ნიკო ნიკოლაძე - ახალი ახალგაზრდობა
„მინდა ჩვენი ბრძოლის სახე და პლანი დავხატო,
თითოეულ წინამძღოლს მისი მოვალეობა შემოუსაზღვრო და სწორათ გავანაწილო ჩვენი მცირედი
ძალა!“
შექსპირი
I
ძველი თაობის დამხობა ჩვენში დღეს ბრმისთვისაც
ცხადი საქმე შეიქნა. ჩვენი ხალხის და საზოგადოების ცხოვრება, ამ უკანასკნელი თხუთმეტი
წლის განმავლობაში, იმ ნაირათ დატრიალდა და შეიცვალა, იმას ისეთი მოთხოვნილება და საქმეები
დაუხვდა გზაზე, ის ისეთ დაბრკოლებებს წააწყდა, რომ ძველებურმა ჭკუამ და გამოცდილებამ
პირი დააღო, დამუნჯდა და ძალაუნებურათ თავისი უვარგისობა და უმეცრება აღიარა. ვინც
უწინდელ დროში, 1861-მდი, ჩვენს საზოგადოებას გონიერების, გამოცდილების, მოხერხების
და ჭკუის მადნათ მიაჩნდა, ვისიც სიტყვა და რჩევა შავი-ზღვიდამ კასპიის ზღვამდი განუხილავთ,
უწინაღმდეგოთ ბეჯითად მიიღებდა, ის დღეს ყველას საბრალო უმეცრათ, გაფლიდებულ მკითხავათ
მიაჩნია.
ნიკო ნიკოლაძე
ჩვენი საზოგადოების დამრიგებლებს და წინამძღოლებს,
ჩვენი ხალხის თავებს მიზანდა წაუხდინა ახალი ცხოვრების ახალმა მოთხოვნილებამ. ამ სასიამოვნო
უბედურებას ვერც იმათმა ჭაღარა თმამ უშველა, ვერც ძველმა დიდებამ. ყველაფერი შემუსრა
და შეურაცხჰყო ახალმა დროებამ და მისმა დაუზოგველმა «მოთხოვნილებამ». ან კი როგორ შეიძლებოდა,
რომ მათი საქმე სხვაფრივ წასულიყო? რითი დაემსახურათ ამ ვაჟბატონებს თავიანთი უწინდელი
დიდება!
რა ნამდვილი სიკეთე და სარგებლობა შეუძენიათ იმათ
სამშობლო ქვეყნისა და ხალხისთვის?...
მათი გავლენა დიდკაცობაში მდგომარეობდა, მათი ცხოვრება წინაპრების სამკვიდრებელის ფანტვაში მიდიოდა, მათი დიდება სხვისი წყალობით ნაბოძევი იყო, მათი მოქმედება – ამ წყალობის ძებნაში იხარჯებოდა. იმათ საზოგადო მიზანი, სიკეთე, ღირსება, მომავალი სიზმარშიაც არ მოლანდებიათ. მათი მიზანი ნიადაგ პიროვანი იყო, იმათ თავიანთი თავის და ნათესავების ამაღლება და გამდიდრება ნდომიათ, და საზოგადოებისთვის რჩევით და მაგალითით მარტო ეს კერძოობითი, ბ
ინძური გამაცალცალკევებული მიზანი უჩვენებიათ. – «ამაღლდით, გამდიდრდით, ვისაც კი შეგიძლიათ, – ამბობდა მათი მაგალითი და ქადაგება, – დანარჩენს კი – წინ წყალი და უკან მეწყერიო!» ეს იყო მათი სახარება, მათი მამაოჩვენო და დაუჯდომელი. ამ მოქმედებას და საქციელს არც დიდი სწავლა სჭიროდა, არც დიდი გონიერება.ვისაც მელური ხასიათი ჰქონდა, ვისაც წინაპრებისაგან
საკმაო ადგილ-მამული დარჩენოდა, ის დიდებისა და გავლენისკენ გზას ნელ-ნელა ითლიდა.
იმას მაშინდელი ცხოვრება ადვილათ ითვისებდა, აჯილდოვებდა და ამაღლებდა, და საზოგადოებასაც,
მისი ამაღლებით გაკვირვებული მის დიდებას და ამაღლებას მის გონიერებას და ჭკუას აწერდა.
ის ვერ არჩევდა იმ გზას და იმ საშუალებებს, რომლითაც ამ პირებმა დიდებამდი მიაღწიეს.
ის საკმაოთ და ღირსეულათ ვერ აფასებდა იმ ღონის-ძიებებს და დამდაბლებას, რომლის შემწეობით
ამაღლდენ
ეს პირები. ის მარტო ამაღლებას ხედავდა და ფიქრობდა,
– ალბათ გონიერი და სხვებზე უჭკვიანესი პირები არიან, თუ კი სხვებზე უფრო მაღლა აფორთხვა
მოახერხესო. აი, ეს გახლდა ჩვენი ვაჟბატონების გავლენის საფუძველი, ეს გახავს მათი
ძალის საიდუმლო ჭახრაკი და ძარღვი...
ხალხმა და საზოგადოებამ იგრძნო და დაინახა, რომ
საზოგადოებრივი წესი და წყობილება ადამიდამ შეუცვლელი და ხელუხლებელი კი არ ყოფილა,
ის თურმე კაცის ხელით შექმნილა, და კაცის ხელით შეიცვლება. რისთვის დაწესებულა რომელიმე
კანონი, სასარგებლოა ის საზოგადოებისთვის, თუ სავნებელი, დარჩეს ის, თუ შეიცვალოს,
ან როგორ შეიცვალოს, რა დაარსდეს მის მაგიერ, – ეს კითხვები თურმე კაცის გონებით და
მოაზრებით გამოიკვლევაო. ამას მიხვდა ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი. და როცა ამ
კითხვებით ისინი ჩვენს ბრძენებს
მიადგენ და პასუხი მოითხოვეს, ბრძენებმა, რასაკვირველია,
ენაც ვერ გააჭაჭანეს, სული ჩაიბანდეს და გაიბერენ, ვითომდა ამის პასუხები ჩვენ კი ვიცით,
მაგრამ არ ვიტყვითო. მაგრამ როცა საზოგადოებას საქმე გაუჭირდა, როცა ცვლილებები თვითონ
ამ ვაჟბატონების ჯიბეებს და სალაროებს შეეხენ, გაქვსთ სიცოცხლე, მაშინ კი ალაპარაკდენ,
მაგრამ როგორ? მათმა ლაპარაკმა და ყვირილმა, მათმა მოქმედებამ მათი განუზომელი უმეცრება
და ანგარება გამოაააშკარავა; საზოგადოებამ მათში მარტო ხეპრული თავმოყვარეობა და უგუნურება
დაინახა... გამოჩნდა, რომ ამ ბრძენებს არც ცოდნა ჰქონიათ რისიმე, არც ნამდვილი, გამოსადეგი
გამოცდილება, არც საკმაო გონება, და პატიოსანი საზოგადოებრივი გრძნობა, რომ ხალხისა
და საზოგადოების საქმისთვის ეპატრონებიათ და თავი მოებათ. მათი დიდება გამოიფშუტა,
მათი გავლენა გაქრა, მათი სახელი დაივიწყა...
ამ უბედურმა თაობამ, თავის უკანასკნელ მოქმედებებში,
იმოდენა უხეირობა და სისუსტე გამოიჩინა, რომ შებრალების მეტი აღარაფერი გრძნობა არ
ეძვრის გულში ჩვენი დროების კაცს. როგორც წყალ-წაღებული კაცი ხავსსა და ლანდს ხელს
სტაცებს და სიპს, ან როკს ეჯახება, ისე ამ ძველმა თაობამ ხელი წაავლო ყველაფერს, რაც
კი იმის თვალ წინ მიჰქონდა ცხოვრების აღელვებულ ტალღას... ერთი სიტყვით, ყველაფერს
მოეპოტინა ეს თაობა, და ვერაფერს ვერ მოჰკიდა ხელი, ყველაფერი მოინდომა, და ვერაფერი
გაარიგა, ვერაფერს მისწვდა, ვერაფერი დაამტკიცა, თავისი საკუთარი უძლურების მეტი.
