არჩილ ჯორჯაძე - ავადმყოფი საზოგადოება
ქართულს მწერლობაში გაისმა პროტესტი ჩვენი ინტელიგენციის
იმ ნაწილის წინააღმღეგ, რომელიც ჩვენში არსებულ რუსულ პრესის სათავეში უდგა. შარშან
ამ პროტესტს უფრო მკვეთრი ხასიათი მიეცა. არა ერთი და ორი ცხარე წერილი დაიბეჭდა იმ
უცნაურ მოვლენის შესახებ, რომ ინტელიგენცია თავისი რუსული პრესით ხელს უწყობს საქართველოს
დენაციონალიზაციას, აღრმავებს უფსკრულს ხალხსა და ინტელიგენციის შუა არსებულს, რყვნის
საზოგადოებრივ აზროვნებას და მრუდე გზაზედ აყენებს მას. მაგრამ, მიუხედავად პროტესტის
გაცხოველებისა, საქმეს არა ეშველა რა.
პროტესტანტების ხმა არ შეისმინეს და რუსული გაზეთების რიცხვმა არამც თუ არ იკლო, არამედ იმატა. გაჩნდა რუსული გაზეთი ქუთაისშიაც კი, სადაც იმის არსებობისათვის თითქმის არავითარი ნიადაგი არ არის. ტფილისში კი დღეს სამი რედაქციაა მოწყობილი. სამსავე რედაქციაში ქართველი − ინტელიგენტები სხედან და სამივე გაზეთი ამ ინტელიგენტების ხელმძღვანელობით გამოდის.
რას მოასწავებს ყოველივე ეს? რა მიზეზია, როშ
ამ საკითხის შესახებ ვერ შეთანხმებულა ჩვენი ინტელიგენცია? რითი აიხსნება ის სავაგლახო
გარემოება, რომ ბევრისთვის აქ პრობლემა არც კი არსებობს და რომ ქართველ-ინტელიგენტების
ამ უცნაურ სამწერლო ფერხულის მომხრეთ არც კი ესმის ის განსაცდელი, რომელიც მოელის ჩვენს
ეროვნულ — კულტურულ საქმეს ამ „გულუბრყვილო“ საზოგადოებრივ
მოღვაწეობის გამო? ყველა ამისი მიზეზი, აშკარაა, უნდა იყოს ღრმა და რთული-რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, − რომ ამოდენა განათლებული ხალხი ასე ყრუდ ეპყრობოდეს ეროვნულ ინტერესებს და შეგნებულად ძირს უთხრიდეს ჩვენს ნორჩ, ყველას მიერ დაბრიყვებულ და სასაცილოდ აგდებულ ეროვნულ კულტურას. და აი საქმე სწორეთ ამ ღრმა და რთული მიზეზის გამოძებნაშია. საჭიროა გამოირკვეს სოციალ-პოლიტიკური ნიადაგი, რომელმაც წარმოშობა ამგვარი მოვლენა. საჭიროა ისტორიული პირობების გათვალისწინება ჩვენი ინტელიგენციის სულიერ მისწრაფების გასაგებად.
მოგეხსენებად, რომ ქართველების ერთგულება რუსების მიმართ ტრუიზმად არის
გადაქცეული. 1832 წლის შეთქმულობის აღმოჩენის შემდეგ, ეროვნული მოძოაობის ნიშან-წყალი თითქოს აღარა სჩანს საქართველოში. საყურადღებოა, რომ სოლომონ დოდაშვილი, აღნიშნულ შეთქმულობის სულის ჩამდგმელი, პატიების შემდეგ რუსეთის ადმინისტრაციაში სამსახურს არ ჰთაკილობს. საყურადღებოა, რომ დიმიტრი ყიფიანი, გულწრფელი და თავდადებული მამულიშვილი, ერთგული მსახური იყო მთავრობისა. ამგვარივე ხასიათისა იყო არა ნაკლებ განთქმული გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობა, ერთგულივე და თითქმის რუსიფიკაციის პოლიტიკის მომხრეობით სახელი გაითქვა ჭკვიანმა, ნიჭიერმა, ხოლო ამასთანსრულიად უპრინციპო, „ფრთა-მოტეხილმა არწივმა“
ნიკო ნიკოლაძემ, ოდესღაც რუს-რევოლიუციონერთა წრის თვალსაჩინო წევრმა, დღეს კი რუსულ
პოლოტიკურ-სახელმწიფოებრივობის დამცველმა და მოსარჩლე ქართველმა საზოგადო მოღვაწემ.
