მარიამ გიორგაშვილი - ქართული საბავშვო ლიტერატურის ფორმირება
(მოკლე რეზიუმე)
სტატია „ქართული საბავშვო ლიტერატურის ფორმირება“ სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებებზე დაყრდნობით პასუხობს კითხვებს, თუ რა არის საბავშვო ლიტერატურა, რა ფუნქცია აქვს მას და რითი განსხვავდება ბავშვი მკითხველი ზრდასრულისგან. აღნიშნულია, რომ ხშირად საბავშვო ნაწარმოებების დანიშნულება ესთეტიკურ, თერაპიულ და კომერციულთან ერთად, აღმზრდელობითიცაა. თუმცა რიგ შემთხვევაში ჭირს მკაფიო ზღვრის გავლება და კლასიფიკაცია ტექსტებისა, როგორც საბავშვო და არასაბავშვო. ბავშვი მკითხველი გამოუცდელია, მის ყურადღებას დინამიკური სიუჟეტი, მისივე თანატოლი პერსონაჟის ამბავი და მარტივი ლექსიკა იპყრობს. შესაძლოა, სწორედ ამიტომაცაა ქართული საბავშვო ლიტერატურის გარიჟრაჟზე ნოველა, მოთხრობა და მინიატურა ცენტრალური ჟანრი.
სტატიის მეორე ნაწილი ეთმობა ბავშვისა და ბავშვობის
ცნების გააზრებას დიაქრონულ ჭრილში, რაც, თავის მხრივ, მეტად გასაგებს ხდის, როდის
და რატომ ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში საბავშვო ლიტერატურა, როგორც ცალკე
მიმართულება. ბავშვების, როგორც მხატვრული ლიტერატურის მკითხველთა ცალკე აუდიტორიის
ფორმირებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და გეოგრაფიული აღმოჩენების
გარდა, ხელი შეუწყო საერო განათლების ჩამოყალიბებამ და სეკულარიზმის გაძლიერებამ
XVII საუკუნეში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ჟან ჟაკ რუსოსა და ჯონ ლოკის ნაშრომებმა
შეასრულა. საბავშვო ლიტერატურის ოქროს ხანა კი რომანტიზმის ეპოქას ემთხვევა, როდესაც
ხდება თავად ბავშვობის კონცეპტის ხელახალი გადააზრება, რომანტიზება, ჩნდება ახალი ჟანრები
და ავტორები, რომლებიც აგროვებენ ან თავად ქმნიან ზღაპრებს ბავშვებისათვის (შარლ პერო,
ქრისტიან ანდერსენი, ძმები გრიმები).
სტატიის მესამე ნაწილი ქართული საბავშვო ლიტერატურის
ფორმირებას ეთმობა. საკითხი განხილულია ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობების მაგალითზე.
საქართველოში საბავშვო ლიტერატურის ჩამოყალიბება რეალიზმის ეპოქის წიაღში ხდება. ესთეტიკურისა
და აღმზრდელობით დანიშნულებასთან ერთად მას აქვს განსაკუთრებული სოციალური მახასიათებელი.
საბავშვო მოთხრობების მთავარი პერსონაჟები ღარიბი, უბრალო ხალხია, რომლებიც გადარჩენისთვის
იბრძვიან, თუმცა ბრძოლისას ათასგვარ უსამართლობას აწყდებიან, განიცდიან სისტემურ ჩაგვრას
როგორც ტრადიციული არისტოკრატიისგან, ასევე ახალგაჩენილი ვაჭართა სოციალური ფენისგან.
საბავშვო ლიტერატურის ფორმირების პროცესს ემთხვევა ქალთა გავლენის ზრდა ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში, მათ შორის ლიტერატურულ საქმიანობაში. ქალი, როგორც დედა და პედაგოგი მნიშვნელოვან
როლს ასრულებდა ბავშვის აღზრდის პროცესში, რამაც საბავშვო ლიტერატურის შექმნის პარალელურად
ბუნებრივად გამოიწვია ქალი ავტორების გამოჩენა. პირველი ქართული საბავშვო ჟურნალების,
„ჯეჯილისა“ და „ნობათის“ დაარსებაც სწორედ ქართველი ქალი საზოგადო მოღვაწეების სახელს
უკავშირდება. ხალხოსანი მწერლების მიერ შექმნილი საბავშვო ტექსტები ტრაგიკული სიუჟეტების
სიუხვით გამოირჩევა, რაც მის თერაპიულ ფუნქციასთან ერთად სოციალური უსამართლობის კრიტიკითაცაა
განპირობებული. სტატიაში განხილულია ეკატერინე გაბაშვილის რამდენიმე მოთხრობა („მაგდანას
ლურჯა“, „თინას ლეკური“, „უსინათლო ლექსო“, „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს“),
ასევე ნიკო ლომოურის „ალი“, რომელთა ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია ქართული საბავშვო
ლიტერატურის ადრეული ხანისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანი - რეფლექსია თანამედროვე
სოციალურ პრობლემებზე (კლასობრივი სხვაობით გამოწვეული ჩაგვრა, სისტემური ჩაგვრა, განათლების
საკითხები, სიღარიბე), რაც ემპათიას აღძრავს არა მხოლოდ პატარა მკითხველებში.
Comments
Post a Comment