„ცისკარს“ რა აკაკანებდა?

 

გიორგი წერეთელი


 



„ცისკარი“ იანვარს აქეთ რაღაც ერთობ დატკბა. ანჩხლობის მაგიერად თითქოს ყველას ია
და ვარდს აფენსო...მეტად გაგულკეთილდა!...წარმოიდგენდით, მკითხველო, თუ როდესმე „ცისკარი“ იმ გაბასრებულ ჩხუბის შემდგომ ასე დამშვიდდებოდა? ახლა შეხედეთ! თითქო ბუღაღსაც ვერ გააღვიძებსო!- ასე გაშინჯეთ: საზოგადოებასაც თავს აბრალებს ვითომც ვისმე შეევიროებინოს. რას თათბურებ „ცისკარო“? ან ვის კალთაში ლამი თავის დადებას? ვინ შეგავიწროვა?..რომ შენთვის ჯერ კაცს ხმა არ გაუცია? და მართლა რომ კიდევაც ვინმემ ხმა გაგცეს, განა უნდა საჩივლელად წახვიდე? შენ შენი აზრები გაქეს, რომლების დაცვაც ყოველ წინააღმდეგ აზრისგან უკანასკნელ სისხლის ცვარამდინ გმართებს, მაგრამ მხოლოდ შენი გონებით და მსჯელობის ძალით და არა სხვის მოხმარებით. მსჯელობა ყოველთვის თავისუფლებას ეძებს და ყოველი გვარი მფარველობა მას სიკვდილივით სძაგს. ან იქნება მართლა შენ გინდოდა გუგულსა და მამალსავით მოიქცე?..“გუგულო რისთვის აქებ მამლის ყივილსაო“? – „მიტომ რომ მამალი ჩემს ხმას აქებსო“ ვინ არ მიხვდება, ჩემო „ცისკარო“? რომ „ცისკრის“ ამგვარი ქცევა უფრო სულ მოკლე სიმხდალის ნიშანია, რომ როგორმე დამოკლესის მახვილს აიცდინოს და არა იმ სულგრძელ მოქმედების შედეგი, რომელიც აღიძვრის ყოველ კეთილშობილ გულში, როდესაც მას შეაგონებენ მისს შეცდომაებს. - მით უფრო მაგითი პირს ვერ აგვახვევინებ, რომ მაინც დაწვრილებით არ განვიხილოთ საზოგადოების წინ შენი ექვსი წლის ნაღვაწი, რომლითაც ყურებს გვიყრუებ. ვერც იმას მოგვაშლევინებ არა ვთქვათ, რომ ყოველი ფაქტი, საზოგადო გონიერების წინ წაწევის დასამტკიცებლად აღმოჩენილი, რაგინდ რომ თავისთავად სასარგებლო იყოს, მაინც გაივლის უნაყოფოდ ცხოვრებისათვის, როდესაც ეს ფაქტი დაფუძნდება ბრუნდე დასაწყისებზედ, - თავად ის საშუალობა, რომლითაც მიუცილებლად საზოგადოების გონებითი ხსნა ყველაზედ მსწრაფლად წინ უნდა წაწეულიყო, როდესაც მას არ უჭირავს თავისი ადგილი ცხოვრებაში, წავა სრულიად უნაყოფოდ, როდესაც ხალხის სიტყვა რომლის გამომთქმელათაც უნდა იყოს ყოველი ჟურნალი, არ უბნობს იმას, რაც რომ სტანჯავს ხალხის ცხოვრებას, არ მუსრავს იმ ნაკლულევანებებს, რაც რომ წინ უდგება ცხოვრების კეთილ მდგომარეობას და არ აჩვენებს საზოგადოებას სწავლისაგან გამოსაკვლევ ჭეშმარიტებაებს და კანონებს, რომლების ძალითაც ისპობა ეს ნაკლულევანებაები მაშინ ყოველი ფერი უნაყოფოა.

 ამ უკანასკნელ დროში, ნამეტურ ორის წლის წინიდამ დაწყებული იანვრამდინ მაინც, „ცისკარი“ თითქოს სამუდამოდ გამოეთხოვა მოსვენებას. ლანდით დაფრთხალ კაცივით არა ეშველა რა, შფოთვაში და ღელვაში ატარებდა თავის წუთის სოფელს. რა მიზეზი იყო, ან რისგან შეემთხვა ასე უეცრად აგრეთი ცვლილება, კვალის ამღები ახლაც არ არის. გრძნობდა მხოლოდ ერთ საუბედურო სიმპტომებს, (უსათუოდ ახლაც გრძნობს, თუმცა რომ გვგონია პირზედ ვარდი გადმოსდისო) დრო გამოშვებით ტანში ჟრუანტელი უვლიდა, მაგრამ ნიშნის ცოდნიდან მიზეზის გამოკვლევამდინ ყოველთვის დიდი ბიჯია, „ცისკარისთვის“ ხომ სულ მიუწვდომელი ყოფილა. ხან იმას მივარდებოდა აშფოთებული ხან ამას და ამ გვარ ვითარებაში ერთვოდნენ მისი უფერო დღეები საუკუნესა. მის ამ გვარმა ქცევამ ისე მოგვიხუთა სული, რომ ბოლოს გამოჩნდა ერთი ღვთიანი კაცი, რომელმაც მიიღო თავის თავზედ მის მაშფოთებელ მიზეზების გულ წრფელად ჩვენების მოვალეობა, ვითომც ეგონა იმ კეთილ პირს, თუ ერთის მხრივ „ცისკარსაც“ სარგებლობას მოუტანდა, რადანაც თავად ცისკარმა იმ მიზეზების კვალიც არ იცოდა და მეორეს მხრით ჩვენც გაგვათავისუფლება მის ფუჭ ქადაგებისაგან; მაგრამ ღმერთი არ გაუწყრა!..ფხიკიანი აკი გამოდგა „ცისკარი“!..ექიმთან წამალზე გაფრენის მაგივრად, მიზეზების ჩვენება თავის თავზედ აკი უკადრსად მიიღო!.. ამაზედ მახსენდება ერთი ყმაწვილი, რომელსაც თვალზედ გამოუვიდა მუწუკი. „ყმაწვილო, თვალზედ შემწვარი ხახვი დაიდე, დაგიმწიფდება, ჩირქი გამოვა და მუწუკისაგან მალე განთავისუფლდებიო“.