III
ამან გაუთხარა სამარე ამ საბრალო თაობას. არა
მგონია, რომ ოდესმე საქართველოს ხალხმა ეს თაობა სიკეთით მოიხსენიოს და ძეგლი დაუდგას,
მაგრამ კარგი კი იქნებოდა, მომავალი თაობების სამაგალითოთ, ამ თაობის მოთავე პირებს
რომ ძეგლი აუშენოს ჩვენმა ხალხმა, და ზედ ეს ზედწარწერა ამოსჭრას: «აქ მარხია თაობა,
რომელსაც საკუთარი სარგებლობა ღმერთად მიაჩნდა, რომელიც ბრმათ ატარებდა თავის სიცოცხლეს
და დაბრმავების გამო ახალი ცხოვრების ფეხ-ქვეშ გაითელა». და თუ ძეგლი არ იქნა, იმაში
კი მტკიცეთ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია, თუ ჩვენ ოდესმე ისტორიის ღირსნი შევიქენით,
სიტყვა-სიტყვით ამ ზედწარწერას
გაიმეორებს და ამით ღირსეულათ დადაგავს ამ ბედშავ
თაობას, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის ვნებისა და სიმწრის მეტი არა გაურიგებია რა.
IV
აქ შესანიშნავი და დაფიქრების ღირსი ის გარემოებაა,
რომ ამ თაობის ჩაქოლვის და დამხობის მიზეზი უფრო ცხოვრების და გარემოების ძალა იყო,
ვინემ ახალი თაობის მოქმედება და ბრძოლა...
1861 წლის ახალი თაობა ჩვენ ცხოვრებაში პატიოსანი
გრძნობით აღვსებული შემოვიდა, იმას კეთილი მიზანი ჰქონდა, პატივსაცემი მიმართულება,
შრომისა და ბრძოლის სურვილი და ახალგაზდული აღტაცება, მაგრამ, როგორ ან რისთვის დავმალოთ,
რომ ამ თაობას, ამ ახალ რაზმს შეადგენდა თითქმის მარტო ერთი კაცი, – ილია ჭავჭავაძე,
რომელიც წინამძღოლიც იყო და რაზმიც, ან, უფრო სწორეთ რომ ვთქვათ, ურაზმო წინამძღოლი
იყო იმ ახალი თაობისა, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ფეხი უნდა შემოედგა ამ თორმეტი წლის
წინათ? თვითონ ეს თაობა დამზადებული როდი იყო ძველ თაობასთან ბრძოლაში შესაბმელათ.
იმას გაცნობილი არ ჰქონდა პრაქტიკული ცხოვრება, საზოგადოებრივი წესის კანონები და საჭიროებები,
იმან არ
იცოდა, თუ რა და რა ცვლილებას თხოულობდა ხალხის
მდგომარეობა, რა ნაირ მოქმედებას და დისციპლინას თხოულობს ბრძოლის საჭიროება, ის ერიდებოდა
ძველ თაობას, ან, მართალი ვთქვათ, ეშინოდა მისი. მარტო ერთი მხრით შეეძლო ამ თაობას
ძველის დაჩაგვრა და დათრგუნვა, – იმ მხურვალე სიყვარულით, რომელიც ახალგაზრდა გულში
უნდა ღვივოდეს საზოგადო ბედნიერების და საქმისადმი. ამ გრძნობამ, ამ სიყვარულმა აამაღლა
ეს თაობა საზოგადოების თვალში, და შეავსო მისი ნაკლულევანება ცხოვრების ცოდნაში. როცა
ძველი თაობის საკუთარი სარგებლობის ძებნას გვერდს ამოუდგა ახალი თაობის საზოგადოებრივი
გრძნობა, ძველმა თაობამ უნებურათ, უგრძნობელათ თავი დახარა და უნდომელათ დაიწია. ეს
გავლენა ჰქონდა 1861 წლის თაობის «სიტყვას», და ეს «სიტყვა» იმაში მდგომარეობდა, რომ
გონება-გახსნილი, დაწინაურებული კაცის უმთავრესი ვალია თავისი ხალხის და საზოგადოების
დახმარება და ბედის გაუმჯობესება.
ამ „სიტყვამ“, ამ აზრმა გზა გაიკვალა საზოგადოების
ტვინისკენ.. მაგრამ ამ თაობის
ნაკლულევანება იმაში მდგომარეობდა, რომ მის ნიჭიერ
და გონიერ წარმომადგენელს, ილია ჭავჭავაძეს, დამხმარე და თანამოაზრე ბევრი არავინ ყავდა.
მის თანამშრომლებს, საზოგადოთ რომ ვსთქვათ, არც დიდი ნიჭი ჰქონია, არც დახელოვნებული
ცოდნა. ისინი რიცხვითაც მცირენი იყვნენ და ძალითაც, ისე რომ ჭავჭავაძეს მარტო სიტყვით,
წერა-ბეჭდვით შეეძლო, ისიც ცოტა ხნის განმავლობაში, თავისი მიზნის სდევნა. და თუმც
იმის მოქმედებას ფუჭათ არ ჩაუვლია, თუმც იმას გვარიანი კვალი დაუტოვებია ჩვენ ცხოვრებაში,
ის როდი უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინდელ გარემოებებს და ჭავჭავაძის ნიჭსა უმეტესი გავლენის
მიცემა შეეძლოთ ჩვენი ახალი თაობისთვის; და უმძიმესი მეხის დაცემა უნდა შეძლებოდათ
ძველი თაობის მდგომარეობაზე და გავლენაზე.
V
რათ დაემართა ჩვენ ახალგაზრდობას ამნაირი უბედურება,
რა მიზეზი იყო, რომ იმან ვერ დაიკავა ჩვენ ცხოვრებაში ის ადგილი, რომელიც თითქო საგანგებოთ
დაუმზადა იმას ბედმა და გარემოებამ?
ეს ადვილად ასახსნელი და გამოსაძიებელი კითხვაა.
თითოეულ დროებას, თითოეულ თაობას თავისი საკუთარი საქმე და საჭიროება მოსდევს. ხანდისხან
საზოგადოებას ეკონომიური მდგომარეობა აწუხებს, მაშინ ის კანს იცვლის თავისი ეკონომიური
გაწყობილებით, და ამ დროს საჭიროა ისეთი თაობა, რომელსაც ეკონომიური ცვლილებების მოხდენა
და გამოყენება შეეძლოს.
სხომის საზოგადოება გარეშე მტერს ებრძვის, მაშინ
ის იტანჯება ბრძოლის ველზე, და ამ დროს საჭიროა სამხედრო სწავლაში დახელოვნებული თაობა.
მშვიდობიანობის დროს, როცა ეკონომიური ცვლილებები
ხეირიანი დგებიან, ხალხი
მშვიდობიანათ შრომობს და ცხოვრობს, მაშინ საჭიროა
მწარმოებელი თაობა, შრომაში
გამოცდილი, აღებ-მიცემის მცოდნე, გზების და გამსაღებელი
ადგილების გამომძებნელი. მაგრამ თითქმის ნიადაგ როგორც მშვიდობიანობის, ისე ბრძოლის
დროს, როგორც ცვლილებებში, ისე მყუდროებაში, საჭიროა ახალი თაობის აღმზრდელი პირები,
საჭიროა სამოქალაქო და პოლიტიკური გაწყობილების მცოდნე მოთავეები. როცა საზოგადოებას
უეცრათ რომელიმე ამ პირებთაგანი სჭირდება, მაშინ მის თვალში და ცხოვრებაში ძალა და
გავლენა იმ თაობას ეძლევა, რომელსაც შეუძლია საჭირო პირების წარმოდგენა და მოხმარება.
საზოგადოება იმას არასოდეს არ დაეძებს, ახალთაობას ეკუთვნის საჭირო პირი თუ ძველს,
ნამეტნათ ახალგაზდაა ის, თუ შუა
კაცია, ანა და მოხუცი. იმას ეს პირი სჭირია, ის
სარგებლობს მისი ცოდნით და მოხერხებით და უჯერებს იმას, სანამ ის მისთვის საჭირო და
გამოსადეგია. იცვლება დრო და გარემოება, საზოგადოებას სხვა საჭიროება კარს ადგება,
ის სხვა პირებს ეძებს და უჯერებს...