და საყურადღებოა, განსაკუთრებით ის, რომ ჩვენი საუკეთესო პოეტი, მწერალი და საზოგადო
მოღვაწე, ქართველ ახალ კულტურის მოამაგე, გულ-შემატკივარი და მოსარჩლე, დიდბუნებოვანი
პიროვნება, ილია ჭავჭავაძე, ამაყობდა თავის ერთგულობით და საჯაროთაც ამჟღავნებდა თავის
ლოიალურ გრძნობებს. ამ სტრიქონების დამწერს ერთ საუბრის დროს ეუბნებოდა განსვენებული
ილია. — ახალმა თაობამ კარგად უნდა დაინახომროს ერთი რამ. ჩვენ უნდა ვიყვნეთ მომხრენი
მონარქიულ პრინციპისა. რუსეთის იმპერატორი ამავე დროს ქართველთა მეფეა. 1783 წლის ხელშეკრულება,
რომლის ძალით საქართველო რუსეთს შეუერთდა, რუსეთის მონარქთან გვაქვს დადებული. თუ გინდათ,
რომ ჩვენს უფლებათ ისტორიული მნიშვნელობა არ დაეკარგოსთ, ხელუხლებელი და პატივსაცემი
უნდა იყოს თქვენთვის მონარქიული პრინციპიო.
ამ თვალსაზრისის წყალობით ილია ჭავჭავაძე მართალია
მოსმხრე იყო საქართველოს ავტონომიისა. ხოლო ამ ავტონომიის დამკვიდრებას ტახტისაგან
მოელოდებოდა. ამ მიმართულებისა იყო ერთი რიგი ჩვენის საუკეთესო მოღვაწეებისა.
გადახედეთ ახლა ინტელიგენციის მეორე რიგს − ქართველ
ძველ რევოლიუციონერებს ნაროდოვოლცებს“ და „ნაროდნიკებს“ და ახალ სოციალისტ-რევოლიუციონერებს
და სოციალ-დემოკრატებს. ქართველი-ნაროდნიკები[1]
ხომ სახელით იყვნენ ქართველები, ნამდვილად კი ქართველ ხალხისათვის მათ არაფერი არ გაუკეთებიათ.
უმეტეს ნაწილად ისინი საქართველოში არც კი მუშაობდნენ. თავიანთი ძალ-ღონე და სიცოცხლე
შესწირეს მათ (1860-1870 წლებში) რუსულ საქმეს: რუსეთს რევოლიუციას. ჩვენი დროის რევოლიუციონერები
ჩვენს ხალხს, მართალია, უფრო დაუახლოვდნენ, განსაკუთრებით, სოციალდემოკრატები. ხოლო
მათაც არავითარი საკუთარი ეროვნული პროგრამა არა ჰქონდათ. მათი სამოქმედო პროგრამა
იყო რუსულ პარტიების სამოქმედო პროგრამა.
სრულიად განცალკევებულად სდგას ჩვენში ის ჯგუფი,
რომელმაც წამოაყენა ჩვნში ეროვნული საკითხის პოლიტიკური პრობლემა. ხოლო ამ ჯგუფს ჯერ
ხანობით არ მოუპოვებია მის ნამდვილ ღირსების და დამსახურების შესაფერი მნიშვნელობა.
ესეც საყურადღებოა... ჩაუფიქრდეთ ყველა ამას და უნებლიეთ დაგებადებათ შემდეგი აზრი:
ქართველი ინტელიგენცია რუსეთისადმი ლოიალიზმით არის გამსჭვალული.
ინტელიგენციის ერთის ნაწილის ლოიალიზმი რუსეთის
ტახტისადმი არის მიმართული, ხოლო ინტელიგენციის მეორე ნაწილის ლოიალიზმი რუსეთის ხალხისადმი.
ორთავესათვის არ არსებობს დამოუკიდებელი პოლიტიკური პროგრამა, შემუშავებული ადგილობრივ
საჭიროებათა მიხედვით. და მაშინ, როდესაც ერთნი ტახტისადმი ერთგულობის საშუალებით ცდილობენ
ემსახურონ ქართველ ხალხს, მეორენი იმავ ხალხის კეთილდღეობას ერთა სწორუფლებიანობის
ნიადაგზე კი არ ამყარებდნენ, არამედ უსისხლხორცო და უშინაარსო განყენებულ სოლიდარობის
ნიადაგზე.
