაროში წამოჭრილ ყველა საკითხზე. ერთი და იგივე მწერალი, ორ ან სამ დრომოჭმულ ლექსიკონზე დაყრდნობით... განა შეიძლება გადაწყვიტოს იურისპრუდენციის რომელიმე ურთულესი საკითხი? გამოიგონოს ფილოქსერის მოსპობის საუკეთესო საშუალება? ან კიდევ შეაფასოს ადამიანის აზროვნების ყოველგვარი ნაყოფი? ჟურნალისტები თავიანთი პროზის შეთითხნას ნახევარ საათსაც კი არ ანდომებენ და არაფრად აგდებენ საკითხის შესწავლას, მისი გაცნობის, გაღრმავების აუცილებლობას, თუმცა თავი მიაჩნიათ იმდენად

უზენაეს მსაჯულად, რამდენადაც არა კომპეტენტურნი ბრძანდებიან... განა საჭიროა ითქვას, რომ გაზეთი, რომელიც მხოლოდ ერთ პარტიულ დაჯგუფებას ეყრდნობა და რომელიც არსებობს მკითხველთა ერთი ჯგუფის საამებლად, ხოლო მრავალთა საკითხავად, ვერასოდეს ზნეობრივ ავტორიტეტს და ვერც დიდ ბიუჯეტს ვერ მოიპოვებს? გაზეთი იძულებულია ან საკუთარი სახსრებით იარსებოს, ან უბადრუკი სუბსიდიებითა და დახმარებით ისულდგმულოს. ამიტომ იგი საცოდავად ღაფავს სულს, ბრმად მიჩანჩალებს «ჰავასის სააგენტოს»; ხოლო ცნობებსა და ინფორმაციებს ზოგიერთ მეტად საეჭვო «კორესპონდენციებისაგან» იღებს. ამ წყაროების გარდა მის განკარგულებაშია ექვსიოდე ისეთი მწერალი, რომლებსაც არავითარი პროფესია არ გააჩნიათ. მათ ვერ შეუსწავლიათ, ან არ მოუსურვებიათ შეესწავლათ, რაიმე ხელობა. გაზეთში დამკვიდრებულან, ვითარცა სარწმუნოების მქადაგებელნი...

 

IV

ადამიანს როცა ხელთ კალამი უპყრია და თვლის, რომ საზოგადოებას ესაუბრება, ყოველთვის იპყრობს ცდუნება თავისი თავი მქადაგებლად ჩათვალოს. ძნელია გაუმკლავდე ამგვარ ცდუნებას და ხშირად მისი მსხვერპლი ხდებიან თვით უძლიერესი გონების ადამიანები, კალმის უაღრესად დახვეწილი ოსტატებიც კი. ისინი რჩევა-დარიგებას თავისუფლად აწვდიან მკითხველებს... თუკი ჟურნალისტი-მრჩეველი გარკვეული ნიჭითაც არის დაჯილდოებული, მკითხველი საზოგადოება ბოლოს აღიგზნება ხოლმე მისი აზრის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, უსაზღვროდ გადაჭარბებულ მნიშვნელობას მიაწერს მას და ამ მოხერხებული მრჩეველის მიერ რეკომენდირებული გადაწყვეტილების იქით ვეღარაფერს

ხედავს...

ჟურნალისტები საზოგადოებრივ აზრებს აყალიბებენ და ხანდახან მისგან უნებლიე ქებასაც იმსახურებენ; მაგრამ თუ საჭოჭმანო საკითხებს მკითხველზე, როგორც უდავო აქსიომებს ისე ასაღებენ, სამაგიეროდ, შეცდენას შეჩვეული მკითხველი აქსიომებსაც უსაფუძვლო ჰიპოტეზად იღებს და მის დასაბუთებას მოითხოვს. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ის ნელნელა შეაჩვიონ აზროვნებასა და მსჯელობას, სამუდამოდ უკარგავენ ამის სურვილს.

ჟურნალისტი-მრჩეველის გვერდით ვხვდებით ჟურნალისტ-ტაქტიკოსს. იგი, განსაკუთრებით თუ არა, ზოგადად მაინც მიმოიხილავს თანამედროვე პოლიტიკა. ეს იმგვარი ვაჟბატონია, რომელსაც არაფერში ეჭვი არ ეპარება, ჰგონია ყველაფერი იცის და ყველაფერს წინასწარ სჭვრეტს... ჟურნალისტ-ტაქტიკოსთა ერთად-ერთი მიზანია: პოლიტიკური ცხოვრების ფაქტები და მოვლენები რაც შეიძლება მარჯვედ შეატრიალონ ისე, რომ თავის გაზეთს სარგებელი მოუტანოს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება მისაღებია მისთვის: სახეს უცვლის სინამდვილეს, ამახინჯებს ისტორიას, უმატებს, კვეცავს. ერთ სიტყვასაც არ შეაწევს მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც მის პარტიას ვერაფერს მოუტანს; ხოლო თავისი პარტიისთვის საჭირო მოვლენების მნიშვნელობასა და ღირსებას გადაჭარბებით აქებს და ადიდებს და ა. შ. მას მთელი არსენალი აქვს ყველა ჯურის «სასარგებლო და საწინააღმდეგო»

არგუმენტებისა, რომელთა დახმარებით მას შეუძლია დღეს თეთრად მოგაჩვენოს ის, რასაც გუშინ შავად ასაღებდა... თავსლაფს დაასხამს სრულიად გულწრფელსა და პატიოსან ადამიანს, რომელიც განდგომია ამ ბრძოლას... ჟურნალისტების ასეთი საქციელის მეოხებით საზოგადოებას სულ უფრო და უფრო ეუფლება გულგრილობა და სკეპტიციზმი. იგი თანდათან რწმუნდება, რომ პრესაც, როგორც პოლიტიკა, სხვა არაფერია თუ არა ვულგარული ჯამბაზობა, სადაც ყველაზე მოხერხებულნი ცხელ-ცხელ არგუმენტებს თვალის დაუხამხამებლად ყლაპავენ და სადაც ყველაზე მოქნილნი მოწინააღმდეგეების მიერ გადმოტყორცნილ ყუმბარებს ჰაერში იჭერენ და ოინბაზურად აქრობენ... ჟურნალისტთა შორის პირველი ადგილი დაიჭირა და თანდათან მრავალრიცხოვანი ხდება ლანძღვა-გინების მოყვარული კალმოსნები. მათი მეთოდია უწმაწური სიტყვების ხმარება. ისინი პროვოკატორულად და სრულიად თავზეხელაღებულად აფრქვევენ გაბედულ ფრაზებს, გადმოსცემენ შემოკლებულ ჭორებს; ხალხს თავს ისე აჩვენებენ, ვითომც დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ თავიანთი სიტყვების სიმართლეშიც. მყვირალა