მაშასადამე, ჩვენში 1861 წლის თაობას, ისეთი წევრები
სჭიროდა, რომელნიც დამზადებული და გაჩვეული ყოფილიყვნენ მაშინდელი საზოგადოებრივი საქმეების
მმართვაში. საუბედუროთ, ეს თაობა ჩვენ ცხოვრებაში დაუმზადებელი შემოვიდა. იმან არც
საზოგადოებრივი მეცნიერება იცოდა თეორიით, არც პრაქტიკული მდგომარეობა ჩვენი ხალხისა,
არც ჩვენი საზოგადიოების საჭიროება და სურვილი. იმას მარტო კეთილი გული და პატიოსანი
სურვილი ჰქონდა, და გონების იარაღათ იმას მარტო ორიოდე მეტნაკლებათ ნათელი აზრი მოუძღვოდა:
გლეხების გათავისუფლების სამართლიანობა, ბატონყმობის უვარგისობა, მამულის სამსახური...
და თუ ამ მცირედი იარაღით და ბარგით, ამ გამოუკვლეველი, ნისლიანი აზრებით მაშინდელმა
თაობამ მაინც თავი გამოიჩინა და საზოგადოების თვალში უწინდელ თაობაზე უფრო მაღლა დადგა,
ეს, ერთი მხრით, ძველი თაობის განუკურნველ სიძაბუნეს გვიმტკიცებს და, მეორეს მხრით,
გვიჩვენებს, რა ადვილი იყო მაშინ ახალი მიმართულების გამარჯვება და ამაღლება, მაშინდელს
ჩვენს ახალგაზრდობას ხეირიანი დამზადება და იარაღი რომ გამოჰყოლოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
გამოსვლის დროს. რათ არ გამოჰყვა იმას ეს დამზადება და იარაღი?
VI
ამის პასუხს ჩვენ ადვილათ მოვძებნით, თუ კი გაკვრით
თვალს გადავავლებთ იმ მდგომარეობას და გარემოებებს, რომელშიაც იზდებოდა მაშინდელი ჩვენი
ახალგაზრდობა. ნუ დავივიწყებთ, რომ როცა ეს ახალგაზდობა სწავლას შეუდგა, ჩვენ საზოგადოებაში
ჯერ კიდევ არ ისმოდა გაუმჯობესების საჭიროება და სურვილი. სწავლის მიმზიდველი ძალა,
იმ დროს, მარტო იმ უპირატესობაში მდგომარეობდა, რომელსაც დიპლომები და „განათლების
ბზინვა“ ახალგაზდა კაცს სამსახურის ასპარეზზე აძლევდა. დაობებულ, უმოძრაო ცხოვრებაში
აღზრდილ ახალგაზდას გზავნიდენ უნივერსიტეტში, სადაც საკმაო მოძრაობა არ ეძლეოდა ახალი
მიმართულების ძალას. ვისაც მაშინ დიდი ნიჭი ჰქონდა, ვისაც მძლავრი ტვინი დაჰყოლოდა,
ის თვითონ იკაფავდა გონების გახსნის გზას. იმას როდი აკმაყოფილებდა ადამისწლის პროფესორების
დაძველებული და მამაპაპური ლექციები, იმას არ აძინებდა დიპლომის იმედი და მოსვენებას
არ აძლევდა ის კითხვები, რომელნიც ყოველი ხეირიანი ახალგაზდის გონებაში ჯგუფ-ჯგუფათ
იბადებიან და პასუხს მოუსვენარათ ეძებენ. ამისთანა ყმაწვილები თვითონ თავიანთი შრომით
და გაგებულებით, შეუდგენ გონების გამხსნელ სწავლას, რომელსაც არავითარი კავშირი არ
ჰქონდა პროფესორების ლექციებთან.
ცხოვრების დაკვირვებით, ლიტერატურის გაცნობით,
კითხვით, ფიქრით, ბაასით, მოქმედებისა და წერის ცდით, მეცადინეობდენ ესენი, დამზადებულიყვნენ
ჩვენი ხალხის სასრგებლო მსახურებათ, და, რამდენათაც კი მაშინდელი გარემოებები და მათი
ნიჭი იმათ ამის ნებას აძლევდენ, კიდეც მოემზადენ. ამგვარი იყო, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის
და ზოგიერთი იმ დროის ახალგაზდების მომზადება. სხვები, ნაკლები ნიჭისა და ჭკუის პატრონები,
ძველ გატკეპნილ გზას შეუდგენ. იმათ ლექციები იზეპირეს... მაგრამ ჩვენი პროფესორები
და მათი ყურის მგდებელი ახალგაზდები ივიწყებდენ, რომ აუდიტორიაში ას მსმენელზე იქნება
მარტო ერთი იყოს ისეთი, რომელიც სწავლის წინწაწევას და ფილოსოფიას შეუდგებოდა, და რომელსაც,
მაშასადამე, ეს წვრილმანი ფაქტი როდესმე გამოადგებოდა. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი
კაცი კი ცხოვრებაში სამოქმედოთ, საზოგადოებაში სასამსახუროთ ემზადებოდა, და იმათ მორიელების
კუდის გამოხატვა კი არა, თვითონ ამ საზოგადოების გაცნობა, მისი საჭიროების გამოკვლევა,
მისი საექიმო საშუალებების გამოძებნა სჭიროდათ... იმის მაგიერ, რომ ეჩვენებიათ მოსწავლისთვის
თანამედროვე მეცნიერების აზრი, მისი მიმართულება და დასკვნები, მოსწავლის თვალწინ,
მომაკვდინებელი სიზანტით და მიმძინებელი უნიჭობით იმ გზას ხატავდენ, რომლითაც უვლია
მეცნიერებას, და იმას კი არ ამბობდენ, რა გამოძებნა მეცნიერებამ, რა დაამტკიცა, რა
შესცვალა და, განსაკუთრებით, როგორ უნდა შეიცვალოს ეხლანდელი ჩვენი ფიქრი და რწმუნება,
ჩვენი ცხოვრება და განწყობილება, რომ მეცნიერების დასკვნას დაეთანხმოს და მისი საუნჯით
ისარგებლოს კაცობრიობამ. მოსწავლის მეხსიერებას ათი ათასი უმნიშვნელო,
ან წვრილმანი ფაქტების დამახსოვრებით ღალავდენ,
მოაზრების ჩვეულებას კი მასში არავინ სძვრიდა. ამას გარდა უარესი ვნება იმას მოჰქონდა,
რომ ფაქტებით ტიკჭორასავით გაბერილ ახალგაზდაში არავინ ზნეობით მხარეს არ ზდიდა. მოსწავლეს
ფაქტებს აჩვენებდენ, მაგრამ არავინ არ სცდილობდა მასში ხასიათი და ზნე აეზარდა, პატიოსნების
კანონები გულში ჩაენერგა, პატიოსანი შრომისთვის შეეჩვია... მარტო სწავლა,რაგინდ სრული
და მტკიცე იყოს, კაცს კაცად ვერ გახდის, თუ
იმას გრძნობა და ხასიათი არ მოსდევს, თუ მის მოქმედებას მტკიცე ბეჭედი არ ასვია, ამას
ივიწყებდა უნივერსტეტის სწავლა. ის სრულიადაც არ ეხებოდა მოსწავლეებში ზნეობითი მხარის
გაკეთილშობილებას, ის ახალგაზდა კაცს ცხოვრებას და მოქმედების მიზანს, იდეალს არ უხატავდა,
ის მასში კაცურ ხასიათს არ ზდიდა და დაუღალავ, ნიადაგ შრომას, მტკიცე გზაზე სვლას,
მიზნის დაუვიწყებლობას არ აჩვევდა. ამის გამო, უნივერსიტეტებიდამ გამოდიოდენ ახალგაზრდები,
რომელთაც გაცნობილი ჰყავდათ პეპელები და ბუზანკალები, იუსტინიანის ინსტიტუტები, ეგვიპტური
მონუმენტები. მაგრამ ნამდვილი ცოდნით, საზოგადოებრივი მეცნიერებით და სამოქმედო ხასიათით
თვითონ პეპელებზე უფრო სუსტნი იყვნენ და ეგვიპტური მონუმენტებსავით უსარგებლო უნდა
გამომდგარიყვნენ საზოგადოების ცხოვრებაში. მართლაც, უმეტესი ნაწილი ამ თაობისა პეპელასავით
დაჰქროდა ქუჩა-ქუჩა და დღეში თხუტმეტ-ჯერ ტანსაცმელს და აზრს იცვლიდა...