სად უნდა ვეძებოთ სათავე ქართველ ინტელიგენციის
ამგვარი სულიერ განწყობილების ასახსნელად? ისტორიულ წარსულოში, რა თქმა უნდა. ბიზანტიის
დამხობის შემდეგ, საქართველს გარს ეხვია ორი ძლიერი მტერი − ოსმალეთი და
სპარსეთი. ოსმალეთის გამოსვლამდე ისტორიულ ასპარესზედ
ქართველ ხალხს მუდამ ჟამს ჰქონდა შეტაკება ირან-მუსულმანთა ქვეყნებთან. არაბებისაგან
და სპარსელებისაგან ბევრი რამ გადმოეცა საქართველოს. ირან-მუსულმანთა კულტურის ნაკადი
ფრიად თვალსაჩინო იყო ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში. მაგრამ იმავ ცხოვრებაში სხვა ელემენტებსაც
ჰქონდათ ადგილი. ბიზანტიის საშუალებით გადმოგვეცა, ერთის მხრივ ელინური სული და მწერლობა
(ნეო-პლატონიზმი), მეორეს მხრივ კი, ამავ წყაროდან ჩვენს ქრისტიანობას ეძლეოდა დიდი
სულიერი საზრდო. ამ ორ გავლენათა შორის ქრისტიანულ-ბიზანტიურმა ელემენტმა სძლია ჩვენს
კულტურაში ირან-მუსულმანთა ელემენტს. ამიტომ ბიზანტიის დამხობის შემდეგ ქართველთა თვალი
მოსკოვისაკენ იყო მიმართული. იქ ეძებდნენ ქართველი მეფეები და საზოგადო მოღვაწენი საბოლოვო
ხსნას ირან-მუსულმანთა გავლენისაგან. საქართველოს წინაშე იდგა პრობლემა. მას უნდა ან
სპარსეთი, ან რუსეთი აერჩია თავის მფარველად და მანაც აირჩია რუსეთი. ქართულ ლოიალიზმის
დასაბამი აქედან იწყება.
მოსკოვის მთავრები და მეფეები ეფერებოდნენ ქართველებს,
ანუგეშებდნენ მათ, საჩუქრებს უგზავნიდნენ ქართველ მეფეებს. ხოლო როდესაც რუსეთი იმპერიად
გადაიქცა, ინტერესი საქართველოსადმი უფრო გაცხოველდა, რადგან ახალ იმპერიას კასპიის
იქით მხარესაკენ ეჭირა თვალი და მისთვის საქართველო შეუდარებელ ბაზად ისახებოდა სპარსეთთან
ბრძოლის დროს. ბოლოს, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მთავრობამ შეისმინა თხოვნა ქათველ
მეფის ირაკლისა და ჯერ, სანამ ზურგს მოიმაგრებდა ჩვენს ქვეყანაში, ხელშეკრულება დასდო
მასთან (1783 წელს), ხოლო შემდეგ, როდესაც დარწმუნდა ჩვენს სისუსტეში და თავის ძლიერებაში,
(1801
წელს) ეს ხელშეკრულება დაარღვია და მთელი მეცხრამეტე
საუკუნე იყო გამტკიცება იმ რეჟიმისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, როგორც ამ ხელშეკრულებას,
ისე ქართველების საუკუნოებით შემუშავებულს და შეზრდილს მისწრაფება-იმედებს.
ამგვარად ქართულ ლოიალიზმს ისტორიული საფუძველი
ჰქონდა. ისტორიულმა პირობებმა გამოიწვიეს იგი. ხოლო ისტორიული პირობებივე სპობდნენ
მას. თუ ერთ დროს ერთგულების პრინციპს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ამ ერთგულების
საშუალებით უნდა განხორციელებულიყო საქართველოს იმედი დამოუკიდებელ ეროვნულ კულტურის
განვითარებისა, შემდეგში ამ პრინციპს სრულიად უნდა დაჰკარგოდა რაიმე ღირებულება, რადგან
ერთგულება, მიზანს
არ აღწევდა და ჩვენს მდგომარეობას არ აუმჯობესებდა.