პატრიოტიზმის შესახებ წარმოთქმული ცარიელი სიტყვებით ისინი ქვეყანას ატყუებენ და იმედს ამყარაბენ ზოგის უვიცობაზე, ზოგის ცუდ მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი მასების გულუბრყვილობაზე... ამ ჯურის ჟურნალისტები სწერენ, უპირატესად, ბენტერა, დაუფიქრებელი მკითხველებისათვის, რომელთათვის გაზეთის უკანასკნელი სტატია არის უფლებისა და რწმენის ერთად-ერთი კოდექსი. ამგვარი ჟურნალისტის მთელი ლოგიკა, მთელი მჭერმეტყველება, მთელი ცოდნა იხატება არაკეთილსინდისიერებითა და უსირცხვილო ყალთაბანდობით შეთითხნილი ნაწერების მხოლოდ ქედმაღლურსა და გაბედულ ტონში... მრავალ გაზეთში წარმატება მოიპოვა ჟურნალისტთა ერთმა წყებამ, ჯიშმა, რომელსაც დარვინი სიამოვნებით უწოდებდა «ბუშს». ეს ჟურნალისტი-რეკლამაა, ჟურნალისტი-მოდის შემომტანი, იგი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც დავალებული აქვს

შეაქოს, და სახელი გაუთქვას. ერთ დღეს, დამიჯერეთ, იგი მოგიყვებათ პატარა ამბებს, მეტად უმნიშვნელოს, გულუბრყვილოს. მეორე დღეს, დაუბრუნდება ისევ ამ ამბავს, დაუმატებს წვრილმანს და მარჯვედ, შეუმჩნევლად შემოაპარებს იმ ფირმის მისამართსა და ნომერს, რომელზეც ვითომც და არაფერიაო, ოსტატურად ჩაურთავს ყოველგვარ სიკეთეს და საქმეც გაკეთებულია... სამარცხვინოა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პარიზში ოთხი თუ ხუთი დიდი გაზეთი მხოლოდ ამ ხელობით არსებობს; მათ ღია ცის ქვეშ გამოუფენიათ კალამი და პრესა, გამზადებული ყველაზე მეტი ფულის მიმცემისა და ფასის მომმატებლის სამსახურისთვის.

ესენი გახლავთ ორგანიზებული შანტაჟისა და მოდის შემთითხნი სახელოსნოები...

ჟურნალისტთა ჩამოთვლილ სახეობათა გარდა, შეიმჩნევა ნიჭიერი ადამიანები, უაღრესად პატიოსანი და გულწრფელი, რომლებიც მთელ სიცოცხლეს სწირავენ იმ საქმეს, რომელიც მართალი ჰგონიათ, ან იმ აზრს, რომელიც მართლაც მათი საკუთრებაა. მაგრამ ესენი იმდენად იშვიათნი არიან, რომ იკარგებიან უვიცსა და გულგრილ, უბადრუკ მჯღაბნელების ბრბოში, რომლებიც ჭიაღუასავით ახვევია ყველა გაზეთს... აი, აქ არის ჟურნალიზმის ნამდვილი ბედუკუღმართობა: და ასეთნი გაცილებით მეტია, ვიდრე გგონია; ისინი ათახსირებენ თავიანთ ნიჭსა და ყიდიან თავიანთ ინტელექტს, ემსახურებიან საკუთარი მისწრაფებების უაღრესად საწინააღმდეგო მიზნებს. მიჩვეულნი საზოგადოებრივი აზრის ფალსიფიკაციას,

მგზნებარების ან სიყვარულის სიმულაციას, როცა სრულებით არაფერს განიცდიან,

მიჩვეულნი ყველა საქმის რიგრიგობით მომსახურეობასა და ღალატს, ბოლოს მართლა სკეპტიკოსები და გულგრილნი ხდბიან, კარგავენ ილუზიებსა და რწმენას. როგორც უბადრუკი მსახიობი ადგილს პოულობს მოხეტიალე დასში, ეს ჟურნალისტებიც ისე ემსახურებიან განსაზღვრული «დანიშნულების» გაზეთს, თამაშობენ როლს ყოველ საღამოს; ფარდა ჩამოეშვება თუ არა, ანდა ნომერი გაიშვება თუ არა დაზგის ქვეშ, იწყება დირექტორის დაცინვა ან პირველი როლების შემსრულებელთა გაკილვა. წამოწყების წარმატების ბედი მათთვის სრულიად სულერთია, მათ ხომ თავის დროზე უხდიან ჰონორარს...

აი, ზუსტად ჟურნალისტის ნამდილი ტიპი. იგი მუშაობას იწყებს გაზეთში და მის

პოლიტიკურ ელფერს უსისხლხორცდება. ითვისებს მისი კომპანიის და ამხანაგების აზრებს, სიძულვილს, მოშურნეობასა და პირმოთნეობას. იძულებულია საკუთარი აზრები გაზეთის მიმართულებას დაუქვემდებაროს, გაზეთის მისწრაფებების მიხედვით გააშუქოს მოვლენები. იგი ჩქარა ცოტად თუ ბევრად მოხერხებული დიალექტიკოსი ხდება, ცოტად თუ ბევრად მარჯვე სოფისტი, და იმის მაგივრად, რომ მკითხველებისათვის სიმართლის ძიებას გაჰყვეს, სრული სიმართლისა და მხოლოდ სიმართლისა, იგი თავის თავს ვალდებულად თვლის შეალამაზოს სინამდვილე, დაფაროს, შენიღბოს, ყალბი ცხვირი მიაკეროს. «ყველა სიმართლე არ უნდა ითქვას» – აი, მისი დევიზი. სულ ცოტა ხანიც რომ იმუშაოს ამ მშვენიერ ხელობაზე, მას მაინც მთლიანად ეკარგება ილუზია ყოველივე იმის მიმართ, რის სიყვარულიც შთანერგილი ჰქონდა... ეს, უბრალოდ, დახურდავებული აზრების, მრავალჯერ ნახმარი და გაცვეთილი სიტყვების ცივი პერიფრაზაა, კალმით ნაძალადევათ გადმოცემული, როცა გული სულაც არ ფიქრობდა მასზე.