-ვინც შეხვდებოდა ამას ეტყოდა. ყმაწვილს ეგონა თუ მუწუკიანს მეძახიანო და ვინც კი მის წინ მუწუკის სახელს ახსენებდა, სულ კუდით ქვას ასროლინებდა ხოლმე!.. რა სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო ყველასათვის „ცისკარის“ აგეთი ზნეობითი სიჩვილე, მაგრამ სამწუხაროდ ეს მართლა მოხდა. იწყო გაბასრებული ჩხვლეტა; ცოტა რომ მჭრელი ეკალი ჰქონოდა, თქვენი მტერია, რომ ბრალიანს და უბრალოს სულ ერთიანად დაჰჩხვლეტდა! რაღაც ბედით, არ ვიცი, დღე მოსწრებით მოსტეხია ეკალი, თუ დასაბამიდანვე მისთვის უზენაესს იმ ერთი ეკლის სიბასრეც დაშურებია. მოჰყვა უკბილო ღრძილებით ლოღვნასა... აბა ერთი მითხარით ღრძილებით ლოღვნა ვის რას ავნებდა?. აქედან აშკარათა ჩანს მისი პასუხების გება არავისთვის არ ღირდა თავის შესაწყენად. ამიტომ, რომ ამ შემთხვევაში წინააღმდეგ მოქმედებას აღძრავს მხოლოდ ერთი ტკივილის გრძნობა; თუ რომ ნაკბენი არსაით შეიმჩნევა, უსათუოდ იქ არც ტკივილის გრძნობას ექნება ალაგი, მაშ ყოველი წინააღმდეგი მოქმედებაც სრულებით წავიდოდა ამაოდ, და თუ რომ ეხლა ვსცებთ პასუხს, ამის მიზეზი არის უსათუოდ ერთი საგანი, რომელიც ქვემოთ ცხადდება. „ცისკარმა“ რომ ამ ბოლოს დროს დაიწყო ჩხვლეტა და წივილი-ეს ფაქტია და ყველამაც იცის. რა იყო მისი წივილის მიზეზი? უსათუოთ ერთი იმ ელემენტთაგანი, რომლის მოკლებითაც ყოველს სხეულში შეირყევა სიმართლე. „ცისკარმა“ დაიწყო ცოტა ხელის მომწერების რიცხვზედ ჩივილი: აშკარაა, რომ ზემოხსენებული ელემენტი არ ყოფნიდა. ესე იგი არ იყო იმდენი, რამდენსაც მოითხოვდა მისი სიმრთელით ყოფნა; რასაკვირველია, რომ ამის შემდგომ ის მიუცილებლად უნდა ჩავარდნილ იყო არა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რომელსაც მიდამ ოხვრა და წივილი მოსდევს. იმერეთში ვიცოდი ერთი ოჯახი, სადაც იმყოფებოდა ერთი საწყალი მუნჯი, ეს მუნჯი იყო მეტად წითელ ნუნუის და ნამეტურ მისი კულით რაკრაკის მუსუსი. გაჩნდა იმერეთში წყეული ნაცარი, რომელმაც სულ ერთიანად კვიტებში დაახმო ყურძნის ტევნები; გაჭირვებულმა მუნჯმა არა თუ კულით, სტაქნითაც ვეღარ დაიტკბო ნუნუით გული; მას აქეთ იმას პირზედ საუკუნოდ დაეკარგა ღიმილი. „ცისკრის“ ჩივილი ედარება ამ შემთხვევის შედეგს, მაგრამ ელემენტის სიცოტავეს მიზეზი კი იმყოფება თავად „ცისკარში“ და არ მიეწერება გარეშე უეცარ შემთხვევას, როგორც ყურძნის ნაცარი. მოლაყბე გვიმტკიცებს, ვითომც თერგ დალეული და სხვა მის გვარი პირები ცისკარს არ იწერენ და მით იყოს ცუდიო. მე მგონია ეს „ცისკრის“ უკარგობის მიზეზი კი არ არის, მისი უკარგობის მიზეზის შედეგია: ალბათ რომ მისი გამოწერა სასარგებლო არ არის და რომ არიწერენ.

 რა გინდ რომ გაუხსნელი იყოს საზოგადოება, ეს მაინც ცხადია, რომ ის ცხოვრებს, მაშა-სადამე მის მოთხოვნილებაში უნდა სუფევდეს ცხოველი აზრი, მარგები ელემენტი, რომელზედაც დამოკიდებულია მისი სიცოცხლე. ტყუილი არ არის მე რომ მშიოდეს და შენ ცარიელი სიტყვებით მიყოლიებდე, ჩემ შფოთვაზე მუდამ მიმეორებდე: „მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო“, სწორედ ვიფიქრებ: „ეს კაცი ან გაგიჟებულა ან ჩემი შიმშილით მოკვლა ნდომია მეთქი“ თავად იესო ქრისტეს ღვთიურ ქადაგებასაც არ ექნებოდა ერთ უდაბურ ალაგს ხალხზედ იმდენი გავლენა, თუ ისინი ქადაგების შემდგო პურით და თევზით არ დაეძღო. აგერ ერთი საუკუნეა სპარსელების და ოსმალებისაგან განვთავისუფლდით; ცისკრის რედაკტორს კი, როგორც პოეტს, თითქოს ერთი საუკუნის განმავლობაში სულ აძინიაო და როდესაც ძილისაგან თვალი გამოუჭყეტია, მოჩვენებია ვითომც ჩვენ ისევ იმათ ხელში ვართო და ჩვენ ყმაწვილებს გულში „ნანით“ აკვნითგან სისხლის ღვრის გრძნობის აღძვრას უპირებს? - მოუვიდა პოეტიკური ფანტაზია და აღტაცებაში გამოხატაო თავისი გრძნობა-იტყვის ზოგი. ჩვენის ფიქრით გრძნობა აღიძვრის, როდესაც კაცის გონებაზედ მოქმედებს გარემოება, როდესაც კაცის გულში აღძრავს რომელიმე აზრს თავად ცხოვრება და გარეგანი ქვეყნის ზემოქმედება. პოეტი ხომ კაცზედ სხვა რიგი არსება არ არის? თქვენი რისხვა მქონდეს თუ „ცისკრის“ რედაკტორს თავის დღეში ენახოს ხანჯლით მოკლული კაცი.