ამბოხებანი და შეთქულებანი მე-XIX საუკუნის დასაწყისში
მოწმობენ, რომ იმ ხანაში საუკეთესო მამულიშვილებს ეს აზრი კარგად ჰქონდათ შეთვისებული.
მხოლოდ აშკარაა, რომ შემდეგში, იმ ხანაში, როდესაც ჩვენ დაგვებადა ინტელიგენცია და
ამ ინტელიგენციამ იწყო საზოგადო ასპარესზე მოქმედება, ყოველივე ეს დავიწყებული იქმნა
და ძველი გრძნობები და მისწრაფებანი, რომელნიც განსაკუთრებულ პირობებში იშვნენ და წარმოიშობნენ,
ისევ რაღაც ატავისტიურის ძალით გამოცოცხლდნენ ქართველ ინტელიგენციის გულში.
წინად იდგა პრობლემა, ან გამუსულმანება, ან მფარველობა
რუსეთისა. ახლა წარმოიშვა ახალი ზრუნვა და ახალი ფიქრი − ან გათქვეფვა სლავიანთა ზღვაში
და შთანთქმა საქართველოსი რუსეთის მიერ, ან ეროვნულ კულტურის განვითარება და დაცვა
ცენტრალურ მთავრობის წინააღმდეგ.
წინად რუსეთის იმედი გამომდინარეობდა რეალურ პირობებისაგან.
ახლა იმავ რუსეთის იმედი არავითარი რეალური პირობებისაგან აღარ გამომდინარეობს. ინტელიგენცია
კი ისევ ძველ ლოიალურ გრძნობებით არის გამსჭვალულთ. და ეს ლოიალიზმი, რიდე მოფარებული
და უჩინარი ლოიალიზმი, რადიკალურ ინტელიგენციის ელემენტებსაც კი ახასიათებს.
და სწორეთ აქ უნდა ვეძებოთ ის მიზეზი, რომ ქართველ
ინტელიგენტთა ჯგუფები ერთი მეორეს ასწრობენ და ცდილობენ პრესის საშუალებით განიმტკიცონ
და გააცხოველონ ძველი ფორმულები, რომელთაც ყოველი აზრი და მნიშვნელობა დაეკარგათ. მართალია
აქ ცხადი წინააღმდეგობაა, აქ პოლიტიკური დაბრმავებაა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ არც
ამ წინააღმდეგობის დანახვა შეუძლია ინტელიგენციას, არც პოლიტიკურ კურსის შეცვლა. ჩვენი
ინტელიგენციის ერთი ნაწილი დენაციონალიზაციის სისტემის ნაყოფია. იგი შეუგნებლივ ეხმარება
პოლიტიკას, რომლის წინააღმდეგ ვითომდა ბრძოლა უნდა და მას არ ძალუძს დანახვა უფსკრულისა,
რომლის სიახლოვეს სდგას, რადგან მან უკვე გასწყვიტა კავშირი როგორც საქართველოს ისტორიულ
იმედებთან, ისე ეროვნულ კულტურასთან.
ტფლისში არსებული სამი რედაქცია − „ნოვაია რეჩი“,
„ზაკავკაზკოე ობოზრენიე“ და „ზაკავკაზიე“ თავდაპირველად ამ ნიშნებით დახასიათდებიან.
თვითვეულ რედაქციას ჰგონია, რომ სწორეთ ისა სდგას ნამდვილ გზაზედ და რომ სწორედ მისი
არსებობა და დღეგრძელობა ესაჭიროება დღეს საქართველოს. ნამდვილად კი სამივე გაზეთი
ერთნაირად მავნებელნი არიან და მათ შორის საერთო გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება.
თვითვეულ რედაქციას აქვს იმედი, მთავრობას გავაგებინებ ჩვენს საჭიროებას, მთავრობაზე
ვიქონიებ ზედ-გავლენას და მით მოვიხდი ჩემს ვალს ქვეყნის წინაშეო. სამსავე რედაქციას
ახასიათებს ლოიალიზმი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ერთის ლოიალიზმი კონსერვატიულია,
მეორეების კი თითქოს ლიბერალურ-დემოკრატიული.