VII
მაგრამ ვიმეორებ, თუმცა ახალი თაობა ასე სუსტათ
მომზადებული და დაიარაღებული გამოვიდა, თუმცა მისი ძალა თოთქმის მარტო ერთი კაცის ძალაში
მდგომარეობდა, თუმცა ამ თაობამ ის ადგილი ვერ დაიკავა, რომელიც მისთვის გარემოებებს
დაემზადებია, ჩვენი საზოგადოების ცხოვრება იმ რიგათ მობრუნდა და შეიცვალა, რომ ძველ-თაობას
მუხლები მოესხლიტა და ახალ მიმართულებას ასპარეზი თავისუფალი ხვდება და რჩება. ჩვენი
ახალგაზდობა მეტისმეტათ შეცდება, თუ დაივიწყა, რომ ამ ბედნიერი მდგომარეობის მიზეზი
და წყარო მარტო იმ ეკონომიურ ცვლილებაში კი არ მდგომარეობს, რომელიც გლეხ-კაცების ბედის
შეცვლამ მოახდინა. მარტო ეს მიზეზი რომ ყოფილიყო, ძველი თაობა ამაყათ და მარჯვეთ ჩაჩუმდებოდა,
იტყოდა, ძალას ვემორჩილებიო, ანა და ცვლილება მე თვითონ მომწონსო. არა.
ძველი თაობა კიდევ და უფრო მეტათ მეორე გარემოებამ
მოჰკლა... ეს მეორე გარემოება აი რაში მდგომარეობს.
ყოველი ძველი თაობის ძალა, არათუ მარტო ჩვენში,
არამედ ყოველგან დედამიწაზე, იმაში მდგომარეობს, რომ ეს თაობა ეპატრონება მთელი წარსული
ხალხის ცხოვრების სამკვიდრებელს.
წარსული დროების მოაზრეები, მწერლები, აზრები
და ჩვეულებები, წარსული დიდება და შეძლება, იმათი სიტყვით, მათი საკუთარი იარაღი და
სამკვიდრებელია... დღეს რომელიმე ძველი თაობის მოთავემ რომ ამ სიტყვების თქმა გაბედოს,
ჩვენ თაობას მისი ტყავის გართმევა შეეძლება, და საზოგადოების თანაგრძნობა ჩვენი თაობის
მხრით იქნება. მართლაც, რა სამკვიდრებელი დარჩა
ჩვენ ძველ თაობას? ეკონომიური მხრით იმას გაღარიბებული და გატყავებული ხალხი და უმოქმედო,
უხეირო აზნაურობა ღუპავს.
პოლიტიკური მხრით – ზნე დაცემული, გაცალცალკევებული
საზოგადოება, რომელსაც არა თუ ძველი გმირების სული დაუკარგავს, მათი სახელიც არ ახსოვს.
ზნეობითი მხრით – გაფლიდებული უხასიათობა, დაცემული ხელის-ლოკვა, ძლიერის თაყვანისცემა,
სამართლიანობის დავიწყება. ლიტერატურული მხრით – დაცემული მწერლობა, დავიწყებული ენა,
დაფანტული და დამახინჯებული ძველი ლიტერატურა. გონებითი მხრით – სრული უაზრობა, ძველი
ჩვენი ისტორიის უცოდინარობა, ახალი ცხოვრების გაუგებრობა. რომელ დიდებაზე მიგვითითებს
ჩვენ ძველი თაობა?... ის ხელცარიელია, გაკოტრებულია... იმას თვითონ აღარ სწამს თავის
საკუთარი ღმერთები. იმას თავის საკუთარ თვალში მოჰკვდომია თავისი რწმუნება და იმედი...
აი, ეს გარემოება ჰკლავს ჩვენში ძველ თაობას. ახალი მიმართულება, ახალი თაობა შემოდის
ჩვენ ცხოვრებაში, ეხლანდელი მეცნიერების დახმარებით, როგორც ამ მეცნიერების წარმომადგენელი,
მისი იარაღით აღჭურვილი... ახალმა მეცნიერებამ, თავისი ორიოდე მოგონების ჩვენებით,
მოჰკლა ძველი მიმართულება, ძველი სული და თაობა, და, იმედია, სამუდამოთაც მოჰკლავს
ძველ ცხოვრებას. თუ ახალმა თაობამ ახალ მეცნიერებას, ხელი გაუწყო და მისი მისაღები
ხეირიანათ გამოიყენა. როგორ?
VIII
ახალმა მეცნიერებამ ჩვენში მარტო ცალი ფეხი შემოადგა.
ის შემოვიდა ჩვენში მარტო თავისი ტეხნიკური მხრით, შემოვიდა რკინის გზით, ტელეგრაფით,
ორთქლის გემით და სხვა იმან გაიმარჯვა მით, რომ ყველასთვის უეჭვო და ცხადი შეიქნა,
რომ ვერაფერი თოხარიკი, ვერაფერი ხარ-კამბეჩი ვერ იმოქმედებს იმდენს, როგორც ერთი უბრალო
ორთქლმავალი. ეს აზრი ჩაიჭრა ხალხის ტვინში. უწინდელ დროში რომ ეს საქმე მომხდარიყო,
ორთქლმავალს სასწაულებას მიაწერდენ და იტყოდენ, აი ბატონო, ილია წინასწარმეტყველი რომ
ზეცას ცეცხლის ეტლით ავიდაო, ეს ყოფილა თურმეო. მაგრამ დღეს ყველა ხედავს, რომ ორთქმავალი
კაცის ხელით გაკეთებულია, კაცის გონებით გამოგონილია, და ყველამ იცის, რომ მამა აბრაამს
ის არ ჰქონია, და მამა იაკობი აქლემებით დაიარებოდა. ეს დიდი საქმეა, ეს გარემოება
ბევრ ცრუ მორწმუნებას სპობს და მოსპობს ხალხის ტვინში, და ღრმათ შეცვლის მის აზრს და
მოქმედებას. მაგრამ არის ისეთი მხარე თანამედროვე მეცნიერებისა, რომელსაც ჯერ ჩვენში
ფეხი არ შემოუდგამს.
თანამედროვე მეცნიერების მთელი ნახევარი, ის ნახევარი,
რომელიც საზოგადოების ცხოვრებას შეისწავლის და მისი გაუმჯობესობის გზებს იკვლევს, ჯერ
არ მოჩვენებია ჩვენ საზოგადოებას. ეს მხარე მეტის-მეტათ შესანიშნავი და გავლენიანია.
ეს სწავლა პრაქტიკულათ გამოსადეგია ჩვენი საზოგადოებისთვის, მით, მაგალითად, რომ გვიჩვენებს,
რამდენი უსარგებლო ვაი ვაგლახის აცილება, რამდენი მძიმე გაჭირვების გვერდის ახვევა,
რამდენი ხეირიანი ძველის გამოყენება შეიძლება, გონიერათ რომ იყოს გაწყობილი საზოგადოების
ცხოვრება. ეს სწავლა ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი წესიც კაცის ხელით შექმნილია, რომ
ის ათასჯერ შეცვლილა და ნელ-ნელა გაუმჯობესებულა, რომ კაცობრიობას ბედათ როდი დაჰყოლია
ამ ქვეყნაზე ტანჯვა და უსარგებლო გაჭირვება, რომ სიღარიბე კაცის უმეცრების შედეგია,
რომ კაცობრიობა ერთ დროს ისეთნაირათ გაიწყობს თავის ცხოვრებას, რომ არავინ სხვას ტვირთათ
არ აწვეს, სხვისი შრომით არ რჩებოდეს, სხვას სიცოცხლეს არ უჭირვებდეს და, ძალისა დაგვარათ,
ტვირთს უადვილებდეს.
