იოსებ დავითაშვილი - მშრომელებს სალამი

 


იკურთხოს მათი მარჯვენა,

ვინც კვერსა სცემდეს ზინდახსა,

ვინც შრომით არჩენს ცოლ-შვილსა,

პურსა სჭამს შრომით წმინდასა.

სახელი, პატივ-დიდება

მათ ოფლსა, სხვისთვის დაღვრილსა!

სიმრავლე გამარჯვებაი

მათ ყველას, ნაწაღმართევსა.

ვინც გუთანს მართავს, ოფლსა ღვრის,

და ვინც მსახურობს მოძმესა,

ვინაც იხრება ტვირთ ქვეშა

და მით ინახავს ცოლ-შვილსა.

სახელი, პატივ-დიდება,

მათ ოფლსა, სხვისთვის დაღვრილსა!

სიმრავლე გამარჯვებაი

მათ ყველას, ნაწაღმართევსა.

ნუ დავივიწყებთ ნურც იმათ,

ვინც იტანჯვიან ძმათათვის,

თვითონ შიმშილსაც ითმენდნენ,

კეთილს ეძებდნენ სხვათათვის.

სახელი, პატივ-დიდება,

მათ ოფლსა, სხვისთვის დაღვრილსა!

სიმრავლე გამარჯვებაი

მათ ყველას, ნაწაღმართევსა.



ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში





Comments