ყურადღებით გადაიკითხეთ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ან რომელ ლიტერატურულ კაბინეტშიაც გსურთ, ყველა პარიზული გაზეთის კოლექციები და განცვიფრდებით; – თქვენ დაინახავთ, რომ ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც ესოდენ სავსე იყო უაღრესად ტრაგიკული და უაღრესად მნიშვნელივანი მოვლენებით, პრესამ ვერ წარმოშვა ერთი მძლავრი, უანგარო მწერალიც კი, რომელიც შესძლებდა თავისი შემოქმედება განემსჭვალა მწარე გულგატეხილობის გადამდები ძალით, სისხლით გაჟღენთილი საყვედურებით და უკეთესი მომავლისაკენ მიმართული წარმტაცი სურვილებით... ესოდენ ზღაპრულად მდიდარი და გულუხვად მფანტველი საფრანგეთში ყოველივე დაწვრილმანდა, რაქიტული გახდა; აღარც მძლავრი ამოსუნთქვა, აღარც რწმენა, ყველაფერი აღბეჭდილია პოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობით, ყველაფერს დუქნის სუნი ასდის. ასი ნაბიჯიდანვე მოსჩანს ხელოვნური კბილები და ზიზილ-პიპილოები კალმის ყველა რაინდისა, რომლებიც ცხრა პირ ტყავს იძრობენ, რომ თავიანთ გიგანტ წინამორბედებს დაემსგავსონ. და ამ მუყაოს მებრძოლებს ჰგონიათ, რომ საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების მართვას შესძლებენ; და ამ ძალით ფიქრობენ მასზე გავლენის მოხდენას!

 

V

იმისათვის, რომ უკეთესად დავაზუსტოთ ჩვენი აზრი ფრანგული პრესის შესახებ, ზედმეტი არ იქნებოდა ფართე შტრიხებით დაგვეხატა უცხოეთის პრესის ფიზიონომია... ინგლისურ პრესას უმთავრესად ახასიათებს ცივი და სახელმოხვეჭილი მსაჯულის მკაცრი და მიუკერძოებული გარეგნობა. მას ყველაზე მეტად აინტერესებს თავი მოუყაროს ცნობებისა და ინფორმაციების რაც შეიძლება მეტ რიცხვს, არაფერი დაუმალოს საზოგადოებას, მიუდგომლად და გულცივად ასწონდასწონოს ყველაფერი და ამ გზით მტკიცე მოსაზრება შექმნას. ინგლისში საკამათოდ ხდება ჟიურის ვერდიკტი, პარლამენტის გადაწყვეტილება, სამინისტროს აქტები, პარტიების ბელადთა აზრები, თვით სამეფო ოჯახის საქციელიც კი... უამრავი მოწინავე მწერლები და სახელმწიფო მოღვაწენი იძულებულნი გამხდარან მდუმარედ

მოეხარათ ქედი ამ სტატიების წინაშე, რომლებიც მართალია» უმანდატონი» იყვნენ, მაგრამ ვერდიქტის უფლებით იყვნენ მოსილნი. ამგვარ ავტორიტეტს ერთ დღეში ვერ მიიხვეჭ, მის დასამსახურებლად საჭიროა მიუკერძოებელი აზრის, ამაღლებული გონების და დასაბუთებელი რწმენის არაერთხელ გამომჟღავნება... ინგლისური პრესა დიდი ხანია გამსჭვალულია იმ აზრით, რომ პრესის ძალა აუცილებლად უნდა ემყარებოდეს არა ექსცენტრიულობისა და ფანტაზიის არა მყარ საფუძველს, არა ბანალურ ბრძოლათა წარმავალ ვნებებს, არამედ მყარ საფუძველს იმ მოთხოვნილებისა, რომელსაც საზოგადოება უყენებს პრესას: ეროვნული ცხოვრების ყველა სფეროს კეთილსინდისიერი ინფორმაცია და ფართოდ გაშუქება. ჩვენ სრულებითაც არ ვამტკიცებთ, რომ ინგლისური გაზეთების სტატიები ან

მოსაზრებანი ვითომც წმინდაწყლის შედევრები იყოს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ «ინგლისური საზოგადოების თვალში» და ხშირად კონტინენტის საზოგადოებაშიაც, ეს მოსაზრებანი სრულიად სამართლიანად ითვლება და, ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, არავის ეპარება ეჭვი მათ სიწრფელესა და საბუთიანობაში. გაკვრით უნდა აღინიშნოს, რომ ლამანშის გადაღმელი ყველაზე გავლენიანი გაზეთები, ერთგულნი პროგრესული იდეების პროპაგანდისა, არასოდეს არ ემონებიან არც პოლიტიკურ პარტიებსა და არც მათ ხელმძღვანელებს; ყოველთვის ინარჩუნებენ აზრის თავისუფლებას, ხშირად პარტიების ბელადებს, რომელთ თვალსაზრისს იზიარებენ კიდეც, უაღრესად სასტიკსა და სრულიად შეულამაზებელ სიმართლეს ახლიან პირში; მათი ამგვარი მოქმედებით აიხსნება თანამემამულეთა შორის ის უსაზღვრო ავტორიტეტი, რომლის მოპოვებაც მათ შესძლეს.

გერმანულმა პრესამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სიმწიფეს. მან მხოლოდ თავი გამოყო ქვეყანაში და ძნელია ავსახოთ ნაკვთები ამ ბავშვისა, რომლის სახე ძლივს არის გამოხატული... მას ყოველთვის შენარჩუნებული ჰქონდა თუმცა ყბედი, მაგრამ დარწმუნებული პედაგოგის წმინდაწყლის ნაციონალური იერი. იგი სრულებით არ არის ბოროტად განწყობილი და ვერ ბედავს ცოტა შორს გაიხედოს, სულ ზევით ხომ, რაღა თქმა უნდა, ვერ იხედება. იგი ცდილობს მხოლოდ ასწავლოს, გაანათლოს თავისი მკითხველი და მას მოსწავლესავით ექცევა... მას უყვარს ლანდვერმანნ-ის ფორმაში სასაცილოდ გამოპრანჭვა და სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირის იერის მიღება. ოღონდ შერჩა ერთი თვისება – ყოფილი მასწავლებლის გულკეთილობა.