ერთმანეთში განხეთქილების და წინააღმდეგობის მაგიერ
ეს სწავლა აარსებს საზოგადოებრივ გარმონიას, გონიერ ერთმანეთობას, შეერთებულ შრომას
და ძმურ ცხოვრებას. ბევრი ამ სწავლის აზრებთაგანი ცხოვრებაში შევიდა, განხორციელდა,
გამოდგა და გაძლიერდა. სხვების რიგიც მალე მოვა, და ნამეტნათ შორს არც ის დროა, როცა
მთელი ეს მეცნიერება საზოგადოებრივი ცხოვრების ხელმძღვანელ სწავლათ შეიქმნება.
აი, ამ სწავლას უნდა მოსთხოვოს ჩვენმა ახალმა
თაობამ ის საშუალება და იარაღი, რომლითაც საბოლოოთ უნდა დაიმხოს ჩვენი ცხოვრების ძველებური
კილო და ჩვენი ძველი თაობის უკანასკნელი ნავსაყუდი. როგორც რკინის გზა ანტონ კათალიკოზის
ფილოსოფიას ბოლოს უღებს და უმოწყალოთ სრესს, ისე საზოგადოებრივი მეცნიერების ნაყოფის
შემოტანით ბოლო უნდა მოუღოს ჩვენმა თაობამ მამაპაპურ უხეირო ჩვეულებებს და გაწყობილებას.
ჩვენმა ახალმა თაობამ ეს მეცნიერება რომ ისწავლოს და მისი დასკვნები და მაგალითები
გაახორციელოს და ეხლანდელი ჩვენი ცხოვრების ყვავილები გვერდში ამოუყენოს, ბრმებიც კი
დაინახავენ, რომ ძველმა ცხოვრებამ ბარგი უნდა აიკრას და სამარისკენ გაემგზავროს, როგორც
ბარგი ააკრევინეს ნეტარ ხსენებულ ანტონ კათალიკოზს. მაშინ, უეჭველია, ახალი მეცნიერება
იმ სარგებლობას მოიტანს, რომელსაც უნდა ელოდეს მისგან თანამედროვე კაცობრიობა და ჩვენთვის
ეს მით უფრო აუცილებელია, რომ ჩვენ ისტორიულ ცხოვრებას, ჩვენ მდგომარეობას და ეხლანდელ
გარემოებებს ჩვენი ხალხისთვის არც იარაღი და არც იმედი დაუტოვებია, ერთის მეტი – მეცნიერების
ნაყოფის გონიერათ მოხმარებით ფეხზე წამოდგომა და უმჯობესი მომავლის დამზადება და მოპოება.
რაც არ დაგვიტოვა ჩვენ წარსულმა ცხოვრებამ, რაც მოგვტაცა ბედის და ძველი თაობის ბრმა
ძალამ, ის უნდა ვეძიოთ ჩვენ მეცნიერებაში (პოლიტიკური ეკონომიის კანონების ცოდნა –
რედ.) და მისი ძალით და დახმარებით უნდა გავამზადოთ მომავალი ბედი ჩვენი ქვეყნისა.
IX
მაშასადამე, ცხოვრების მიმდინარეობას ჩვენი ახალი
თაობისთვის ცალიერი ასპარეზი და გვარიანი იარაღი დაუმზადებია. რანაირათ შეიძლება ამ
ასპარეზით და იარაღით სარგებლობა...
ამის გამოკვლევას დიდი დავიდარაბა როდი სჭირია.
ჯერ ეს ვიკითხოთ, რა საქმე, რა შრომა ადგია კარზე ჩვენ ხალხს? რა საჭიროებები დააფიქრებენ
ამ ახლობელ მომავალში ჩვენ საზოგადოებას?
ვინ არ იცის, რომ დღეს ჩვენში ცხოვრება ისე წაყრუებული
და მიძინებული აღარ არის, როგორც ამ თხუთმეტი წლის წინეთ იყო. ვინ არ იცის, რომ გლეხების
გათავისუფლებამ ზოგიერთი მხრით ახალი ეკონომიური მდგომარეობა შექმნა, რომელიც ხშირათ
აფიქრებთ ჩვენ საზოგადოებას? ვინ არ იცის, რომ ამ ცვლილებას და სასამართლოების ახალ
წესს შესანიშნავი ცვლილებები მოსდევენ ქალაქების და მაზრების გამგეობაში, და როდესმე
– ჩვენში ქალაქების საზოგადოებრივი გამგეობა და ერობა შემოიღება? ვინ არ იცის, რომ
დღეს ჩვენში თითქმის ყველგან სურვილი იბადება, რაც შეიძლება უფრო სარგებლიანათ გამოიყენონ
პატრონებმა თავიანთი მიწა-წყალი და ადგილ-მამული?... მაშინ ახალგაზრდობას, კეთილი და
პატიოსანი სურვილის მეტი, ნამდვილი და პრაქტიკული ცოდნის გამოჩენა დასჭირდება; იმ ცოდნის,
მაგალითად, რომელიც გზების გაყვანას, ხარკის განაწილებას, სკოლების მმართვას და სხვ.
შეეხება. თუ მაშინ ახალგაზდობას საკმაო წევრები არ ეყოლა, ამგვარ ცოდნაში დახელოვნებული,
თუ, ვთქვათ, იმან თვითონ, თავისი საკუთარი ძალით, ვერ მოახერხა ხალხის საქმეების გამგებლობა,
რაც შეეხება სკოლებს და მაღაზიებს, გზას და ბეგარას, სასოფლო და სამაზრო სესხებს, და
სხვ., შენი მტერია, ცუდათ წავა მაშინ როგორც მთელი ერობის საქმე (რადგანც ძველ თაობას
ამ საგნებში სულ არაფერი ესმის), ისე ჩვენი ახალგაზდობის გავლენა საზოგადოებაზე და
ხალხზე.
აქედამ ცხადია, რომ როგორც წინანდელი მოაზრება
ჩვენ საზოგადოებრივი მეცნიერების საჭიროებას გვიმტკიცებდა, ისე ჩვენი საზოგადოების
ახლობელი მომავალი ჩვენგან ამავე მეცნიერების იმ ნაწილის ცოდნას მოითხოვს, რომელიც
სამოქალაქო გაწყობილებას შეეხება. რა რიგათ უნდა გაიწყოს ქალაქების შინაგანი მმართველობა,
მაზრების და სოფლების წესი და დახმარება, რა უნდა ქნას საზოგადოებამ და ერობამ, რომ
ხეირიანათ გააწყოს ადგილობრივი მმართვა... ნამდვილი და პრაქტიკული ცოდნით დაიარაღებული
ახალგაზდობა, გარემოებების
შემწეობით, ხმას ადვილათ ჩააკმენდინებს ჩვენს
ძველს თაობას, რომელსაც უმისოთაც გვარიანი ბურთი უძევს პირში, და როგორც ამ ხმის ჩაკმედინებით,
ისე იმ სარგებლობით, რომელსაც ის პირდაპირ ჩვენს საზოგადოებას მოუტონს, ის ადვილათ
დაიკავებს ჩვენს ხალხის ცხოვრებაში იმ ბედნიერ ადგილს, რომელიც ხეირიან და ნამდვილათ
განათლებულ და პატიოსან ახალგაზდობას უნდა ეკუთვნოდეს.
X
ეხლა ორიოდე სიტყვა იმაზედ უნდა ვთქვათ, თუ რანაირი
გაწყობილებაა საჭირო, ჩვენი აზრით, თვითონ ახალგაზრდებს შუა, რა რიგი საზოგადო მოქმედება
უნდა ჰქონდეთ იმათ მხედველობაში, რაგვარი შეერთება ძალისა, რომ მათ შრომას და მოქმედებას
რაც შეიძლება უფრო მეტი ხეირი და ბარაქა ჰქონდეს. შესანიშნავია, რომ ჩვენ ახალგაზდობაში,
რომელიც რუსულ უნივერსიტეტებში ჩემ დროს სწავლულობდა, ხშირათ ყოფილა მოლაპარაკება
„საზოგადო საქმეზე და შრომაზე“, ხშირათ შემოტანილა აზრი შეერთებაზე და შეერთებულ მოქმედებაზე,
მაგრამ არც ერთჯერ ამ აზრს და ლაპარაკს დასკვნა და ნამდვილი დაგვირგვინება არ ღირსებია.