- მაგითი კიდევ ხომ არ მტკიცდება, რომ ჩვენ შინაური მტერი სრულიადაც მოგვსპობოდეს-იტყვით,მკითხველო. დიახ მართალია, მტერი ცოცხალ არსებას არასოდეს არ ესპობა, მაგრამ ახლანდელი მტრები ძველ მტრებს ხომ არა გვანან. მის ფარში ჩვენი ხანჯლის წვერი ვერ გაატანს. „დევკაჟის მოსაკლავად დევკაჟისვე ხმალი უნდა მოიპოვოო“-არის ნათქვამი. აი ჩვენს ვითომც პოეტს რედაკტორს ხანჯლის ხმარების მაგივრად ყმაწვილებისთვის ესწავლებინა, თუ როგორის საშუალობით მოიპოება დევკაჟის ხმალი-ეს სხვა იყო, თორემ ამ ნაირი საზრდოთი ჩვენი ყმაწვილები აკვანში ვეღარ გაიზრდებიან; მაგ გვარი საზრდო ერთობ დაობდა, რომ მათ სხეულისთვის იქნეს მარგები და შეძლევაზედაც თავად მათ პირი არ გაიბრუნონ. მაშ საიდან აღიძრა ეგ კეთილგრძნობა პოეტის გულში? საიდანაც ის საკიცხავი ვაჟი მილიციონერი და სულ მთელი „დიასამიძის“ სახლობაც, რომლების მსგავსი იქნება რამ ჰაერში სუფევდეს და არა ჩვენ საზოგადოებაში.-სულ ერთ გვარ წყაროდან, რომელიც ერთ ცრუ გრძნობით მოდის აღტაცებაში. და თავის ვიწრო შეხედულობით ვერ სწვდება რეალურს, მართალ ცხოვრების სიმრავალგვარეს; სულ იმ დამსხვრეულ ფანტაზიიდან, რომელიც ვერ ხედავს ულეველ ქვეყნის მშვენიერებას და „ანგელოზის“ მხრებზედ მჯდარი, მიიგლიჯება ჰაერში, უნდა ცხოვრებაც თან გაიტაცოს. ჰაერში ფრენა ჩვენ არ გვარგიაო!.. როგორც დედამიწის შვილები ჩვენ მხოლოდ დედა მიწაზედა ვართ წელმაგარიო,-მიუგო საზოგადოებამ ინსტიკტურად ხელის მოუწერლობით.-შენ ჩვენ გულ მტკივნეულებას ვერა გრძნობო, წადი, როგორც გეფრინოს ჰაერში, ისე იფრინეო! აი, სად არის „ცისკრის“ მარგებ ელემენტის სიცოტავეს მიზეზი და მასთან მისი ჩივილისაც. აშკარაა, რომ „ცისკრის“ უკარგობა და მისი ჩივილი სულ თავის მიმართულების ბრალია, რომელიც, მართლა რომ ვსთქვათ, სრულებით არადროს მასში არ ყოფილა როგორც ეხლა არ არის, ამიტომ რომ ყოველი გვარი მიმართულობა არის დაფუძნებული რომელიმე აზრზედ და წადილზედ, რომელიც მუდამ უნდა გაჰყავდეს მას საზოგადოებაში; მაგრამ თუ რომ აზრი არ სუფევს, ალბათ აქ არც მიმართულებას ექნება ალაგი.

 რა იქნება იმაზედ უკეთესი ყოველ მემამულესთვის, როდესაც ის ფაქტით იგრძნობს თავის საზოგადოების გონების კეთილ-წარმატებას. ამ გვარ ფაქტით რასაკვირველია დამტკიცდა როგორც ეს, ისე ცხოველ ელემენტების დაძვრა ჩვენ საზოგადოებაში. ჟურნალის გამოცემით ყველამ ვიგრძნეთ, რომ მრავალ ხნის ძილის შემდგომ, ბოლოს ჩვენ ცხოვრებასაც ეშველა თვალის გამოჭყვერა, თუმც რომ „ცისკრის“ რედაკტორს გონია, ვითომ მხოლოდ იმას და მის თანამშრომლებს მოეხდინოს ან აღეძრას ეს მომენტი ჩვენ ცხოვრებაში. იმას ხომ ვერ დააჯერებ, რომ რამოდენიმე გულ-წრფელი სიტყვა, რომელიც მის გამოცემაზედ წარმოითქვა, იყო საზოგადოების გამოხმობა რომლის თანაგრძნობითაც „ცისკარმა“ მოატანა აქამდინ ძალა უნებურათ.

 ყოველი მომენტი, ხალხის ცხოვრების კეთილ წარმატების განმსაზღვრელი, არის მრავალ ხნის ისტორიულ ცხოვრების ნამყოფი,-და არა კაცის ძალას აგეთი ბიჯი არ შეიძლიან საზოგადოებაში რომ მოახდინოს. თითოეული პირის ცხოვრება იმგვარად არი შეკავშირებული მთელ საზოგადოების ცხოვრებასთან, რომ არც შეუძლიან მის ზედ-მოქმედებისაგან თავი იხსნას, არც მისგან გაცალკდეს და არც მაზედ ამაღლდეს; ამისგამო ყოველ ცხოვრების მოქმედების ფაქტის წინ, თითოულის პირის მოქმედება დარჩება ყოვლად უძლური; მაგრამ ამ შემთხვევაში მისი გამჭრიახობა და ნაღვაწი, როგორც საზოგადოების წინ, აგრეთვე შთამომავლობის წინ იფასება, თუ რამდენად უგრძვნია იმას ეს ფაქტი, როდესაც შემთხვევით გამხდარა მისი მმართველი, ან თუ რა მხრით წარუმართავს ის, რომ როგორმე ამ ფაკტს შესძლებოდა ცხოვრებისთვის მოეტანა იმდენი კეთილი, რამდენიც მისგან იყო შესაძლო. რომ ვრცლად გავზომოთ ამ ზომით „ცისკრისაგან“ მოტანილი საზოგადოებისთვინ კეთილი ექვსის წლის განმავალობაში და მისი მმართველის ღვაწლი შთამომავლობის წინ, საჭირო არის ცოტა მოვილაპარაკოთ იმ კანონებზედ, რომლების წესითაც გადასულა განათლება ერთის ხალხიდან მეორეში; მით უფრო, რომ ჩვენ ცხოვრებაში აღმოჩენილი მომენტი არის ამ წრისა და არა ჩვენი საკუთარი ისტორიულ ცხოვრების ნამყოფი.

