იოსებ დავითაშვილი - გლეხი
მთელი ერის მარჩენალი
გლეხ-კაცია, მიწის მუშა,
რაც რომ მძიმეთ უღლად აწევს
არ იქნა, არ დაიფუშა.
წლითი წლამდის გლეხი შრომობს
წაუხრია მისთვის ქედი
ვფიქრობ თუ რით შეიცვლება
დაბურდული მისი ბედი.
დასცინიან უგრძნობარნი,
დაზრდილები მის შრომითა,
იმედია ჩაქვავდება
ავის მთქმელი შავი ქვითა.
ვინც უარრჰყოფს გლეხის ნაშრომს
გასტენია თავი ბზითა,
წყეულია ყველასაგან,
წყეულია მაღალ ღვთითა.
ნაკურთხია გლეხი კაცი
დიდათა და დიდებითა,
წაიმართოს გლეხის საქმე,
წაიმართოს ყველა მხრითა.
1883 წელი
ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Comments
Post a Comment