თითქმის ყოველთვის ახალგაზდები საქმეს ცხარეთ და ხალისიანათ ეკიდებოდენ,
მაგრამ ყოველთვის, ორიოდ სხდომის შემდეგ აღტაცება
და ხალისი ჰქრებოდა, ტყდებოდა აყალმაყალი რამე უბრალო საქმეზე ან კითხვაზე, შესდგებოდა
„პარტიები“, და საქმის მაგიერ გამოდიოდა უსაფუძვლი განხეთქილება და საყვედური... მაშინდელი
ჩვენი ახალგაზდები, უმეტეს ნაწილათ, ისეთ საქმეს ჰკიდებდენ ხელს, რომელსაც პრაკტიკული
მნიშვნელობა და მოძრაობა არ უნდა ჰქონოდა, ან არ მიეცემოდა ნამდვილი საქმის და შრომის
უქონლობის გამო.
ახალგაზდობის ძალა და მოქმედების ხალისი ბაასში
და ერთმანეთთან შეტაკებაში იხარჯებოდა. მთელი თვეების განმავლობაში ყმაწვილები სხვადასხვა
«უსტავებს» სჯიდენ, სჩხრეკდენ, აწესებდენ, – იმისი არ იყოს, ეშმაკს ღვინო არ ჰქონდა
და ტიკჭორას კი ალბობდაო. და ამ სჯისა და გარკვევის დროს უნებურათ სწყდებოდა უთანხმოება,
სამდურავი, განხეთქილება და ერთმანეთის სიძულვილი... მეორე მიზეზი უფრო სანუგეშოა.
არაფერი არ აახლოებს კაცებს ერთმანეთს შუა ისე, როგორც საზოგადო მტერის, ან მოწინააღმდეგის
ყოლა. როცა ეს მტერი ახლოს დგას, როცა ის თვალგამოხილულია, კაცი ინსტინქტით უახლოვდება
თავის მოძმეს და წვრილმან განსხვავებას და უთანხმოებას როდიღა იხსენებს; და როცა სტყდება
ბრძოლა, მაშინ
ხომ სრულიად ივიწყება ყოველგვარი განხეთქილება
და ერთი რაზმის მებრძოლები თითქმის ერთ გვამს, ერთ თავს და ერთ მკლავს შეადგენენ. მაშინდელი
ჩვენი ახალგაზდობა ნამეტნათ მოშორებული იყო როგორც მტერზე, ისე სამშობლოზე. მას თითქოს
ბურუსში აგონდებოდა, რომ ერთი თვის სავალზე, მთებს გადაღმა, სამშობლოში, ცხოვრობს მისი
ხალხი, რომ ამ ხალხს ცხოვრება უჭირს მის სამშობლოში, მის საკუთარ მიმართულებას ბევრი
მტერი და მუხანათი ჰყავს, რომ ამ მტერს და მუხანათს იმან ოდესმე ანგარიში უნდა გაუწმინდოს,
და ამ ანგარიშის გაწმენდაში მისი მოძმე ახალგაზდა, რომელიც დღეს მის გვერდით დგას,
საჭირო ან სასარგებლო იქნება. ეს ყველაფერი იმას კარგათ არ ესმოდა, ნამდვილათ იქნება
არც კი სჯეროდა. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. დღეს რკინის გზებმა ჩვენ ახალგაზდობას
სამშობლო დაუახლოვეს. დღეს შინისკენ გასეირნება ადვილია. ფოსტა ათ დღეში მოდის, «დროებასაც»
ხშირათ მოაქვს საქართველოს ამბები... დღეს სჩანს საქმე, სჩანს ასპარეზი, სჩანს გამარჯვების
იმედი, სჩანს ნამდვილი რწმუნება, რომ ხეირიანი და გონიერი ახალგაზდა უსარგებლოთ როდიღა
გაატარებს თავის სიცოცხლეს, თუ კი სარგებლობის მოტანა მოინდომა. ეს არაფერი არ სჩანდა
უწინ, როცა ჩვენი ახალგაზდობა თავის უმჯობეს დროს, უბედნიერეს წელიწადებს უსარგებლოთ
და
უნაყოფოთ ჰკარგავდა პეტერბურგის და მოსკოვის ქუჩებში
და აუდიტორიებში. ვინ იტყვის, რომ ამ ცვლილებას, ჩვენ ახლანდელ ახალგაზდობაში სულ სხვა
ნაირი შრომის და მოქმედების აღძრვა არ უნდა შეეძლოს?
მართალია, ეხლაც სუფევს ჩვენ ახალგაზდობაში სხვა
და სხვა ნაირი აყალმაყალი თუ არა, უთანხმოება მაინც, მაგრამ ეს ახალგაზდობის ხვედრია,
და უამისოთ ახალგაზდობა ახალგაზდობაც არ იქნებოდა. მაგრამ დღეს მე უმეტეს ნაწილში უფრო
თეორეტიკული, ვინემ პიროვნული, უთანხმოება შემინიშნავს... თვითონ ცხოვრება, რამდენიმე
წლის შემდეგ, დაანახებს ჩვენ ახალგაზდობას, რომ არც მარტო «გონება გამხსნელი» მეცნიერება
ვარგა, თუ კაცს მასთანა ისეთი ცოდნა არა აქვს, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულათ გამოდგომა
შეუძლია, და არც მარტო ტექნიკური მეცნიერება, თუ კაცი გონებაგაუხსნელია და ვერც ცხოვრებას
იცნობს, ვერც მის კანონებს, ვერც მის მოვლენებს, და ამ რიგათ თვითონ იმ მაშინას ემსგავსება,
რომლის
მოვლა იმას მაშინალურათ ასწავლეს...
ამისთანა უთანხმოება და განხეთქილება დიდ ხანს
ვერ გაძლებს, და ადრე თუ გვიან გაჰქრება ახალგაზდობაში. ამასთანავე, თან და თან უფრო
გაიღვიძებს შეერთების სურვილი, რაკი შეერთებული შრომა საზოგადო მიზნისთვის უფრო და
უფრო საჭირო და აუცილებელ საქმეთ გამოჩნდება...
XI
ციურიხში ამჟამათ ათიოდე ჩვენებური ახალგაზდა
სწავლობს, ზოგი უნივერსიტეტში და ზოგი პოლიტტეხნიკურში. არ ვიცი, ბედათ უნდა ჩაეთვალოს
იმათ ეს, თუ უბედობათ, მაგრამ რადგანაც მათ ციურიხელ დიპლომს ჩვენში ადგილის შოვნის
ძალა არ ექნება, ეს ყმაწვილები ნამდვილი სწავლის, ნამდვილი ცოდნის მიღებას უნდა ცდილობდენ,
თორემ მათი ღვაწლი და მგზავრობა ფუჭეთ ჩაივლის. ამ მიზეზითაა, თუ სხვით, – ესე იგი
შვეიცარიულ ცხოვრების წახედვით, იმათ განუზრახავთ, ისეთ ნაირათ წაიყვანონ თავიანთი
სწავლა და ისერიგათ გამოიყენონ ურთიერთის ძალა და ცოდნა, რომ ყველა მათგანს შრომა გაუადვილდეს
და ნაყოფათ ხეირიანი დამზადება და გონების გახსნა დარჩეს. ამ მიზნის მისაღწეველათ ამ
ყმაწვილებს გადაუწყვეტიათ, უფრაზებოთ, უშფოთოთ, და უაყალ-მაყალოთ, ისეთი ძმური ამხანაგობის
ან საზოგადოების შედგენა, რომელშიაც თითოეულ წევრს მოვალეობა ექნება ერთი
რომელიმე საგანი შეისწავლოს და დანარჩენ წევრებს
თავისი ცოდნა ამ საგანზე გაუზიაროს.