საყურადღებოა, რომ სამივე რედაქცია ერთ წყაროდან
და ერთ წრიდან წარმოსდგა. რევოლიუციის დროს 1905 წ. დაარსდა გაზეთი „ვოზროჟდენიე“,
რომელსაც პირველ ხანებში საკმაო გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში. „ვოზროჟდენიეს“ გავლენა
აისხნებოდა იმითი, რომ მას ერთი განსაზღვრული მისია ჰქონდა ასასრულებელი − გაერთიანება
მთელი ოპოზიციისა არა მარტო პარტიულ პროგრამების მიხედვით, არამედ სხვა და სხვა ეროვნულ
ინტერესების მიხედვიდაც. „ვოზროჟდენიე“ უნდა გამხდარიყო კავკასიის რევოლიუციონერთა
და დემოკრატთა თავისუფალ ტრიბუნად და რუსეთის რევოლიუციასთან შუამავლად. როდესაც გამოირკვა,
რომ ამ მისიას გაზეთი ვერ აასრულებს და რომ შეუძლებელია გაერთიანება იმ ელემენტებისა,
რომელთაც თვითვეულად არ გამოუსახავსთ ჯერ თავიანთი ფიზიონომია და ვინაობა, იმ წამსვე
„ვოზროჟდენიეს“ მნიშვნელობა და გავლენა გაიქარწყლა. ამ გაზეთს გარს დასტრიალებდნენ
განსაკუთრებით ქართველი პუბლიცისტები, რომელნიც უფრო რუსეთთან საერთო კითხვებს უსვამდნენ
ხაზს, ვიდრე არკვევდნენ ადგილობრივ პოლიტიკურ პრობლემებს. ესენი იყვნენ რუსეთისადმი
ლოიალიზმით გამსჭვალული ლიბერალ-დემოკრატები. ეს ახალ ქურქში გამოწყობილი ძველი ნაცნობი
ინტელიგენციაა, რომელიც ჯერ არ მომწიფებულა საკუთარ პოლიტიკურ ფორმულების აღიარებისათვის
და რომელსაც თავი შეუფარებია ფართო და საყოველთაო ლოზუნგების ფრთეთა ქვეშ. ესენი იყვნენ
დენაციონალიზაციის სისტემაში გამოჩეკილი ბარტყები. და რევოლიუციის ხანაში ჯერ კიდევ
არა სჩანდა ის, რაც გამოაშკარავდა შემდეგში. არა სჩანდა რომ გაერთიანების საქმეს (ეროვნებათა
შორის, გინდ რუსეთთან გაერთიანების საქმეს) ხელს ვერ შეუწყობენ ეროვნულად გადაგვარებული
ჯგუფები.
დადგა სხვა დრო. ლიბერალ-დემოკრატიულ ინტელიგენციას
ფრთები შეეკვეცა. დაწყნარდა არე-მარე. დაცხრენ აღზნებული გრძნობანი და ჩაიფლნენ გულში
ბრწყინვალე იმედები. რევოლიუციის ტალღა სადღაც მთას იქით გადაგორდა.
ნელ-ნელა ნაჩვევმა გრძნობებმა და აზრებმა იჩინეს
თავი. დაიწყო პროცესი, ერთის მხრივ, უკან დახევისა, მეორეს მხრივ დიფერენციაციისა.
თავდაპირველად თავად-აზნაურთა ჯგუფმა ამოჰყო თავი.
თავად-აზნაურული ინტელიგენცია რევოლიუციის დროს ეკედლებოდა როგორც „ვოზროჟდენიეს“ ისე
სხვა პოლიტიკურ მემარცხენე ჯგუფებს. ეხლა მას თავისი ახლო წარსულის მოგონება ეჯავრებოდა.
ამ წრეში სათავეში მოექცნენ ისინი, ვინც წინად, ავტონომიის შესახებ პეტიციის აღძვრის
ხანაში, უმცირესობას შეადგენდნენ. აქ ნელ-ნელა ყოველივე „გატაცება“ და „შეცდომა“ დავიწყებული
იქმნა და მე-XVI-ე საუკუნის გრძნობები და მისწრაფებანი აღორძინდნენ და გამოცოცხლდნენ.
საყურადღებო ის არის, რომ ეს ჯგუფი არამც თუ მამულის-შვილობაზე არ იღებს ხელს, პირ-იქით
ამ მამულის-შვილობას უნდა ემსახუროს საშუალო საუკუნოების ფორმულების გამოცოცხლებით.