 როგორც ისტორია მოგვითხრობს საზოგადო კაცობრიობითი განათლების გზა მუდამ ყოფილა ავი საკვლევი. ვინ წარმოიდგენს, თუ რავდენ ადამის შთამომავლობას თავი ქვაზედ უმსხვრევია და ხალხს ხალხად დაუყვია თავის წუთის სოფელი, სანამ შემზადდებოდა ახლანდელი ევროპის ცივილიზაცია და რა? ზოგიერთს სწავლულს, რომელსაც სუნითა და გემოთი დაწვლილებით გაუცვნია ეს განათლება, რომ ჰკითხოთ, ამბობს, „ჯერ კიდევ სწავლის კარშიაც თუ ვართ შესულიო.“ მართლა, რომ კიდევაც კარგად მოვიფიქროთ, არც გასაკვირველია ასე ნელა ბოდიალი ხსნის გზაზედ. თუ რომ წარმოვიდგენთ იმ მჭმუნვარე გარე მომდებარეობას, იმ სულ მომხუთველს, წრიაპს კლდეებს თავის დახშულის, უდაბურის მღვიმეებით, იმ ცამდინ მწდომს მთის წვერებს თავის უძირო ნაპრალებით, თვალ მოუწვდომელ მინდვრებს და მუდამ მღელვარე სტიქიონს, რომლებსაც უნდა ქონოდა მისთანა მჭიდრო ზედ მოქმედება ჯერ კიდევ ნორჩს კაცის გამოხატულებაზედ; კიდევ მადლი მის სიყურმახვილეს, თუ რომ ბოლოს მას უშველა მაინც ამ გვარ ზედ მოქმედებისგან განთავისუფლება. ხევთა ჩხრიალი, ქართა ქრიალი, კლდეთა ღუილი, ზვავთა ძგრიალი, მეხის ჭექა, ზღვის ქოთვა, კოხთა ცქრიალი და ათასი სხვა ბუნების ძალების სასაშიშრო მოქმედებაები და გამოხატულებისთვის მკაცრი სურათები განა არ იქნებოდნენ საკმაოდ, რომ პირველადვე დაეფრთხოთ გაუხსნელი კაცის გონიერება, რომ კაცს ევლო მართლა „წყუდიად ბნელში“ ქვეყანაზედ, სანამ რომელიმე გარემოების გამო, შესძლებოდა ხელი გაეშვირა თავად მის მჩაგვრელი ბუნებისთვის და მასშივე ეძებნა წყაროები თავისი ცხოვრების კეთილ-მდგომარეობაში? განა ახლაც კი არ არის რწმუნება ჩვენ ხალხში, ვითომც ტყეში, ნამეტურ ღამე, ყოველ ფოთლის ქვეშ იმალვებოდეს ფათერაკი სული, რომელიც თითქო ყოველს გამვლელს ეჯახებოდეს შესანთქავად. თუნდ თვითონ „ცისკარიც“ ავიღოთ. ასე გასინჯეთ ამ გვარ რწმუნებაებზედ ერთობ გულ გრილი არც ის ყოფილა. თორემ ეს კარგად ვიცი, რომ ერთ მის ნომერთაგანში - ნომერი დამავიწყდა საუბედუროდ- იყო გრძელი მოთხრობა, თუ ბრუტ-საბძელზედ რა რიგი შექცევა ქონიათ თავის ტარტაროსით კუდიანებს. ამას იქით თუ კი ახლანდელი კაცის გონიერებას ვხედავ ამ გვარ მდგომარეობაში, როგორსაც წარმოგვიდგენს ევროპიის ცივილიზაცია, სადაც კაცს გაუტეხია ბუნებისგან შებმული მონების ბორკილი, ე. ი. განთავისუფლებულა ამ გვარ რწმუნებაებისაგან, და გამხდარა თითქმის მისი ბატონი, კიდევ მადლი მის გონიერებას. ეს არის რომ, როგორც ზევითა ვსთქვით ერთობ ბევრი ხალხის ოფლი დაწურულა და ჩაუვლია მრავალ საუკუნოებს, სანამ კაცობრიობა მოვიდოდა ამ გვარ მდგომარეობაში. ეს განათლება არის მრავალის ისტორიულის ხალხების ნაშრომი, რომლებიც მოქმედებდნენ ერთი მეორის შემდგომ. მრთელი კაცობრივობის ცხოვრება, როგორც დასაბამიდგან ისე აქამომდე მომდინარეობს, (რომ მომავალ დროზედ სჯას დავეხსნათ, რადგანაც მომავალი ჩვენს გულს მხილველობისაგან დაფარულია), თავის თავად არც ძველდება და არც წარმავალია; ძველდება მხოლოდ მისგან გამონაკვლევი ფორმა, მისგან შემუშავებული საზოგადო წყობილება, რომელიც იმ დროში ამ ცხოვრების მოთხოვნილებას მხოლოდ აკმაყოფილებდა. თან და თან ხალხის განათლებით რასაკვირველია თავად ცხოვრების მოთხოვნილებაც, მის კეთილ მდგომარეობისამებრ, უფრო და უფრო ვრცელდება და მრავლდება სხვა და სხვაობით; მაშასადამე რამოდენიმე საუკუნეს წინ დაარსებული საზოგადო წყობილება და მისგან მონაპოვარი საშუალებაც ვეღარ აკმაყოფილებს ამ ცხოვრების მოთხოვნილებასა. აშკარაა რომ საზოგადო ფორმამ განვლო თავის საუკუნე. დაძველდა და ამის გამო ან სულ უნდა მოისპოს და ან გადაკეთდეს ახლად შემოსულ მოთხოვნილებისამებრ. ცხოვრებას მხოლოდ თავის ნიჭნი სისრულეში მოჰყავს. მაგალითად: უნდა ავიღოთ კაცი ივანე. ივანე ისეთი ივანეა აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანი, ისეთი კაცის არსება არის აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანი, ისეთი კაცური უფლება აქვს აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანს: მხოლოდ რომ ივანე აკვანში იყო ჩვილი ყრმა და ეხლაკი წვერ-ულვაშიანი ვაჟკაცია; მაშინ იმას დედა არჩენდა, ეხლა კი თავს