სრულიად მამობრივი მზრუნველობით შეუდგება ხოლმე გერმანული პრესა ინფორმაციების ძებნასა და პოლიტიკურ მიმოხილვას, და მათ შესახებ გრძლად მოუთხრობს თავის ხალხს; ცდილობს გადაუღეჭოს ყველაფერი, რათა კარგად გასაგები გახადოს. ისწრაფვის მის შემოქმედებას სარწმუნოებრივი ხასიათი ჰქონდეს და საერთოდ «აღსარებისაკენ» უფრო მიილტვის, ვიდრე ბრძოლისაკენ... გერმანელი მკითხველი, პატარა გაზეთების წაკითხვით, თანდათან ვითარდება და, შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, პოლიტიკური აღზრდა გერმანიაში, მეტწილად ამ ქვეყნის პრესას ექვემდებარება. ამერიკული პრესა, საერთოდ, წარმოადგენს ანარეკლს თავისი ხალხისა, რომელიც, აჩქარებული და საქმიანი, მთლიანად მოქმედებაზეა გადასული და ხანგრძლივი მსჯელობისათვის ვერ იცლის.

შეერთებულ შტატებში პრესას მიკუთვნებული აქვს უბრალო როლი რეპორტიორისა და მთავარი გაზეთების თითქმის ყველა სვეტი სავსეა დეპეშებით. გაზეთების სტილიც ასევე შექმნილია ელექტროტელეგრაფის მოკლე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ენის მიხედვით...

პრესას მთავარ მიზნად დაუსახავს მიაწოდოს ხალხს, რაც კი შეიძლება, მეტი ყოველგვარი ცნობა და იგი ცხელცხელი ამბებისა და აზროვნების ნედლეულის საწყობათ გადაქცეულა. ხალხი ყიდულობს ამ საქონელს და ისე იყენებს, როგორც სურს. პრესას კი ყველაზე მეტად სურს მოიხვეჭოს თავისი კლიენტურის ნდობა, საქონლის ხარისხისა და მოწოდების სისხარტით. პრესას არაფრად მიაჩნია მკითხველთა აზრი, არც ის, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მისი ცნობები ამა თუ იმ პარტიაზე, ან კაბინეტის ამა თუ იმ წევრზე. იგი პოლიტიკურ ბრძოლებს ზემოდან დასცქერის და აშკარად აქებს და ადიდებს თავის თავს იმის გამო, რომ მთავრობაზე სწრაფად იგებს ცნობებს, აწვდის მას ხალხს და თვით მთავრობასაც...

შეერთებულ შტატებში პროპაგანდა განსაკუთრებით პოლიტიკური მიტინგებისა და

ტურნეების მეოხებით ხდება და პრესას ეკისრება როლი – რაც შეიძლება სხარტად

გამოაქვეყნოს ამ საკრებულოებში ამა თუ იმ აზრით წარმოთქმული სიტყვები. ერთი სიტყვით, რომელიმე იდეის პროპაგანდისათვის და რეფორმის გამარჯვებისათვის მებრძოლი ამერიკული გაზეთები პარტიებს ზემოდან დასცქერიან და არასოდეს არ ივიწყებენ, რომ ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური და მატერიალური ცხოვრება სრულებითაც არ გამოიხატება ამა თუ იმ რეფორმის გამო გამართულ დებატებში... ჰოდა, სწორედ დაქირავებული ადვოკატის როლი აკისრია ფრანგულ პრესას, სწორედ ასეა იგი ჩამოყალიბებული. გაზეთის ამგვარად გამოქვეყნებას დიდი სიმარჯვე სჭირდება, ისევე, როგორც აქედან სარგებლობის მიღებას იმ საქმისათვის, რომლის დაცვაც პრესას უკისრია.

მაგრამ უდავოა, რომ ხალხის უმრავლესობის თვალში პრესის ავტორიტეტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული... მკითხველი კმაყოფილდება მთელი ამ «ხრიკების ოსტატ ადვოკატთა» გაქნილობისა და სიმარჯვის გულგრილი ჭვრეტით და მათ სერიოზულ ანგარიშს არ უწევს. იგი შორსა დგას პრესის მოსაზრებათა მიმართ ინგლისელი მკითხველის თავაზიანობისაგან, გერმანელი მკითხველის პატივისცემისაგან და ამერიკელი მკითხველის ნდობისაგან; ფრანგი მკითხველი კი აღსავსეა უნდობლობით და, რაღა თქმა უნდა, სხვებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ცხოვრების ყველა დარგის მომცველ ზუსტსა და გულმოდგინეთ შედგენილ ანგარიშებს გაზეთში.

დანარჩენი ქვეყნების პრესა წარმოდგენილია ამ სამი ძირითადი ტიპიდან ერთ-ერთის მიხედვით ან სამივესი ერთად, მხოლოდ მეტნაკლები დოზებით. მარტოოდენ საფრანგეთს ხვდა წილად საფუძველი ჩაეყარა მეოთხე ტიპისთვის, რომელიც ხანდახან უცხო ქვეყნებშიც შეიჭრება ხოლმე, თუმცა არც თუ დიდი წარმატებით.

მეოთხე ტიპის შექმნის მიზეზი უნდა ვეძიოთ გალური რასის ნაციონალურ ხასიათში,

საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ როლში, რომელიც ნაძალადევად განეკუთვნა ფრანგულ პრესას. ისიც ვალდებული გახდა ადვოკატის ტრადიციული ფიზიონომიით აღჭურვილიყო, რადგან შეიბოჭა ყურმოჭრილი დამცველის უმადური როლით და იცავს ისეთ საქმეს, ან მოსაზრებას, რომელიც მათ წამომწყებლებს ჭეშმარიტი ჰგონიათ, ან ცდილობენ ასეთად გაასაღონ. ფრანგული პრესა იცავს როგორც მტერს, ისე მოყვარეს, ერთნაირ მჭევრმეტყველებას აფრქვევს კეთილსა და ბოროტს, მოჰყავს მხოლოდ საქმის სასარგებლო საბუთები, ხოლო საწინააღმდეგოს შეუმჩნევლად გაპაარებს, ცდილობს გაამართლოს თავისი კლიენტი და თავსლაფი დაასხას მოწინააღმდეგეს. ამგვარად ფრანგულ პრესას შეუთავსებია ადვოკატის პროფესიის ყველა ბნელი თვისებები...

 

VI

უკვე დიდი ხანია საფრანგეთმა დაჰკარგა ნდობა ყოველგვარი დინასტიისადმი. მას აღარც რელიგიის წარმომადგენლებისა სჯერა; რელიგიამ, დაჰკარგა შეურყვნელი ავტორიტეტი, რომელსაც თავისი სამწყემსოს რელიგიური რწმენა ანიჭებდა. მაღალი წრეები ისე მაგრად ჩაიკეტნენ ბეცსა და ეგოისტურ პოლიტიკაში, რომ სამუდამოდ დაჰკარგეს დაბალ კლასზე ზნეობრივი გავლენის ძალა, მოპოვებული განათლებით, სიმდიდრითა და გამოცდილებით...