და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. ამ ჯგუფის წარმომადგენელნი დღეს „ზაკავკაზიეს“
გამომცემელნი, თავიანთი სოციალურის მდგომარეობით ვიწროდ არიან დაკავშირებულნი არსებულ
პოლიტიკურ მმართველობასთან. ამ ჯგუფის დევიზია ყურმოჭრილი ერთგულება და ნაცვლად ეროვნული
კეთილდღეობა − ფორმულა, რომელსაც აღარავითარი რეალური შინაარსი აღარა აქვს. მიუხედავად
ამისა დღეს ეს ჯგუფი დანარჩენ ჯგუფებზე უფრო გავლენიანია და მის პრაკტიქულ მოქმედებას
ჩვენთვის რამდენიმე საუკუნით უკან დახევას მოასწავებს.
ინტელიგენციის
სხვა ნაწილებიც იცვალნენ. დღეს ამ ინტელიგენციას ორი გაზეთი აქვს. გუშინ ესენი ერთად
იყვნენ. რა მოხდა, რატომ გაიყარნენ? არსებითად, არაფერი.
ორსავე ჯგუფს ახასიათებს უკბილო ლიბერალიზმი და
იგივე გადაბირებული ლოიალიზმი. აქ ლოიალიზმს თითქოს ტახტისაკენ არ აქვს მიმართული სახე,
ნამდვილად კი ძველი ფორმულა აქ მოკაზმულია ახალს ფრაზებში. ხოლო დრო გამოშვებით კი
არც ამ ფრაზებს იშველიებენ. (მოიგონეთ ეგზარხოსის მოსვლის შესახებ წერილები „ნოვაია
რეჩში“ და კავკასიის ეხლანდელ მმართველის მოსვლის გამო „ზაკავკაზკოე ობოზრენიეში“).
ნაცად საუკუნოებით განცდილ აზროვნების
ჩვეულებას დიდი ძალა ჰქონია და მას არ ეკარგება
თურმე ცხოველმყოფელობა მაშინაც კი, როდესაც სოციალ-პოლიტიკური წრე მას აღარავითარ მასალას
აღარ აძლევს.
მართალი გითხრათ, თავად-აზნაურული ლოიალიზმი მირჩევნია
ამ თვალთმაქცს, გამხრწნელ ლიბერალიზმს, რომელშიაც კოსმოპოლიტურ და ინტერნაციონალურ
მისწრაფებებთან გვერდით მონურ და დახავსებულ სულიერ ფსიხიკას აქვს ადგილი. თავად-აზნაურული
კონსერვატიული ლოიალიზმი ეროვნულად ბრმა, ხოლო წოდებრივად ანგარიშიანია. გადაგვარებულ
ინტელიგენციის ლოიალური ლიბერალ-რადიკალობა კი გულშემზარავი უილაჯობა და უძლურებაა.
აი რა არის და რას მოასწავებს რუსულ პრესის გამრავლება
და ფესვის მოკიდება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ის მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლაა
საჭირო. არსებული ქართული ჯგუფები, მათ შორის სოციალ-დემოკრატებიც, საკმარის ძალას
მოიპოვებენ ამ უკუღმართობის წინააღმდეგ გალაშქრებისათვის. ს.-დემოკრატები, რომელნიც
არც ავტონომიას აღიარებენ, და რომელთაც არ სწამთ „ქართული პოლიტიკა“, მაინც ახლო დგანან
ქართულ ეროვნულ ინტერესებთან, რადგან ავად თუ კარგად ისინი მოქმედებენ ქართულს წრეში,
ქართველ ხალიხთან აქვთ კავშირი, ქართულ სიტყვიერებას და მწერლობას ანვითარებენ და მით
ამაგრებენ და ამტკიცებენ ეროვნულ კულტურას. ხოლო როდესაც ქართულ ნიადაგზე მომქმედ ჯგუფთა
შორის გაიზრდება ეროვნულ ძალთა კონცენტრაციის საჭიროების შეგნება და მის მიხედვით თვით-მომქმედ
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას მკვიდრი საფუძველი დაედება, მაშინ მოეღება
ბოლო აღნიშნულ სავაგლახო მოვლენას და მხოლოდ მაშინ განიკურნება სავსებით ჩვენი ავადმყოფი
საზოგადოება.
[1] სახეში მყავს ის პირნი, რომელნიც რუსულ „ნაროდნიკულ“ პროგრამას აღიარებდნენ და რუსეთთან ერთად მუშაობდნენ ამ პროგრამის მიხედვით.
Comments
Post a Comment