თვითონ ირჩენს. მაშინ ის იყო ჭკუით უგუნური, ეხლა კი გონიერი, ისე ცხოვრებაც მხოლოდ რომ, შეიძლება წინეთ დაარსებული ზოგადწყობილების ფორმა იყოს დამყარებული იმ გვარ სასტიკს კანონებზედ, რომელიც ჩააგდებს საზოგადო გონიერებას და მის გამჭრიახობას უძლურებაში, როგორც საწყალ ივანეს დააჯეჯავებს მუდამ დედის ცემა; მაგრამ რადგანაც კაცის გონიერებას მოსდგამს მუდამ სისრულეში მომავალობა, არაოდეს არც ხალხის ცხოვრება არ დარჩება მუდამ ერთ და იგივე მდგომარეობაში; აღიძვრის თუ არა ცხოვრებაში იმდენი ძალა, რომ საკმაო იქნება ახალ საშუალების მოსაპოვებლად და ძველი ფორმის გადასაგდებათ, იმავ წამს ცხოვრების წინ მსვლელობაც დაიძვრის და ატყდება გამწარებული ბრძოლა ძველ წყობილების და ახალ მოთხოვნილების შუა. ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთ მკაცრის გარეგან შემთხვეულებაების გამო თავად ხალხის ცხოვრებაც უდროოდ დაიღუპოს, როგორც დაიღუპება საწყალი ივანეს სიმრთელე და გონიერება, თუ რომ რომელიმე გარემოებისგამო არ წაერთვა მისი თავი დედის სიმტარვალესა. აი ამ გვარად დაიქცა რომიც. რა გინდ რომ მკაცრი ზოგად წყობილებაც არ ყოფილიყო რომში, რა გინდ რომ გასრესილი არ ყოფილიყო მისი შინაგანი ცხოვრება ზოგად წყობილებით სიმტარვალისაგან, რაგინდ რომ შევიწროვებულიც ყოფილიყო მის ცხოვრების კეთილ-წარმატების საშუალობაც, მაინც მიუცილებლად ხალხში აღმოჩნდება იმდენი ცხოველი ძალა, რომ შესძლებოდა გაეწია ბრძოლა მის მარჩომელ გარემოებასთან და მოესპო ის თუ, რომ შინაგან ბრძოლას და უთანხმოებას არ მიმატებოდა მრთელის ქვეყნების ხლხების ძალა, რომლის სიმძლავრის ქვეშაც გაისრისა სრულებით რომის არსება, აი ამ გვარ უეცარ შემთხვეულებაების გამო დაიყოფებოდა სხვა და სხვა დროში თითქმის ყოვლის ისტორიულის ხალხის ცხოვრება,-და იმავ მიზეზებსაც უნდა მივაწეროთ თითქო მემკვიდრებით ჭკუითის საუნჯის გავრცელება სხვა და სხვა ნაციებისაგან. განსაკუთებით შესანიშნავია ის კანონი ამ შემთხვევაში, რომლის წესითაც ერთს ხალხს გადუცია მეორე ხალხისთვის თავისი ჭკუით შეძენილი ქონება, მით უფრო რომ ზოგი ცუდი მხარე, რომელიც თან მოსდევს ამ გვარ წესს არა ხალხის ცხოვრებას, სადაც კი განათლება გადაღებით გადასულა, არ ასცილებია. ასე გასინჯეთ ჩვენც ვერ ავცილებივართ იმ ქვას, რომელზედაც წამოუკრავს ფეხი თითქმის ყოველის ისტორიულის ხალხის ცხოვრებასა. ამის მიზეზი უნდა იმყოფებოდეს უსათუოდ ჯერ კიდევ ნორჩს ხალხის გონიერებაში, რადგანაც მის სუყე ჭკუასა არ შეუძლია იმ მაღლად გახსნილის ცხოვრების საფუძვლიანად გახილვა, რომელშიაც მას ექნება ნიადაგი მიმოსვლა. ავიღოთ თუნდ მაგალითი: ვსთქვათ რომ ერთმა ღარიბის კაცის შვილმა დაინახა ვინმე მდიდრად ჩაცმული ყმაწვილი. მას მიიზიდავს იმავ წამს ამ ყმაწვილში მისი მდიდარი სამკაული. „ნეტავი შენ, ყმაწვილო, მაგნაირი ტანსაცმელი გაცვია... რა არის ახლა ჩემი სიცოცხლე?...ამ ტიალ კონკში მაინც! რატომ მეც არ მაცვია აგრეთი ტანისამოსი?...ჩემ ტანსაც ხომ აგრე შეამკობს? კარგი არ არის, რომ მეც აგრე ვუყვარდე ჩემ დედ მამას, როგორც თავის დედ მამას ეს ყმაწვილი, ხომ მეც აგრე ჩამაცმევენ“-ფიქრობს თავისთვის ღარიბი კაცის შვილი; ის კი არა თუ იმ ყმაწვილის მამას თავის შვილის ტანსაცმელი ეგოდენათ არ უღირს, რამდენათაც მის გაჭირვებულს მშობელს ერთი შილის პერანგი; და თუ მართლა თავის შვილის უგუნერებას აჰყვა, უკანასკნელ პურის ქერქსაც უნდა გამოეთხოვოს. რასაც ვხედავთ ნორჩს ყრმის გონიერებაში სრულებით მას ვხედავთ გონიერებით ჩვილის ხალხის ცხოვრებაში. შეიძლება მძაფრი ეჩვენოს ბევრს ამ გვარი შედარება. ავიღოთ მეორე: ვსთქვათ, ერთი ჩვენ თავადის შვილთაგანი გავიდა სამზღვარს გარეთ და შეხვდა მას ერთ ევროპიულს სატახტო ქალაქში ყოფნა, ვთქვათ ის მოხვდა პარიჟსა. საითაც თვალს არ მიაპყრობს ყოვლის მხრით ჰხედავს მხოლოდ ერთ დიდებას და სამოთხისგვარ შვენიერებას: დიდებულს სასახლეებს, დიდებულს ქუჩებს, კაცის ენიდგან გამოუთქმელს სიმრავალ გვარით და გემოვნებით საჭმელებს, წალკოტს, კაცის თვალისგან უნახავის სადრევანებით, ძეგლებით, აუზებით, სხვა და სხვა ქვეყნის ხეხილებით, მდინარით, ზღვით, სხვა და სხვა ქვეყნის