რადგანც მარტო ცალ-ცალკე საგნის შესწავლის გარდა,
კაცს თანამედროვე საზოგადოების და ცხოვრების ცოდნაც სჭირია, იმათ ერთმანეთში გაუნაწილებიათ
ახალი ისტორიის შესწავლა სხვა და სხვა ევროპიელი ხალხებისა, გაზეთებისა და ჟურნალების
კითხვა სხვა და სხვა ენებზე, ზოგიერთი ჩვენ ცხოვრებაში გამოსადეგი საგნების გამოცნობა
და სხვ. და სხვ., და კვირაში ერთხელ, დანიშნულ დღეს, ისინი იკრიბებიან, და თითოეული
მათგანი დანარჩენს უკითხავს, რაც შესანიშნავი რამ ნახა თავის არჩეულ საგანში. ამ ნაირათ
ყოველი წევრი სარგებლობს არა თუ თავისი საკუთარი შრომის ნაყოფით, არამედ დანარჩენი
ცხრა კაცის შრომითაც, და იტყობს ისეთ ამბებს, ისეთ ცნობებს, რომელსაც, მარტო რომ ყოფილიყო,
ან ენების უცოდნელობით, ან დროს უქონლობით, ვერ შეიტყობდა, ან ვერ გაიგებდა. რადგანაც
ამ ყმაწვილებს ეს საქმე გამოუწყიათ უფრო იმისთვის, რომ ერთმანეთს სწავლა და შრომა გაუადვილონ,
იმათ როდი რცხვენიათ ერთმანეთის გამოკითხვა უცნობ საგნებზე, ან თავიანთი უცოდინარობის
გამოჩენა. ისინი თავიანთ თავს შეუცდომელ ბრძენებათ კი არა, მოსწავლე ახალგაზდებათ სთვლიან.
ამის გამო, თითოეული წევრისაგან წარმოდგენილი «ანგარიშის» წაკითხვის შემდეგ, იწყება
თურმე
გამოკითხვა, ახსნა, დამატება, გარკვევა და სხვ.
ისე, რომ ანგარიშის საგანი გვარიანი სინათლით იბეჭდება მსმენელების გონებაში. რაღა
თქმა უნდა, რომ ეს მეტის-მეტათ სასარგებლო და მომავალიანი საქმეა, მით უფრო, რომ ამ
ყმაწვილებს, როგორც გავიგე, ძლიერ მტკიცეთ სურთ როგორც საფუძვლიანი სწავლის მიღება,
ისე თანამედროვე ისტორიის გაცნობა, იმ მიზნით, რომ შემდეგში, სწავლის დასრულების მერმე,
სასარგებლო და გამოსადეგ წევრებათ შეიქნენ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნისა...
XII
ეს ჩინებული მაგალითი, თვითონ ციურიხში უნაყოფოთაც
რომ დარჩეს, მაინც გამოსადეგი და მიბაძვის ღირსი იქნება ჩვენი ახალგაზდობისთვის, მით
უფრო, რომ მისი ხეირიანი გამოყენება ჩვენ ბევრ მცოდნე და დამარაგებულ ახალგაზდას დაგვიმზადებს.
ერთათ სწავლა, ერთმანეთის ხელის გაწყობა რჩევით და სწავლის წყაროების ჩვენებით მარტო
სწავლას კი არ გაადვილებს ამხანაგობის წევრებისთვის: ის თითოეულ მოზიარეს წაახალისებს,
წააქეზებს და ძალას მოუმატებს საერთო შრომისათვის... შეერთებული სწავლის შემწეობით
ჩვენში შეერთებული შრომის შეძლება დაარსდება. ყმაწვილები ერთათ შრომას, ერთათ რაზმში
დოგმას, ერთმანეთის კლავში კლავის გაყრას შეეჩვევიან, და ამით ჩვენი ახალი თაობის ძალა
ერთი ათათ და ერთი ასათ გადიდდება. დღეს ჩვენ ის ნაკლულოვანება გვჭირს, რომ თითოეულს
ჩვენგანს უნდა, რომ ყველა დანარჩენი მისივე კალაპოტზე ჩამოსხმული იყოს, მისივე ხასიათი
ჰქონდეს, მასსავით ფიქრობდეს, ყველაფერზე და ყველაფერში მის მსგავსათ მოქმედებდეს...
საზოგადო საქმეში ყოველანაირი ხასიათი გამოსადეგია, თუ კი მიზანი და პატიოსნება ყველას
ერთი და იგივე აქვს...
სხვა და სხვა გვარი ხასიათების და ტემპერამენტების
გონიერ შეერთებას, ერთი და იმავე მიზნის მისაღწევლათ, დაასწავლის ამხანაგური სწავლა
სიყმაწვილეში. და რაც უფრო დიდხანს გაძლებს ამნაირი ამხანაგობა, მით უფრო მტკიცეთ დაფუძნდება
ჩვენ ახალგაზდობაში გონიერი სულგრძელობა წვრილმან განსხვავების და უთანხმოების შესახებ
და შეურყეველი დაუვიწყარი მოთხოვნილება უმთავრესი საზოგადო მიზნისა და ხასიათის პატიოსნებისა.
XIII
ამნაირათ, ადრე თუ გვიან, ჩვენ საზოგადოებას შეეძინება
გვარიანათ დამარაგებული
ახალგაზდობა, რომელსაც პატიოსან მიმართელებას
გარდა საფუძვლათ ცოდნა და მოხერხება ექნება. მაგრამ უსარგებლო არ იქნება დაუმატოთ აქვე,
რომ ამ პატიოსან მიმართულებას, ამ ცოდნას და მოხერხებას ერთი ძვირფასი თვისება უნდა
აგვირგვინებდეს, თუ ახალგაზდობას თავისი ძალის და სწავლის ხეირიანათ მოხმარება სურს.
ცხოვრება, განსაკუთრებით ჩვენში, ნამდვილი ბრძოლაა. ვისაც ჩვენში ცხოვრება და მოქმედება
სურს, – თუ კი იმას ცხოვრება ჯამაგირის ან შემოსავლის ქეიფიანურ ხარჯვათ არ მიაჩნია,
– ის თავის საქციელს და მოქმედებას
ისე უნდა აწყობდეს, თითქოს საბრძოლველათ ემზადებოდეს.
ამისთვის აუცილებელი საჭიროა ამხანაგებთან დაახლოვება, საერთო მოქმედების დამარაგება,
საერთო პლანის გაწესება, ისე, რომ მთელ ახალგაზდობას არათუ მარტო საერთო მიზანი, არამედ
საერთო გზაც ჰქონდეს.
ახალგაზდობას მისი რიცხვის სიმცირე ასუსტებს,
და ამას ყველაზე უფრო ადვილათ ძალისა და ღონის გონიერი მოხმარება მოუხდება. ჩვენ ამ
გონიერ ძალის მოხმარებას უნდა შევეჩვიოთ,უსარგებლო მიდებ-მოდებას თავი უნდა დავანებოთ
და იმ რიგი გაწყობილება უნდა მივცეთ ჩვენ ძალას და რაზმს, რომ თითოეულის შრომას პირდაპირი
და ჯეროვანი სარგებლობა მოჰქონდეს. ჩვენ ერთი სურვილის, ერთი ნების, ერთი აზრის და
ერთის მოქმედების ქონვას უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენი გონიერი მოქმედებით, ჩვენი შეერთებული
და ერთ მიზნისკენ მიდრეკილი ძალით, ჩვენი დისციპლინით უკანასკნელი მეხი დავცეთ ჩვენს
ძველ თაობას და დამპალ ცხოვრებას. მარტო ამნაირი, ამხანაგური გაწყობილებით, შეგვეძლება
ჩვენ ჩვენი
ცხოვრების გაუმჯობესება და პატრონობა...
