გაგა ლომიძე - „ქრისტინე“ სოციო-პოლიტიკური პარადიგმის ცვლილებების გზაჯვარედინზე

(მოკლე რეზიუმე)



ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინე“ იმის გარდა, რომ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები იყო, არაერთი თვალსაზრისითაა საგულისხმო. მასში თავმოყრილია იმ საკითხების/თემების დიდი ნაწილი, რომელიც აქტუალური იყო ე.წ. „მესამე დასელებისთვის“ თუ, ზოგადად, მე-19 საუკუნის მემარცხენე მწერლობისთვის. მაგრამ ამავე დროს, შეიძლება ის რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინის ერთგვარ ნიმუშადაც ჩავთვალოთ და ჰიპოთეტურად მაინც დავსვათ კითხვა ამ მოთხრობაში მოდერნისტული პროზისთვის დამახასიათებელი (თუნდაც ჯერ კიდევ მკრთალი) ტენდენციების არსებობის შესახებ — ამ შემთხვევაში საგულისხმოა სიზმრების მიმართ ავტორის განსაკუთრებული ინტერესი. ეს მოთხრობა სამი თვალსაზრისითაა განხილული: (i) ლიტერატურის ეკონომიკური კრიტიკის, ან ახალი ეკონომიკური კრიტიკის პოზიციიდან, რაც გულისხმობს ტექსტში ეკონომიკური მოვლენების და პრობლემების გამოვლენას და ანალიზს და რაც ამ ტექსტს ამგვარი მიდგომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის; (ii) რეალისტური პროზის პოეტიკის და თხრობის თვალსაზრისით, რაც მოთხრობაში რეალისტური პროზისთვის დამახასიათებელ მთელ რიგ ნიშნებს წარმოაჩენს (დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება, ყოვლისმცოდნე ავტორის პოზიცია, ფსიქოლოგიზმი, მეორეხარისხოვანი პერსონაჟების წინა პლანზე გამოყვანა და ა.შ.); და (iii) ფემინისტური კრიტიკის პოზიციიდან, რაც ტექსტში „ქალების ხმების“ თავისებურებების გამოვლენას ითვალისწინებს.

ნინოშვილის მოთხრობაში კაპიტალისტური ლოგიკის თანახმად, შრომა და ამ გზით თავის რჩენა ქალაქური ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ქრისტინეს მსგავსი „შრომა“ მოთხრობაში ნეგატიური თვალსაზრისითაა წარმოდგენილი (პერსონაჟების პოზიციიდან მაინც და როგორც ეს ნინოშვილს, როგორც „მესამე დასელს“ შეეფერებოდა) — წმინდად მომხმარებლური და არა რაიმესთვის სასარგებლო საქმიანობა. ამაზე მიუთითებს ქრისტინეს მფლანგველობა — მთელ ფულს, რომელსაც ის გამოიმუშავებდა დუქნებში ხარჯავდა. ამგვარი ანტიკაპიტალისტური ეთიკა თუ ლოგიკა ალბათ მოუმზადებლობას უკავშირდება და შეიძლება მომდინარეობდეს იმ საერთო განწყობიდან და დამოკიდებულებიდან, რასაც ეგნატე ნინოშვილი სოფელში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ არსებული მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნავს: „მუშაობა და მეტადრე მიწის მუშაობა დიდი სათაკილო საქმეა სოფლელ ხალხის თვალში“. ამის გამო, დიდგვაროვანი ახალგაზრდებისთვის შრომა სამარცხვინოა და ამიტომაც ბევრი მათგანი უსაქმურობას და მხოლოდ გართობაზე ორიენტირებას  გაკოტრებით ამთავრებს.

ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ რეალისტური პროზისთვის დამახასიათებელ არაერთ ნიშანს აერთიანებს. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ისაა, რომ აქ წინა პლანზე გამოდის:

ა) ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი პრობლემით, ვინაიდან სწორედ ამ ადამიანების პრობლემების აქტუალიზება მიიჩნევა რეალისტური პროზის ერთ-ერთ თავისებურებად.

