არჩილ ჯორჯაძე - ქალია-ადამიანი?!

 მუსაიფი



მ უ ს ა ი ფ ი 


 

მეგობართან ერთად ტრამვაის ვაგონით მოვდიოდით. ჩვენს პირდაპირ იჯდა ორი ქალი და აუჩქარებლივ მშვენიერის ქართულით მუსაიფობდნენ. თუმცა ქალებს ევროპიულად ეცვათ, მაგრამ ეტყობოდათ, ქალაქში დიდი ხნით ნამყოფნი არ იყვნენ − სოფლის იერი ჰქონდათ და ამასთან შეატყობდით, რომ თავად-აზნაურობის წრეს არ ეკუთვნოდნენ. მათი ლაპარაკი არაფრით არ იყო საგულისხმო, ხოლო ისეთი კარგის კილოთი მუსაიფობდნენ, მტკიცედ, ტკბილად და თავისუფლად იზიარებდნენ აზრებს, რომ მე და ჩემი მეგობარი გაშტერებულნი დავრჩით. ტფილისი, ტრამვაი (თითქმის საჯარო მოედანი) ქართველი ქალი, ისიც ევროპიულად ჩაცმული და − ასეთი გაბედული, შეუპოვარი და არა-ჩვეულებრივი რამ − წმინდა ქართული, ძალდაუტანებელი ცქრიალა მუსაიფი.


− მათ ჯერ კიდევ არა სცხვენიანთ! − მითხრა მეგობარმა და მწარე ღიმილით გადმომხედა.

− როგორ, რატომ უნდა სცხვენოდეთ? − დავეკითხე მეგობარს.

მეგობარმა თავი დაიქნია და, პატარა ხნის გაჩუმების შემდეგ მითხრა.

− ქართველ ქალს, ძმაო, სცხვენიან ქართულ ენისა.

მართალია, ბევრს აღარ ეხერხება, მაგრამ ამათ კი არა რცხვნიათ, არამედ იმათ, ვინც ქართულად ლაპარაკობს და ჯერ კიდევ არ დაჰვიწყებია. ტფილისში, მაგალითად, სადაც ქართული პატივში აღარ არის, ქართველ ქალს ხმას ვერ ამოაღებინებ და ვერ აალაპარაკებ ქართულად. მაღაზიაა, ტრამვაი, თუ ქუჩა, ყველგან რუსულად ტიტინებენ. და იცი რატომ რცხვენიათ ქართულისა, რომელიც ყველას მიერ დაბეჩავებულია?

− რცხვენიათ-კი არა, − გავაწყვეტინე მეგობარს, − არ იციან, გაჩვეულნი არ არიან.

− რცხვენიათ-მეთქი! − ჯიუტობდა ჩემი მეგობარი. − ყური დამიგდე, რაშია საქმე.

− ქალი, ძმაო, განსაკუთრებული არსებაა. ქალი ფაქტიურ სინამდვილის მოტრფიალეა, ძალისა და ყოველგვარ უპირატესობის თაყვანისმცემელია. ძალას და ფაქტს ქალი სამართალზე და სინიდისზე მაღლა აყენებს. ათასჯერ მართალი იყავი, მაგრამ თუ სუსტი ხარ, ძმავ, ქალი ზურგს მოგიბრუნებს.

ანდა, ნახე, რა ნაირად გადაბმულია ქალის ამგვარი სულიერი თვისება ჩვენს მდგომარეობასთან. როდესაც საბოლოვოდ გამოირკვა, რომ ქართველი ადამიანი ნაცარქექიაა და სხვა არაფერი და, რომ ვინგინდარას შეუძლია მასზე ბატონობა, იმ

დროიდამ ჩვენ დავკარგეთ ქალი, ოდესღაც სიმტკიცით და გულშემატკივრობით ცნობილი ქართველი ქალი. ხომ გახსოვს, ერთ-ერთმა დედოფალმა რომ სასიკვდილოდ დასჭრა ხანჯლით გენელალი ლაზარევი, რომელსაც ამ დედოფლის დატყვევება და რუსეთში გაგზავნა ჰქონდა ნაბძანები. იმ ხანში, ძმაო, ჩვენი ნაცარ-ქექიაობა ჯერ კიდევ ნათლად გამოსახული არ იყო.

უბედურობას განვიცდიდით, მაგრამ ჯერ კიდევ რიღაცის იმედი გვქონდა. და ჩვენი ქალი ჩვენს გვერდით იყო. ახლა სხვაა.