მხეცებით; ერთი სიტყვით ის იქ ნახავს დიდებას და მშვენიერებას, რომელიც თვისთ მაჰმადსაც არ მოზმანებია თავის სამოთხეში. დასვით ეხლა ეს პირი ჩვენში. პირველი მისი წადილი ის იქნება, რომ როგორმე ბროლის კოშკი დაიდგას და იმ გვარი წალკოტი გაიმართოს, როგორიც იმ ქვეყანაში იმას თვალს უბრმავებდა. ოღონდ კი გამართოს, თორე მრთელი ხალხიც რომ ჰყავდეს ხელში, მისს ღონის ძიებას უკანასკნელ წვეთამდინაც შესწირავს ამ წადილს. განა ამას აქვს იმდენი გონი, რომ მოიფიქროს, თუ ამ გვარ წადილით, უიმისოთაც საშუალობით ღარიბის სიცოცხლის ცეცხლზედ სულ წყალს დაასხამს? განა ის იმის სჯას შეუდგება, თუ ეს გარეგანი სიმდიდრე და ბრკიალება მხოლოდ დიდის ხნიდან ცხოვრების კეთილ-წარმატების გზაზედ მომდინარეობის შედეგია? - თუ ეს სიმდიდრე მხოლოდ ამ გვარად გახსნილს ცხოვრებას შეფერის და ყოვლის საშუალობით ღარიბის ცხოვრებისთვინ დიდი მავნებელია, რადგანაც მისი გადაღება უდროოდ ლევს ამ ცხოვრების ძალას? ის არის უბედურება, რომ გონებით გაუხსნელის ხალხის თვალთ-მხედველობას იტაცებს მხოლოდ ერთი გარეგანი ელვარება და არ შეუძლიან მას ჩაღრმავდეს იმდენათ, რომ გამოიკვლივოს მისგან მიზეზი და ან აზრი. აქედამ, რასაკვირველია ვხედავთ იმ უწესო მომენტებს ყოველს ისტორიულს ცხოვრებაში, რომლებიც არიან შედეგი ამ გვარ გადაღებისა. თუნ ეხლა ავიღოთ ჩვენი ცხოვრება: ვინ არ იცის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ელვარე მუნდირს დიდი ფასი აქვს: ვინც .... ეპოლეტებით არის შემკული, ვინ არ იცის, რომ ჩვენ საზოგადოების ფიქრით, მხოლოდ ის არის კაცური კაცი ბრძენი და ფილოსოფოსი. ჩვენში კაცის ღვაწლი საზოგადოების წინ და მისი გონიერება იფასვის გარეგან ელვარობითა. არ შემიძლიან აქ არ მოვიხსენიო ერთი იმერელი თავადი შვილთაგანი, რომელმაც ერთ დიდ კაცის წინ იმდენი იმაიმუნა, როგორც გავიგეთ, სანამ ჩინი არ იშოვნა. მაგრამ განსაკუთრებით იმის მაგალითს, რომელზედაც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი, წარმოგვიდგენს ფრანციის შინაგანი ისტორიული ცხოვრება. როდესაც საზოგადოებამ მიაღწია იმდენს განათლებაზედ, რომ შემოვიდა ცხოვრებაში ძველის კლასიკურის მეცნიერების გადაღების მოთხოვნილება, მისი გონება მხოლოდ ერთმა ბრკიალა სამოსმა შეიპყრო: მან სტაცა ხელი მხოლოდ ერთს ფორმას; მისი ყურადღება მიიქცია მხოლოდ ერთ ტურფა და მეტად ტკბილის ენით გამოთქმაზედ და არა თვით მასში მყოფ აზრზედ. მისი პოეტები იწყებდნენ იმ ნაირად ყეფას, როგორც სოფოკლი, ესხილი, არისტოფანი და სხვა გამოჩენილი საბერძნეთის მწერლები; აღწერდნენ იმ გვარ გრძნობაებს, როგორებსაც თავის საზოგადოების ნაკლულოვანებაები აღძრავდა არისტოფანის და ევრიპიდის გულში. რასაკვირველია, რომ ამ გვარ გზაზედ დამდგარი ლიტერატურა და პოეზია სრულიად უნდა განშორებოდა ხალხის ცხოვრებას; შინაგანის ცხოვრების ელემენტით გაცხოველებული პოეტის სიტყვა უნდა შეცვლილიყო ერთს ყურის მგლეჯელს ცივს ხმაზედ. ლიტერატურამ დაკარგა ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა და ხალხის ცხოვრებიდგან განშორებულმა, მან ვერ შეძლო მისთვისვე გამოეკვლია გონიერი და საფუძვლიანი დასაწყისები, რომელზედაც მაგრად უნდა დაფუძნებულიყო მომავალი პოლიტიკური წყობილება, როგორც უვარგი შესცვალა ახალზედ, თითქმის მთელს ერთს საუკუნის განმავლობაში განვლო მუდამ აღრეულობაში და ტანჯვაში, ბოლოს კი მაინც ჩაბარდა იმ გვარ წყობილების ჭვანგებში, რომელიც ბევრით არ გაერჩევა პირველს. აი, რა მავნებელია ლიტერატურა და პოეზია, როდესაც ის არ მსახურებს ხალხის ცხოვრებას, ატარებს დროებას ფუჭ დეკლამაციაში, როდესაც გადაღებაში, ნამეტურ ამ გვარ განათლების მხარეების, როგორც პოეზია და ლტერატურა, მისი გადმომღები ხელთ მძღვანელობს ერთ გარეგან ბრკიალა სახით და ვერ სცნობს მის მართალს მნიშვნელობას, მის შინაგან აზრს, ურომლისოთაც თვით ელვარე ფორმა ფუჭია და მავნებელი. აი ის ქვა, რომელზედაც ყოველის ხალხის ისტორიულ ცხოვრებას, მიმბაძავ პერიოდის დროს, ფეხი წამოუკრავს და რომელზედაც ჩვენც ზედ გადამტვრევას გვიპირებს ჩვენი „ცისკარი“, თუ კი რომ ქონდეს ის მაღური თვალი, რომლის გორვითაც შესძლებოდა შორს გავეტაცეთ.