პარტიებზე ბევრი რამ იყო თქმული, მაგრამ ის კი
ბევრს არ ახსოვს, რომ ყოველ საზოგადოებაში, რაგინდ ჩამორჩენილი და ბნელი იყოს ის პოლიტიკური
მხრით, აშკარათ, ან მალულათ, სდუღს პარტიული ცხოვრება. ეს ჩვენშიაც ასეა. ჩვენშიაც
ძლიერ განსხვავებით და მტკიცეთ იხატება პარტიების მოქმედება, პარტიული ცხოვრება. და
როცა პარტიებს შუა ბრძოლა სდუღს, როცა გაცხარებული წინააღმდეგობა და ქიშპობაა იმის
შესახებ, თუ რომელ პარტიას უნდა ერგოს
საზოგადოების წინამძღოლობა და ერის თაოსნობა,
საქმე თითქმის ყოველთვის იმ პარტიის სასარგებლოთ სწყდება, რომელსაც არათუ მარტო ხეირიანათ
დამზადებული წევრები ჰყავს, თან გონიერი გამოყენება შეუძლია თავისი წევრების ძალისა
და ცოდნის. ამ გამოყენების ნებას მარტო ერთობა, მარტო დისციპლინა აძლევს პარტიას. ამის
მაგალითების მოყვანა განა საჭიროა?...
XIV
ახლა მკითხველი მეტყვის: – ეს ყველა ყველაო, მაგრამ
რისთვის, ან რა მიზეზით დაგიწერია ამ სიგრძე ქადაგებაო. ეს მე თავში უნდა ამეხსნა,
მაგრამ რადგანც იქ არ ამიხსნია, ეხლა მაინც შევასრულებ ამ მოვალეობას, და ვიტყვი, რამ
გამომათქმევინა ეს შენიშვნები და მოაზრება. ჯერ ეს უნდა ვთქვა, რომ ეს მძიმე «ქადაგება»
საყოველთაოთ დაწერილი არ არის. ის იმათთვისაა დანიშნული, ვისაც სმენა და გაგონება აქვს.
ამის გარდა, ამ ნაწერში მოყვანილი შენიშვნები, უმეტეს ნაწილათ მაინც, ჩვენი ახალგაზდობისგან
გამოთქმული აზრები და კითხვებია. მე იმათთვის ყური მომიკრავს აქა-იქ, შემითანასწორებია,
შემიერთებია და ხელახლავ ერთიანათ
იმათთვის წარმიდგენია, ვისგანაც გაგონილი მქონდა
ზოგიერთი კერძოობითი შენიშვნა. ამას გარდა, ცხოვრების დაკვირვებამ დამარწმუნა მე, რომ
ჩვენი ახალი ახალგაზდობა ბევრი აღარ ჩამოგავს უწინდელ თაობას, ბევრი მხრით წინ წასულა
იმაზე და იმ სურათს დამსგავსებია, იმ იდეალს დაახლოვებია, რომელიც ჩვენ გვენატრებოდა,
და რადგანაც ამ ნაირათ გაუკეთესებული ახალგაზდობის ძალის დაკარგვა ათასჯერ უფრო გულმომაკვდინებელი
იქნებოდა ვინემ უწინდელი ყმაწვილების გამოუდგომლობა, ჩვენ საჭიროთ დავინახეთ ორიოდე
რჩევის და
შენიშვნის მიცემა, ორიოდე გაფრთხილების და სურვილის
გამოთქმა. ეს ჩვენი მოვალეობაც იყო და თან ჩვენი საქმისთვის გამოსადეგი საქციელი: ექნება
ჩვენ ნაწერს კეთილი შედეგი თუ არა, მოიტანს ის იმ სარგებლობას, რომელსაც ჩვენ მისგან
მოველით, თუ არ მოიტანს ამას, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ, მომავალს, რომ თავი დავანებოთ,
აწმყოც საკმაო საფუძველს გვაძლევდა ამ გრძელი «ქადაგების» დაწერისთვის. ეს საფუძველი
მე საბოლოოთ დავიტოვე, და ეხლა მისი გამოხატვით ჩემ ქადაგებას დავასრულებ.
XV
რა თვალითაც უნდა უყურებდეს კაცი უწინდელ ახალგაზდობას,
რა კი იმას გვერდით
ეხლანდელს ახალ თაობას დაუყენებს, ერთი უმთავრესი
შენიშვნა მაშინვე აზრში მოუვა.
უწინდელი თაობა არა თუ მარტო დაუმზადებელი და
დაუიარაღებელი იყო, იმას საკმაო სიმტკიცე არ ჰქონდა ხასიათში, სიტყვით უწინდელი ახალგაზდობა
ერთს ამბობდა, და საქმით მეორეს შვრებოდა. მის ზნეობით ცხოვრებაში რაღაც საზარელი განხეთქილება
მოჩანდა, რომელიც თითქმის სრულიად აბათილებდა იმ ჩინებულ აზრებს, რომლის მქადაგებლათ
ეს ყმაწვილები გამოდიოდენ. ისინი საქციელით თითქო შერიგებას ეძებდენ ძველ თაობასთან,
და ძლიერ ბევრ თავაზიანობას იჩენდენ ძველი ცხოვრების შესახებ...
ეხლანდელი თაობა უფრო მტკიცე და უფრო ნელი დასაკმაყოფილებელია.
ის შერიგებას როდი ეძებს: ის დარწმუნებულია, რომ შერიგება შეუძლებელი საქმეა, სანამ
ერთი თაობა მეორესსრულიად არ დაემორჩილება და იარაღს არ დაყრის. და რადგანაც იმას თვითონ
იარაღის დაყრა არ სურს, ის ცდილობს ძალით დააყრევინოს იარაღი თავის მოწინააღმდეგეს.
იმას იმედი და რწმუნება უღვივის გულში... ის თავის გამარჯვებას არც სხვის დახმარებაში
ეძებს, არც უნაყოფოდიპლომატიაში, არც გულ-ხელდაკრეფილ ცდაში. იმას მარტო თავისი საკუთარი
თავის, საკუთარი შრომის, საკუთარი ძალის იმედი აქვს. და ეს იმედი იმას იმ ძვირფას ფანატიზმს
აძლევს, ურომლოთაც არ გარიგებულა არც ერთი შესანიშნავი საქმე... იმას მარტო ახალი თაობა,
ახალი ახალგაზდობა და ხალხი ჰყავს მხედველობაში, მარტო მისი თანაგრძნობის მოპოება სურს,
მარტო მის გულგრილობას ერიდება...
აი, ეს ახალი მიმართულება გვაიმედებს და ძალას
გვაძლევს ჩვენ; ეს ახალი თაობა, თავისი რწმუნებით, თავისი იმედით, თავისი მხურვალე
სურვილით და აღტაცებით გვაახლოვებს ჩვენ იმ მიზანს, რომელიც გულმომაკვდინებელ სიშორეში
გვეჩვენებოდა... განა დაგვეძრახება იმ აზრების და შენიშვნების გამოთქმა, რომელიც, ჩვენი
აზრით, ამ თაობას გამოადგება და შრომას და მოქმედებას გაუადვილებს?
XVI
მაშ, მივატოვოთ მკვდრები და მომაკვდავები, თუ
კი ჩვენ საკუთარ თავში ჩვენ საკმაო იმედს და ძალას ვგრძნობთ, და ვეცადოთ ხეირიანი მოქმედებით,
გონიერი ძალის შეერთებით, ჭკვიანური საქმის წაყვანით დავიმსახუროთ და დავიკაოთ ის ალაგი,
რომელიც ხალხის ცხოვრებაში ცოდნას და პატიოსნებას უნდა ეკუთვნოდეს. ამ ასპარეზზე ახალ
ახალგაზდობას საშიში ან ძლიერი მოწინააღმდეგე არავინ ხვდება. მინდორი ცალიერია, მაგრამ
ზედ ბევრი ურგო ბალახბულახი და ტალახი იპოება. როცა ამასაც გავსწმენდთ, როცა მინდორი
სუფთა და დამზადებული იქნება, მაშინ ნამდვილათ ასრულდება ჩვენი ჩინებული პოეტის აღმტაცი
სიტყვები: „თუ კი აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია!“
დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», №1, ხელმოწერით ნ.
სკანდელი
1873
Comments
Post a Comment