ახლა ყოველივე ნათელია და ქალიც არ შეგვრჩა ხელში. ქალმა გვიღალატა. შერცხვა თავის ვინაობისა და გულში გადასწყვიტა: ვემორჩილები ახალს წესს. აქ ძალაა, აქ სიმტკიცეა, აქ ყოველივე გარკვეულია და ეს სასარგებლოც არისო. შენ არ იცი, ძმაო, რანაირად აფასებს ქალი სარგებლობას და ნივთიერ ჭარბობას.

− აბა, რას მეუბნები, − კიდევ გავაწყვეტინე სიტყვა მეგობარს, − ქალი, პოეზით აღსავსე არსება და ანგარიში, − ამაში ვერ დაგეთანხმები! დიაღ, პოეტური არსება, რომელიც

გავაღმერთეთ, რომელსაც ჰიმნს ვუგალობებთ და აღფრთოვანებულ ლექსებს ვუძღვნით, ეს მშვენიერი, წარმტაცი, საიდუმლოებით აღსავსე არსება, ანგარებით არის გამსჭვალული.

ქალს, ძმაო, უყვარს აბრეშუმი, ხავერდი, ყინვარ-შაქარი, უყვარს ყოველივე ლამაზი ხელშესახები და ტკბილი სასუნსლავი საგანი. მამაკაცი საგნის აზრს ეტრფიალება. ქალი თვით საგნის და ნივთიერების მოტრფიალეა. პოლიტიკაშიაც ამგვარია. როდესაც გამორკვეულია, რომ სხვა გზა არ არის, ქალი ემორჩილება არსებულ წესს. დამორჩილება უფრო სასარგებლოა. თუ შვილები ჰყავს შვილების გულისათვის და მათს ფიზიკურ (ფიზიკური სიცოცხლე განსაკუთრებით არის ძვირფასი ქალისათვის), უზრუნველყოფისათვის სასარგებლოა, თუ შვილები არა ჰყავს და არც უნდა რომ ჰყავდეს, სასარგებლოა პირადად მისთვის, რადგან სოციალური მყუდროება, თუნც ძალ-დატანებითი, მეტ შემთხვევას აძლევს პირადი სიამოვნებისათვის, ვიდრე შფოთი და დაუდგრომელი წყობილება...

ამ ლაპარაკში ტრამვაი ბინაზე მივიდა. ჩამოველით და ნელის ნაბიჯით გავისეირნეთ ვაკესაკენ, სადაც, ქართულ გიმნაზიის იქით, ჯერ კიდევ დაუსრულებელი მინდორი იშლება. არ ვეთანხმებოდი ჩემს მეგობარს, პარადოქსად მეჩვენებოდა მისი ფილოსოფია — მაგრამ სიამოვნებით ვუგდებიდი ყურს, რადგან თვით სალაპარაკო საგანი მაინტერესებდა. ჩვენ, ქართველები, ქალის შესახებ არასოდეს არ ვლაპარაკობთ სერიოზულად. უმეტეს შემთხვევაში ვლაზღანდარაობთ. და, თუმცა ჩემს მეგობრის სიტყვებში ბევრი რამ იყო დაუსაბუთებელი, მაგრამ კილო კი სერიოზული ჰქონდა და, რასაც ამბობდა, სერიოზულად ამბობდა.

− დიაღ, უცნაური ქმნილებაა ქალი. ჩვენ, მამაკაცები, ქალს თითქმის სრულიად არ ვიცნობთ. ჩვენი აზრი ქალის შესახებ შემუშავებულია ლიტერატურის ზეგავლენით. და ვისაც ლიტერატურული აღზრდა აკლია, იგი თვითონ ჰქმნის ქალის სახეს, თანახმად თავისი საკუთარის იდეალებისა და გემოვნებისა, და არა თანახმად სინამდვილისა,რომელშიაც ჩახედვა, ამ ახირებულ იდეალისტურ მიდრეკილების გამო, კაცს არ ძალუძს. ის ქალი კი, რომელიც სინამდვილეში არსებობს, სრულიადაც არ ჰგავს, პოეტების მიერ შექმნილ და ყოველ მამაკაცისაგან შეწყნარებულ ქალის ტიპს. ნამდვილი ქალი, ძმაო, ჩვენთვის დაფარულია. ჩვენი მსჯელობა ქალის შესახებ მის

გარეგნობის დაფასებიდან წარმოსდგება. თუ ქალი კეკლუცი, ნაზი და შნოიანია, იგი ჩვენთვის მშვენიერების სიმბოლოდ ხდება. თუ მის ლურჯ ან შავ თვალებში კაცი ზღვას, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ან შავბნელ წყვდიადით მოცულ საიდუმლოებას ხედავს, ქალიც ხდება საიდუმლოების და გამოუცნობელობის სიმბოლოდ. ქალი გარეგნობით გვიზიდავს და მას გარეგნობით ვაფასებთ. კუდიანი ქალი ყოველთვის მახინჯი და ბებერია ჩვენს თვალში, სილამაზეს ბოროტებას ვერ