პრესა ვალდებული იყო გულწრფელობით, განათლებით, დახმარებითა და უაღრესი

პატიოსნებით, მოეპოვებინა ამ ქვეყნის პატივისცემა და ნდობა. თუ იგი დროზე ვერ მიაღწევს ამ მიზანს, ვერ მოიპოვებს ქვეყნის ნდობას, საფრანგეთი ხელში ჩაუვარდება ყველაზე უმსგავს ანარქიას, მორალურ ანარქიას... მოულოდნელი ამბავი, აჯანყება, სამოქალაქო ან საგარეო ომი ერთ წუთში ძირფესვიანად გააცამტვერებს არსებულ მთავრობას და ქვეყანა უკომპასოდ და უმესაჭეოდ დარჩება... თავისი ერის ერთგვარი ნდობა, რომ დაიმსახუროს პრესა მკითხველის მეგობარი უნდა გახდეს, ღრმად უნდა შთააგონოს ის აზრი, რომ მას არ ატყუებს, არაფერს არ უმალავს და, ბოლოს და ბოლოს, არც არის დაინტერესებული ასე მოიქცეს... მკითხველი დარწმუნებულია, რომ შეუძლია თავის თავს უხელმძღვანელოს და რამდენს მეტს დაუმალავენ

მას, იმდენად უფრო მეტად ჩამოიშორებენ ჩამოყალიბებულ ადამიანებს; ერთგვარი

გამოცდილების მქონე საზოგადოებას არასოდეს სიმართლე არ უნდა შეულამაზო, მხოლოდ სუსტებს უმალავენ არასასიამოვნო ამბებს, მხოლოდ სულმოკლეებს არ ეუბნებიან საფრთხეზე, ამიტომაც, ფრანგ ხალხს, რომელიც მადლობა ღმერთს, არც სუსტია და არც სულმოკლე, აღარ სურს ამგვარად მოექცნენ... ფრანგული პრესის მოქმედების ხაზი დღეს ამგვარი არ გახლავთ და მერე რამდენი აკლია, რომ ასეთი გახდეს. გაზეთების მუდმივი მკითხველები, მათ შორის ისინიც, ვინც მხარს უჭერენ იმ საქმეს, რომელსაც გაზეთი ემსახურება, გაზეთში ნათქვამისადმი არავითარ ნდობას არ ამჟღავნებს. მან იცის, ან გრძნობს, რომ მისი გაზეთის ფურცლებს პოლიტიკური მიზნები ამოქმედებს, რომ ისინი ერთგვარ საომარ ხარკებს წარმოადგენენ, დაწერილნი არიან მოწინააღმდეგის გზის ასაბნევად, პარტიის ძალებისა და განზრახვათა დასაფარავად... ამ ბოლო დროს შეიმჩნევა როგორ დაძაბულ მდგომარეობაშია მოხვედრილი ფრანგული პრესა, მაგრამ არაფერს დაგიდევენ, ჰგონიათ, რომ არსებობს ყოვლისშემძლე წამალი ამ ავადმყოფობისათვის. აქაოდა ფრანგული პრესა აღსავსეა ნიჭიერი, გონიერი და გენიალური ადამიანებით, მეტი რაღა გვინდა, განა ისინი სავსებით არ ავსებენ ამ ნაკლსა და მანკსაო? მართლაც, ვერსად ასე საოცარი სიუხვით ვერ შეხვდებით ამდენ ნიჭიერ და გონიერ მწერალს, რომლებითაც ყელთამდე სავსე პარიზული პრესა. ამასწინათ ერთი გაზეთი იქამდეც კი მივიდა, რომ ამტკიცებდა ამა და ამ პარიზულ უწყებას შეუძლია მარტომ გამოკვებოს მთელი გერმანული, ან იტალიური, რუსული ან ამერიკული პრესის გონებაო. ჩვენ აქ გადაჭარბებულს არაფერს არ ვხედავთ, რადგან პარიზული პრესა ყოველდღიურად ამ ქინძისთავების ჩხვლეტით გამართულ ბრძოლასა და ლანძღვა-გინებიან აყალ-მაყალში, უზარმაზარ ენერგიასა და ნიჭს ხარჯავს. საუბედუროთ, მხოლოდ გონება და ნიჭი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათმა პატრონმა მოიპოვოს სასურველი გავლენა... ფრანგული გონება, რომელიც ოდესღაც ვლინდებოდა დახლართული სიტუაციების გახსნის, არეულ-დარეული იდეების დაზუსტების, მსჯელობათა და არგუმენტაციათა მთელი ხროვის სინათლის სხივით

გაშუქების ხელოვნებაში, დღეს დამდგარია მოლიპულ გზაზე და მიცურავს უხეში

ბუფონადისაკენ... ეს დახვეწილი გონება და გამჭრიახი ნიჭი, რომლითაც უეჭველად

მდიდარია პარიზული პრესა და რომლითაც სამართლიანად ამაყობს იგი. სიამაყის

ნაკლოვანებას კი, რასაკვირველია, ვერ ვუსაყვედურებთ მას. გონებას კი მაშინ გამოიყენებდა უკეთესად, როცა ამ უდავო სიმდიდრის ნაწილს მაინც მოახმარდა სამშობლოს ნამდვილ მიდრეკილებათა ჩამოყალიბებას, მის რეალურ მისწრაფებათა შეჯამებას. პრესას უნდა განესაზღვრა, და ამგვარად უფრო ხელშესახები უნდა გაეხადა ქვეყნის მოთხოვნილებანი, რათა მათი კანონიერი დაკმაყოფილებისათვის პირობები მოემზადებინა... დღეს მას იყენებენ თითქმის ცარიელი ნიადაგის მოსაკოხტავებლად, ფეიერვერკით ხალხის მისაზიდავად...

იდეების, მთელი ინტელექტუალური ცხოვრების შეცვლა, უმიზნო და უსაგნო ფეიერვერკთა მთელი რიგით – ეს არის შექმნა ხელოვნება ხელოვნებისათვის, გახრწნა საზოგადოების გონება და მასში გამოაღვიძო გასართობებისა და სპექტაკლების მოთხოვნილება, რაც უცხადესი ნიშანია ერის მორალური დეკადანსისა და მისი, როგორც გვამის, გახრწნისა.