 1857 წელს ჩვენს ბნელს გორიზონტს ეღირსა ბოლოს „ცისკრის“ ამოსვლა. აბა მითხარით ვინ არ გაიხარებდა ამაზედ. რადგანაც ყველას გულში გვქონდა, რომ მდაბიურად ყოველს ცისკრის ამოსულის შემდგომ, „ბნელით მოცულის“ ბუნებას ელის გამაცხოველებელი ტკბილი დილა. მაგრამ დაგელოცა ღმერთო სამართალი!...ურიცხვ სხვა და სხვა ქმნილებათა შორის ყოფილა ქვეყანაზედ იმგვარი „ცისკარიც“ რომელიც არა გვანებია მდაბიურ ცისკარს. ამიტომ რომ ეს მეშვიდე წელი დადგა, ის იჭყვირება იმავ ალაგიდან, საიდანაც შვიდი წლის წინ დილის მოსვლა გვაუწყა, თავად კი ჯერ თავის ალაგიდან არ დაზრულა, თუღა აწ დაიძვრის ეს უფალმა იცის მრთელ შვიდი წლის განმავლობაში ნათობს ციალის შუქით და არა ეშველარა-ოდნა ვარსკვლავის სიბრკიალეც ვეღარ მიიღო, არამც თუ დილის გამაცხოველებელი სინათლე. ჩვენი ბედკრული „ცისკარი“ შვიდის წლის განმავლობაში სულ იმაზედ გვატარებინებს დროებას ან ღამე როგორია, ან დღე რარიგის სინათლით მოიცავს არე მარეს, თუ დილა კაცის გულში რა რიგს ტკბილს გრნობაებს აღძრავს, ან თუ საღამო რა რიგის სიმშვენივრით მორთავს ბუნებას და სხვა ამგვარებით. არა გვეშველა რა, ის აზრი კი ვერ გამოვიკვლიეთ მასში, რომელსაც პირობა დაედვა საქართველოს დილის ამოსვლაზედ; თუ რომ ლამიდა შეტოპვას ცხოვრების მორევში, იმავ წამს ისხამდა ფრთებს აერში გასაფრენად და ჩაუვარდებოდა ენა. ნამდვილის ცხოვრების თვისების მაგივრად, ფანტაზიაში შედგენილ სურათებზედ გვაცქერინებდა; რასაკვირველია, რომ ყველას მალე უნდა მოსწყენოდა ღარიბის ფანტაზიის სურათებით შემკულ ქვეყანაზედ მუდამ ყურება!-

ჟურნალი იმ გვარის თვისების, როგორიც მიიღო მან ევროპის ხალხში, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნამყოფი ევროპელი ხალხის ცხოვრებისა. მხოლოდ ევროპიაში, ზოგიერთის გარემომდებარეობის მიზეზების მადლობით, ადრე ჩავარდა კაცი თავის გონში და მოითხოვა სასტიკ ზოგად-წყობილებისგან დაკარგული უფლება. აშკარაა, რომ აღმოსავლეთში, სადაც ხალხის ცხოვრება იყო მოსრესილი მეფის დესპოტისაგან, ამ გვარ ფაქტს არ ექნებოდა ადგილი, ეს ფაქტი გადმოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მიბაძვით, ამისთვის ყველაზედ პირველად უნდა შეგვეტყო მისი აზრი და არ გავყოლოდით მის გარეგან სახეს, ყველაზედ პირველად უნდა გაგვეგო თუ რისი მაქნისია, ან რა მნიშვნელობა უნდა ქონოდა ჟურნალს ჩვენს ცხოვრებაში, ვინემ აღვტაცებულიყავით მის ყოველ თვისა და თვის თავზედ შვიდს შვიდი დაბეჭდილის ფურცლების გამოსვლით და „ცისკრის“ სახელით. მაგრამ პირებს, რომლების ხელმძღვანელობის ქვეშაც ჩავარდნილა შემთხვევით ეს ფაქტი, ვერ შეძლებიათ ღრმად იმის აზრის გაგება და იმის გამო ამ მეტად კეთილ-მყარ თავი სთავად ფაქტს ჩაუვლია აქამდინ სრულიად უნაყოფოდ საზოგადოებისთვის. „ცისკარი“ ასე გაშორებულა ცხოვრების მოთხოვნილებაზედ წინუდებს იმგვარ საჭმელებს, როგორც „შვილი უმანკოებისა“ ისიც სხვისა საძაგლად გადაკეთებული და თავისად უსირცხვილოდ მითვისებული(*) „ჩემი ანგელოზი“, „თამარ ბატონის შვილი“, „მამისგან შვილის დარიგევა“ და ვერ მოვითვლი რამდენ სხვა ამ გვარებს. რა გასაკვირველია, რომ საზოგადოებაში ვერ პოებს სიმპატიას. კიდევ ბედია ჭეშმარიტად, რომ სრულებით არ დაეცა, მაგრამ ზოგი მის მოლაყბესაც უნდა კითხოს კაცმა. აი რა გვარ მიზეზებს აწერს ის „ცისკრის“ დაცემას:- „ცისკრის“ თავდაპირველი გამოცემა ყველას

 (*) ეს თხზულება გახლავთ რუსულად ნათარგმნი ნემენცურიდამ: უხეირო ნემენცის მწერალის კოცებუს დრამაა მაგავე წოდებით, მაგრამ უფ. „ცისკრის“ რედაკტორმა გადააკეთა გვარები და სახელები და თავისად გამოჰსცა. „ცისკარს“ ბევრჯერ მოსვლია ამ გვარი სიკეკლუცე საზოგადოების წინაშე, მაგ. რჩეულოვის „შეშლილი“ ეგ გახლავთ პატარა მოთხრობა ანგლიურიდან რუსულად ნათარგმნი. რუსულს ენაზედ მაგ მოთხრობასა ჰქვიან: (...)უფ. რჩეულოვმა სახელი გამოუცვალა და სიტყვა სიტყვით ჰსთარგმნა. მხოლოდ გიორგი კოროლი ანგლიისა, ვარანცოვად გადააკეთა, ლონდონის თეატრი ჩვენ თეატრად, აქაური გიჟების სახლი ბეთლემი, ჩვენ ნათლუხის გიჟების სახლად, იქაური აკტრისა, აქაურად და ამ ყოფით იმ მოთხრობას დაარქვა შეშლილი და თავისი გვარი მოაწერა,-მითამ და იმისია, აგრეთვე „იშვიათი ცხოვრება“ გ. ბარათაშვილისა, „ანუკა ბატონი შვილი“, იმავე რჩეულოვისა და სხვა

 