ბ) სივრცის თვალსაზრისით, ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში“, რეალისტური პროზისთვის დამახასიათებელი ნიშნების შესაბამისად წარმოგვიდგენს სოფლის და ქალაქის პანორამულ სურათს. დროის თვალსაზრისით კი, ვინაიდან თხრობას ე.წ. ყოვლისმცოდნე ავტორი წარმართავს, რეტროსპექტულია, ვინაიდან ავტორმა წინასწარ იცის, როგორ დასრულდება მისი ნაწარმოები და „მომავლის პერსპექტივიდან“ მოგვითხრობს ამბავს. იმავდროულად, მისთვის დროში გადაადგილება და ისე თხრობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა თხრობა, არსებითად, ხაზოვანია და დროის ერთ ჯაჭვს მისდევს (პერიოდულ რეტროსპექციებს თუ არ ჩავთვლით).

გ) რეალისტური პროზის ენა მაქსიმალურად დაახლოებულია ხალხურ, სასაუბრო ენასთან. ასევეა „ქრისტინეშიც“, რადგან ამ ტიპის პროზა მკითხველების ფართო მასაზე იყო გათვლილი. სოციალური თვალსაზრისით კი, საშუალო ფენის გაჩენა იმასაც გულისხმობდა, რომ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანების რიცხვი იმატებდა და განათლება მხოლოდ მაღალი ფენების პრივილეგიად აღარ ითვლებოდა. ამიტომ, ის იდეები, რის გატარებასაც მწერლები თავიანთ ტექსტებში ცდილობდნენ, ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა ყოფილიყო ბევრი ადამიანისთვის.

დ) დეტალებზე ყურადღების გამახვილება, რასაც „ქრისტინეში“ ხშირად გარემოს აღწერისას ვხვდებით ხოლმე, რეალისტური პროზისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია.

ე) „ქრისტინეში“ წარმოჭრილია არაერთი სოციალური პრობლემა და ნებისმიერი საკითხი, რომელიც წინა პლანზე გამოდის, მაინც უკავშირდება და კონცენტრირდება ერთ მთავარზე — სოციალურ ვითარებაზე, რომელიც ქართულ სოფელში/ქალაქში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ 1880-90-იან წლებში შეიქმნა. ყველა დანარჩენი თემა (ქალებისადმი დამოკიდებულება, ზნეობრივი საკითხები და ა.შ.) მოთხრობაში გვერდითია და მხოლოდ დამატებით ფუნქციას ასრულებს.

ვ) „ქრისტინეში“ პერსონაჟების ამბავი ყოვლისმცოდნე ავტორის პოზიციიდანაა გადმოცემული.

ზ) „ქრისტინე“ გამოირჩევა სინამდვილესთან მსგავსების თვალსაზრისით, რაც რეალისტური პროზის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ავტორი ამას დეტალიზების, სასაუბრო ენის, თანამედროვე საზოგადოების სოციო-პოლიტიკური საკითხების აქტუალიზების თუ სხვადასხვა მხატვრული საშუალებით ახერხებს. ამ გაგებით, „ქრისტინე“ რეალური სამყაროს ილუზიას ქმნის თხრობის და მკითხველისთვის ნაცნობი სამყაროს/გარემოს ასახვის გზით. ამიტომაც, ამგვარი თხრობა შემოიფარგლება რეალური სამყაროს გამოცდილებით და მისი ცნობიერი გაგებით.

თ) რეალისტური პროზის ერთ-ერთი თავისებურებაა ფსიქოლოგიზმის აქტუალიზება, რაც ნინოშვილის მოთხრობაში პერსონაჟის ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოჩენასთან ერთად, სიზმრების სახითაც ვლინდება.

ნინოშვილის „ქრისტინე“ იძლევა ცდუნების საკმაო საბაბს, რომ ის ფემინისტური კრიტიკის პოზიციით განვიხილოთ. საგულისხმოა, რომ „ქრისტინე“ არის ერთ-ერთი პირველი პროზაული ტექსტი, სადაც ქალი პერსონაჟის ხმა სრულყოფილად ისმის. ამას წინ უსწრებდა მემარცხენე და ე.წ. ხალხოსანი მწერლების შემოქმედებასა თუ პუბლიცისტიკაში ქალთა თემებზე დისკუსიები. თუმცა მოთხრობის მთავარი მოტივი არ არის ე.წ. ფემინისტური საკითხი, არამედ ის უფრო მეტად უფრო გლობალური პრობლემის გვერდითი სიუჟეტია და იმ პერიოდში სოციალურ ფენებს შორის არსებული კონფლიქტის თუ ქალაქისა და სოფლის მორალის დაპირისპირების და კაპიტალისტური ლოგიკის ნეგატიური კუთხით წარმოჩენას ითვალისწინებს. აქ მთავარი აქცენტი სწორედ ამ უთანხმოებაზეა გადატანილი.

 


Comments