 

VII

პარიზული პრესით გათვითცნობიერებული მკითხველი, ბოლოს და ბოლოს, საკმაოდ

უბადრუკ შეხედულებას იქმნის თანამედროვე ცხოვრების შესახებ. იგი ყოველ დილით ამაოდ გადაიკითხავს თორმეტიოდე პოლიტიკურ უწყებას და მეტი რა გზა აქვს, თუარა დარწმუნდეს, რომ მთელ სამყაროში არსებობს მხოლოდ საფრანგეთი, მთელ საფრანგეთში კი – მხოლოდ პარიზი და ვერსალია ხალხის ყურადღების ღირსი. პრესა მეტად ნაკლებად არის დაინტერესებული პროვინციით და უცხოეთით; მათ მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა აღსაწერია იქ მომხდარი დიდი პროცესები ან ზეიმები... იქმნება კოალიციები, ომის გეგმები, ყველგან კბილებამდე იარაღს ისხამენ, ემზადებიან აუცილებელი და გადამწყვეტი ბრძოლებისათვის. არავინ იცის, როდის და სად გაღვივდება პირველი ნაპერწკალი, რომელმაც უნდა ააფეთქოს ტყვია-წამალი; ასევე არავინ არის დარწმუნებული, რომ ეს მოხდება ხვალ და საფრანგეთიდან ორ ნაბიჯზე. ამ ვითარებაში ფრანგული პრესა ირჩევს მომენტს და სპეციალურ კორესპონდენტებს გზავნის ბელგიის მეფის, ან ახალგაზრდა ალფონსის კარზე,

იმის ნაცვლად რომ ეს კორესპონდენტები გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში ან რუსეთში ჰყავდეს... ადვილი გასაგებია, თუ რა ძნელია კარგი კორესპონდენტების შოვნა; მაგრამ სწორედ პარიზული პრესა იძლევა საუკეთესო მაგალითს იმისას, თუ როგორი უნდა იყოს ფრანგული უწყების უცხოური კორესპონდენცია. განა, მართლაც, პარიზულმა გაზეთმა «ტემპს» (დრო) არ გამოაქვეყნა მშვენიერი «Lettress ur l’ngleterre» (წერილები ინგლისზე), რომელიც მთელი ქვეყნის ყველა კუთხეში მიჩნეულია ამ ჟანრის შედევრად და პოლიტიკური კორესპონდენციის სრულყოფილ ნიმუშად? რასაკვირველია, აქ საქმე არ ეხება ბატონ ლუი ბლანის პირად მოსაზრებებს, არც მის ტალანტს, არამედ მხოლოდ მისი წერის მანერას, რომელიც ეკუთვნის თავისი ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური ცხოვრების ყურადღებით შემსწავლელ პატიოსან ადამიანს. მას თავს უდვია სამშობლოს გააცნოს ერი, რომლის წარსული ძირფესვიანად შეუსწავლია და რომლის აწმყოსაც გულმოდგინედ ეცნობა, – ინიშნავს, დღიდან დღემდე, ყველაფერს ახალსა და საყურადღებოს. მართალია, შეიძლება ბატონი ლუი ბლანის ერუდიცია ან ნიჭი არ გააჩნდეს ადამიანს, მაგრამ კეთილი ნების ყოველ კაცს, კეთილსინდისიერ ყოველ მწერალს შეუძლია დამაკმაყოფილებლად შეასრულოს კორესპონდენტის მისია მსგავსად «ლეტტრეს სურ ლ’ ნგლეტერრე» –ისა; ეს წერილები ერადერთი ნიმუშია იმისა, თუ რა არის საჭირო და აუცილებელი საფრანგეთის კეთილდღეობისათვის.

მაშ, დავსვათ სრულიად უბრალო კითხვა: ამჟამად პარიზში არსებობს თუ არა უამრავ,

ეგრეთწოდებულ პოლიტიკურ, გაზეთებს შორის, ერთი უწყება მაინც, რომელსაც მსგავსი კორესპონდენტები ჰყავს გერმანიაში, რუსეთში, იტალიაში ან ავსტრიაში, ამ ოთხ ქვეყანაში, რომელთა რეალური ძალისა და სავარაუდო განლაგებათა ზუსტი ცოდნა ყველაზე მეტად სჭირდება საფრანგეთს? უარყოფითი პასუხი უკვე ყველას მოსდგომია ენაზე და ამიტომ ზედმეტია მის უგულვებელსაყოფად საბუთების მოძებნა. მაგრამ აღნიშნული გარემოება სრულებითაც არ გვანთავისუფლებს ამ ფაქტის შედეგების გამოკვლევისაგან.

ფრანგულ გაზეთებს, რომ თავის განკარგულებაში ჰყავდეს ხუთი ან ექვსი კორესპონდენტი, რომელიც კეთილსინდისიერად შეასრულებდა ბ-ნ ლუი ბლანის მიერ ასე კარგად დასახულ პროგრამას, ფრანგი ხალხი ჩქარა გაიგებდა საოცარ ამბავს, რომელიც უცხოეთის შესახებ მის ჩვეულებრივ შეხედულებას ძირფესვიანად შეატრიალებდა. თუ თავს ოდნავ შეიწუხებთ და ჩაფიქრდებით, ცოტაოდენი წარმოდგენის შექმნა მაინც შეიძლება იმ ზოგიერთ მოსაზრებაზე, რომელსაც ჩვენ არც თუ თანმიმდევრულად გადმოვცემთ.