ვუკავშირებთი და ამიტომაც შნოიანი და კეკლუცი ქალი ანგელოზი და ცით მოვლენილი არსებაა ჩვენთვის. ნამდვილად კი, ძმაო, ნამდვილად, ყოველივე ეს, ჩვენ მიერ შეთხზული და ქალის მიერ განსახიერებული, სიცრუვეა... ჰო, იმას გეუბნებოდი, ჩვენ ყველანი ხომ ერთ პირობებში ვართ აღზრდილნი, მაგრამ ქართველ ქალის გადაგვარების ამბავი ხომ საარაკოა. ისე იცვლის ბუნებას, რომ გეგონება იმთავითვე ამ

ხასიათისა იყო. სკოლებში ხომ ერთგვარად გვამახინჯებენ, მაგრამ ჩვენს ქალზე განსაკუთრებით მოქმედებს ეს „დამახინჯების რეჟიმი“. ჩვენს „საზოგადოებაში“ ქალმა პირველმა დაივიწყა ქართული ენა და იუკადრისა ქართულად ლაპარაკი. ოჯახიდან ქალის წყალობით არის ენა განდევნილი. ჩვენში ხშირია ამგვარი მოვლენა: ქმარი ქართველი საზოგადო მოღვაწეა, ცოლი კი არაფრით არ არის დაინტერესებული ქმრის საქმეებით. თუ გამოელაპარაკე რომელსამე პატიოსან მანდილოსანს: ბატონო, შვილებს ქართულს რატომ არ ასწავლით, ან შინ ქართულს რატომ არ კადრულობთქო? – გაიღიმებს, ბოდიშსაც მოიხდის: ასეთი ცუდი ჩვეულება გვაქვს, ასეთები და ისეთები ვართო. მაგრამ იცოდე, რომ სტყუის. გულში არა სჯერა ამ შენი ქართულის საჭიროება. დიაღ, საჭიროება არა სჯერა. ქალი ხომ ყოველსავეს ადლითა ზომავს. იგი დარწმუნებულია, რომ მისი შვილების ბედნიერებას ქართული სრულიად არ გამოადგება. ინჟენერი, აფიცერი, ვექილი, ექიმი და სხვა და სხვა, უქართულოდაც გასძლებს, ქონებასაც შეიძენს, პატივსაც მოიხვეჭს. გააწყალეს გულთ ქართული და ქართულ, − ნეტავი რას გაძლევთ ეს ქართულიო. ამაზე შორს, „საზოგადოების“ წრიდან გამოსულ, ქართველ ქალის მსოფლხედველობა არ

მიდის. პოეტმა სთქვა, არა? „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინობდაო“. ჰაი, ჰაი, რომ ამ საქმეს მზე დღეს აღარ იკისრებს. ეს, ძმაო, ეჭვს გარეშეა.

− ჰო, იმას ვამბობდი, იმ ქალებს მეთქი, ტრამვაიში რომ ვნახეთ, ჯერ კიდევ არ შერცხვათ თავის ქართველობისა; გულუბრყვილო, პროვინციელი ქალები იქნებოდნენ, სოფლის მასწავლებელნი, ან მღვდლის ქალიშვილნი, რომელთა

წინაშე ჯერ კიდევ არ წამომდგარა ეს პრობლემა თავისი სიმკაცრით და სისასტიკით ისე, როგორც ისახება იგი საქართველოს ცენტრში, ტფილისში. იმ ქალებს ჯერ კიდევ, აშკარაა, ქართული ზღაპრებიც არ ექნებათ დავიწყებული, გემრიელ ნაზუქის გამოცხობა ეცოდინებათ, ჩურჩხელების გაკეთებაც, ქვეყნის და ხალხის წინაშე სინიდისი დამშვიდებული აქვთ და ამიტომაც იყო, რომ ასე ტკბილად, ასე აუჩქარებლივ, ასე დამშვიდებით, ყველას მიერ დაბრიყვებულ ქართულ ენით მუსაიფობდნენ. O sancta simplicitas!

დაბინდდა. ჩემმა მოსაუბრემ ერთბაშად მოსჭრა სიტყვა, გაჩუმდა და მეც აღარ აუხირდი. გაჩუმებულნი და მყუდრო შემოდგომის საღამოთი მოხიბლულნი, გამოვბრუნდით ქალაქისკენ.



1910 წელი

Comments