დაახლოებით ოცდახუთი წელია, რაც საფრანგეთმა საგრძნობლად შეანელა სვლა პროგრესის გზით... საფრანგეთი ჩაეფლო თავისი სიდიადის ჭვრეტაში. ადვილ გამარჯვებათა გადაჭარბებული გამოძახილი ასე იყო, თუ ისე აყრუებდა ერს, რომელმაც ვერ შეძლო შეემჩნია, ბრძოლათა კორიანტელსა და ხიშტების ტყეებში, რომ მისი მეცნიერება გაპარტახდა და ლიტერატურა სხვენში გადასახლდა. ხედავდა რა თავის სამხედრო ძლიერებას და ესწრებოდა რა მიღწეულ წარმატებათა გამო მოწყობილ ილუმინაციებსა და სამადლობლო პარაკლისებს, ფრანგი ხალხი განიმსჭვალა აზრით, რომ იგი ერთადერთი ღირსეული ერია, რომლის დანახვისათვის, გაცნობისათვის და შესწავლისათვის ღირდა თავის შეწუხება. ახალი ნარცისი ტკბებოდა მის საამებლად მომზადებულ წყლებში მზერით, როცა უცბად მოვლენებმა დაუმტკიცს, რომ თუ იგი ერთადერთი თაყვანსაცემი მზეთუნახავი ბრძანდებოდა, არსებობდა სხვაც – მასზე უფრო ძლიერი და მარჯვე... გერმანელებმა იმიტომ კი არ გაიმარჯვეს, რომ უფრო მრავალრიცხოვანნი იყვნენ, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ემზადებოდნენ, როცა საფრანგეთი არაფერს აკეთებდა ან თითქმის არაფერს... მთელი იმ ხნის განმავლიბაში, რომელიც საფრანგეთში გამოიყენეს ხალხის გონების ჩასახშობად და ქვეყნის ინტელექტის დასაჩლუნგებლად, გერმანია იღვწოდა რაც შეიძლება მეტი ძალა და განათლება შეეძინა. იგი წინ მიიწევდა, როცა საფრანგეთი ერთ ადგილას ტორტმანობდა და, უაღრესად გამხრწნელ მთავრობასთან ერთად, ფეიერვერკებით ერთობოდა. აი, რატომ მოხდა, რომ, ყველა მიუდგომელი დამკვირვებლის თვალში, საფრანგეთის ბედუკუღმართობა უცაბედი, უბედური და უშედეგო შემთხვევა კი არ არის, არც მოულოდნელობა, არამედ სრულიად რეალური ნიშანი საერთაშორისო, ან შეიძლება ინტელექტუალური, ღერძის გადანაცვლებისა, რაც თანდათანობით მიმდინარეობს და იგი ერთხელაც იქნება საბოლოოდ გადაინაცვლებს, თუ საფრანგეთი ზომებს არ მიიღებს და წესრიგს არ დაამყარებს...

 

VIII

მთელი ახალი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ყალბ საფუძველზე დგას ევროპაში, – ძველ ქვეყანაში, რომელსაც გადუწყვეტია სიკვდილს თავი დააღწიოს სახეცვლილებათა მთელი წყებით და თანმიმდევრული გაახალგაზდავებით... ამასთანავე, ევროპამ საფრანგეთიდან გადაიღო ყველაფერი ის, რაც უფრო გაბედული და ნაყოფიერი იყო მოქნილი აზრებიდან და ინტელექტუალური აღმოჩენებიდან. ფრანგი ნოვატორების დიადი და ღრმა იდეები უცხოელმა რეფორმატორებმა მიიღეს და განახორციელეს...

 

IX

რაო გვეტყვიან, ეს ხომ საკუთრივ პოლიტიკა არ არის, პოლიტიკურ გაზეთებს თავისი საქმეც ბევრი აქვთ, სად სცალიათ შეიჭრან ეკონომიკის, ან პედაგოგიკის დარგში.

ვაი, რომ პოლიტიკა ძველი დროის შემოღობილი ველი აღარ არის, მოთავსებული სივრცეზე, რომელიც მეფის სასახლეს მინისტრთა სასახლიდან, ან წარმომადგენელთა პალატიდან მიჯნავდა... ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ანგარიშგასაწევია გაზეთების დამოკიდებულება საშინაო პოლიტიკის მიმართ, ამიტომაც საგარეო პოლიტიკიდან დაშორებულ მაგალითს ავიღებთ, – რადგანაც საგარეო პოლიტიკის მიმართ ყველა გაზეთი ერთნაირ აზრს გამოსთქვამს და ერთნაირად განიხილავს მას. უკანასკნელი ომის შემდეგ,  მთელმა პრესამ თვალი მიაპყრო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც მოწოდებულია, მომავალში, საფრანგეთის მოკავშირე გახდეს პრუსიის წინააღმდეგ. ეს წინასწარმეტყველება თუ გამართლდა, საფრანგეთი, რასაკვირველია, დიდად მოგებული დარჩება. ფრანგული პრესა, თუმცა მან თვითონვე აღმოაჩინა თავისი ქვეყნისთვის ეს ახალი მოკავშირე, მაინც მიუდგომლად უნდა ამოწმებდეს – იქნებ ეს მოჩვენებითი აღმოჩენაა და გავფრთხილდეთ, არ შევქმნათ მირაჟი, რომლის ილუზია ფრანგულ პოლიტიკას სახიფათო და გამოუსწორებელ მარცხს განუმზადებსო... მომავალ ომში რუსეთი აუცილებლად ბუნებრივი მოკავშირე გახდება საფრანგეთისა გერმანიის წინაარმდეგ; რჩება კიდევ ერთი ნაბიჯი, შეიძლება რუსეთმა თავის ძალა და ცდა არა გერმანიის წინააღმდეგ უნდა მიმართოს, არამედ ავსტრიის ან თურქეთის წინააღმდეგ... მაშ, ასე, მეგობარო მკითხველო, განა თქვენთვის ოდესმე დაუნახვებიათ ბნელი ღრუბლები საფრანგეთისა და რუსეთის მომავალი კავშირის სურათის ფონზე?არა, იმიტომ,

რომ გერმანიის დაჩრდილვა სურდათ. ერთ დღეს, საკუთარი თვალებით შენიშნავთ, თუ ცივი შხაპების როგორ კოკისპირულ წვიმას დაუშვებს ეს ღრუბლები გაზეთების მიერ შექმნილ თქვენ ყალბ ილუზიებზე, და მაშინ, კიდევ ერთხელ, შეამჩნევთ, თუ რამდენად აუცილებელია, რომელ ქვეყანაშიც გნებავდეთ, პრესა კეთილსინდისიერად იყოს გამოცემული და გონივრულად გათვითცნობიერებული ყველა იმ საკითხში, რომელიც ქვეყნის აწმყოსა და მყოფადს ესაჭიროება. ინებოს ღმერთმა, რომ იმ ერთ დღეს შეცდომა გამოუსწორებელი არ აღმოჩნდეს!... კიდევ ერთი შენიშვნა ფრანგული პრესის როლის შესახებ საგარეო საკითხებში...

ფრანგული პრესა თითქმის უცნობია უცხოეთში, რაც თავისუფალ სარბიელს უქმნის იქაურ გაზეთებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ აქ მათ არავინ შეამოწმებს ისევე, როგორც პარიზში, სადაც არავინ კითხულობს ამ გაზეთებს, და ვერავინ გამოააშკარავებს მათ სიცრუეს.

უცხოური გაზეთები უმიზეზოდ აგროვებენ საფრანგეთისადმი მიმართულ ცილისწამებასა და სიცრუეს, შეურაცხჰყოფასა და ბრალდებებს.

 

X

ამ ურცხვი საფრთხისა და ამგვარი მდგომარეობის წინაშე ფრანგული პრესა მართლაც

შემაძრწუნებელ პოლიტიკურ სიბეცესა და თვალთახედვის სივიწროვეს ამჟღავნებს... თითოოროლა გაზეთმა, რაკი შეამჩნია საფრანგეთში თეატრების სხვა კულისებიც არსებობსო... თავი ისე წარმოიდგინა, ვითომც ახალი ქვეყანა აღმოეჩინოს... განა ეჭვი ვინმეს ეპარება, რომ პარლამენტური და თეატრალური საფრანგეთის გარდა არსებობს სხვა საფრანგეთიც, რომელიც აზროვნებს, მუშაობს, ეძებს გზას, ჰქმნის და, უფრო მეტად კი, იტანჯება? ამ უცნობი საფრანგეთის ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში ნიადაგ ხდება სხვაგვარად საინტერესო ამბები...

დღევანდელი პრესის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს არსებული მთავრობის კრიტიკა, ან დაცვა. ერთადერთი მოსაზრება, რითაც იგი ხელმძღვანელობს, შემდეგია: თუკი საჭიროა რომელიმე რეფორმის, ან გაუმჯობესების სასარგებლოდ ქადაგება, მოდი, ჩვენ შევთავაზოთ იგი ხალხს და ჩვენვე ვისარგებლოთ მისი შედეგებით, როცა დღევანდელი გაჩაღებული ბრძოლის მიზანს მივაღწევთ... მთელი პრესა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სამსახურში ჩამდგარა და ვერც მკითხველების, ვერც საზოგადოების და ვერც ქვეყნის კანონმდებლობის საშუალებით, ვერ მიუღწევია ყველაზე გადაუდებელი და სასარგებლო რეფორმების ჩატარებისათვის, რაც მრავალი წლის წინათ განახორციელეს სხვა ქვეყნებმა და რამაც უკვე საუკეთესო შედეგები გამოიღო... პოლიტიკური პარტიებისადმი დაქვემდებარებული პრესა თავის ღირსებასა და მორალურ ავტორიტეტს იმდაბლებს და მას ყოველგვარ საფრთხეს უმზადებს, ამით პრესა საკუთარ არსებობასაც უქმნის საფრთხეს. არავის უკვირს, რომ ესა თუ ის მთავრობა იჭურვება არსებობის უფლებით და იმ უფლებითაც. რომ მოწინააღმდეგე გაანადგუროს და განაიარაღოს. «ეს ომის კანონიაო», – ამბობენ. ამიტომაც ყოველგვარი აღშფოთებისა და პროტესტის გარეშე ხვდებიან მთავრობების მიერ ოპოზიციაში მდგომი გაზეთების გაუქმებას ან პრესის საწინააღმდეგო ყოველგვარი რეპრესიული კანონების შექმნას, რომელთა მეოხებითაც ენას ჩაუგდებენ ხოლმე პრესას, ხშირად ამუნჯებენ კიდეც ან მონად გადააქცევენ...

პრესის ვალია მთელი ძალღონე მოიკრიფოს და ის პაწაწა თავისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენია, აღარ შეარცხვინოს, ნაწილობრივ დაიპყრას არა მხოლოდ წარმავალი შეღავათები, არამედ გულწრფელად ლაპარაკის ფორმალური უფლებაც... ნამდვილი პრესა, რომელიც მათ ამოწმებს და არ აძლევს ფაქტების დამახინჯებისა და სიმართლის ფალსიფიკაციის ნებას; ეს პრესა არცერთ პარტიას არ ემსახურება და მას არავინ არ წაიკითხავს და არც არავინ დაუჯერებს, სანამ უამრავი საბუთებით არ მოიპოვებს პატიოსანი, მიუდგომელი და პოლიტიკური ალღოს მფლობელის რეპუტაციას...

 

XI

დროა ეს მდგომარეობა საბოლოოდ შეწყდეს და ფრანგული პრესა განთავისუფლდეს

ნებაყოფლობითი მონობიდან, რადგანაც საკუთარი მორალური გავლენისა და მატერიალური კეთილდღეობის ნგრევასთან ერთად, სერიოზულ ზიანს აყენებს თვით საფრანგეთის ინტერესებსა და მომავალს. დროა, მოიცილოს უღელი ზოგიერთი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტრიგანისა და პატივმოყვარისა, რომლებიც მას მოხერხებულად იყენებენ საზოგადოების აზრთა ფალსიფიკაციისათავის... ოთხმოცი წელიწადია, რაც პრესას ფრანგი ხალხის დასამორჩილებლად იყენებენ. პრესა მიეჩვია ამ ხალხს უკარნახოს თავისი აზრები, მიდრეკილებანი, ნება-სურვილი და ლოზუნგები. პრესამ გამოიყენა ყველა თავისი ხლართები, რომლის დახმარებითაც საზოგადოებას ხანდახან თავის თვალსაზრისს შთააგონებდა ხოლმე, ან თავს ახვევდა. დღეს, როდესაც საზოგადოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მან თავი დააღწია ამ ხლართებსა და ამ როლსაც გამოემშვიდობა... ამ აუცილებელი საფრთხის თავიდან

ასაცილებლად, პრესას მხოლოდ ერთი გზა დარჩენია – უარი თქვას ყოველგვარ პატარ-პატარა პოლიტიკურ ხრიკებზე, დაივიწყოს მთელი თავისი ინტრიგები და ცილისწამებანი, თავიდან მოიშოროს არაკეთილსინდისიერება და პრეტენზიები, ერთი სიტყვით, აღარ იფიქროს, რომ მისი ამოცანაა საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის «მართვა». ეს ამოცანა აშკარად აღემატება მის ძალებსა და მის დანიშნულებას...

 

ბროშურად დაიბეჭდა პარიზში ფრანგულ ენაზე 1875 წელს. ფრანგულმა გაზეთმა „ფრანსემ“, რომლის რედაქტორი იყო ცნობილი პუბლიცისტი ემილ ჟირარდენი, 1875 წ. 30 აგვისტოს

ნომერში გადაბეჭდა ამ ბროშურის დიდი ნაწილი

Comments