 სასიხარულოდ მიგვაჩნდა,-ამბობს მოლაყბე ოკტომბრის ნომერში 1862 წელს-მაგრამ დამარხვაზედ კი ნურას უკაცრაოდ, ყოვლისფერი დაიმარხება თუ მტრად გადავეკიდენით და ქვითა ვდიეთ ჩასაქოლავად.“ ქვით ჩაქოლვა რა არის?... განა თუ კაცს, რომელსაც არ მოსწონს ზოგიერთი აზრები, მისის ფიქრით მავნებელი ცხოვრების კეთილ-წარმატებისთვის და დაიწყებს ლაპარაკს ამ გვარის აზრების წინააღმდეგ, ერქმის ქვით მქოლავი?..საზოგადოების ცხოვრებაში, როგორც სულთ დგმულთ მოქმედებაში მუდამ იპოებიან სხვა და სხვა ერთი ერთმანეთის წინააღმდეგი ელემენტები: მაშა სადამე მათში ყოველთვის უნდა სუფევდეს მუდმივი ბრძოლა, რადგანაც განსვენება სიკვდილის წესია. ცხოვრებაში იმყოფებიან სხვა და სხვაგვარი რწმუნებაები, ყოველ საგანზედ თავისებური სჯა, თავისებური აზრი და შეხედულობა, რომელსაც ჰყვანან თავ თავის დამცველები. საზოგადოებაში, როგორც გონიერ არსებაში, შედის მუდამ ის რწმუნება, ის აზრი, რომელიც ყველაზე ვრცლად, ცხოვლად და საფუძვლიანად დაიცვის, რომელიც ყველაზე უფრო ჭეშმარიტია; თუ კი რომ „ცისკარში“ წარმოითქმოდეს მისთანა აზრები, რომელშიაც საზოგადოება კეთილს და სასარგებლო რამეს ჰპოებდეს, რაგინდ ბევრი ქვა და ლოდი სცემონ, მაინც ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ქვის სროლა „ცისკარს“ კიდევ უფრო გაამაგრებს, რადგანაც წინააღმდეგ აზრებში მისი სარგებლობა კიდევ უფრო აშკარად დაინახება.როგორც ჩანს, იმ სალაყბო ფურცლის ღირსება მდგომარეობს ან სრულებით ფუჭ მეტყველებაში და ან თუ თერგ-დალეულის სტატიის განხილვას წადილობს, მხოლოდ იმ გვარს საგნებზედ აქვს ლაპარაკი, თუ თერგ-დალეულმა რატომ თქვა „გაიარდა“ და არ გაივლიდაო; მის შინაგან აზრს კი ვერ ეხება, რადგანაც მართლის პირში შეხედვას არწივის თვალები უნდა. ამის გამო ვის ექნება იმდენი დრო, რომ ნამეტურ აქ თავიდან ბოლომდისინ ის გაარკვიოს? მხოლოდ არ შეიძლება ზოგიერთ პუნკტებზედ არ გავჩერდეთ, რადგანაც იქ ზოგიერთ მაღალ საგნებზედ მოდის ლაყბობა და სწორეთ თუ მრუდეთ „ცისკრის“ დაცემის მიზეზებს ეხება. უნდა ავიღოთ ის, სადაც მოლაყბეს მოუდის ლაპარაკი მწერალის და მწერლობის მნიშვნელობაზედ: „ რა არის მწერალი და თვით მწერლობა?“-ჰკითხავს მოლაყბე თერგ-დალეულს. აქ რომ მართლა კითხვის ნიშანი დაესვა და შემდგომ სხვაზედ დაეწყო ლაპარაკი, უსათუოდ ვიფიქრებდით, რომ მისი მნიშვნელობა, თავის სიყურ-მახვილით სადმე ამონაკითხი მაინც ექნებოდა. ახლა კი მე მგონია მის ახსნით საზოგადოებაში მოიპოვა დიდი სახელი, რადგანაც მან უჩვენა სწავლულთ ქვეყანას პოეზიის და ლიტერატურის სფერაში იმ გვარი კანონები, რომლების მსგავსი არა წარმოთქმულა რა არც ლესსინგის „ლაოკოონში“ და არც ღეგელის „ესთეტიკაში“. მიეცი შვებას, ჩვენო საზოგადოებავ! დღეს შენ აჩუქე კაცობრივობას ერთი სწავლის მნათობი, რომლის კვალზედაც აწ იწყებს წინ წასვლას ევროპიის განათლება, ის მნათობი გახლავთ მოლაყბე. ნეტა ვიცოდე ვინ არის ან რა სახე აქვს ამ მოლაყბეს, რომ მისის კინკრიხის განხილვით ვამცნო ახალი კანონები ფაკტებით ღარიბს ფრენელოღიის სწავლას. აი რას გვამცნებს მოლაყბესაგან წარმოთქმული პირველი კანონი: 1, „მწერალი არის მამა ხალხისა“. მკითხველებო, გაიგონეთ ამ კანონის გარკვევა. მწერალი არის მამა ხალხისა, ესე იგი ხალხი მისი შვილები, გესმისთ კარგად?..შვილებს უნდა მამისაგან მუდამ ზნეობითი დარიგება. ყოველს ჩვილს, წლოვანებითს ყმაწვილს გულში თითოეული მამის სიტყვა არის განუსაზღვრელი ჭეშმარიტება. აქედან მოლაყბე არის მწერალი, ჩვენ მისი შვილები, მაშ ყოველი ნამცნევი, რაც რომ მის პირისაგან არ წარმოითქოს, უნდა გვეგონოს განუსაზღვრელ ჭეშმარიტებად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გველის მომავალს დროში ცხოვრების კეთილ-წარმატება, განათლების ევროპიელ ხალხებზედ დაწინაურება და თუ, ვინიცობაა, არ ვეთანხმეთ ზოგიერთს მის აზრს, შევიქმნებით ღვთის პირისაგან წყეული, როგორც მამის ურჩი შვილები. ყოველ სულდგმულს მართებს არამცთუ გონიერად, ინსტინკტურათაც თავის არსებობის დაცვა. არც მოლაყბეს ეძრახვის, რომ ამ გვარი სილლოგიზმებით იმოქმედოს „ცისკრის“ და თავის ინტერესის დასაცველად, მაგრამ ღვთის პირისაგან შეჩვენებაც რომ მელოდეს, არ შემიძლია ამ განმარტებაში წინააღმდეგად არ გავუხდე, მწერალი, ჩემის ფიქრით, ყველაზედ პირველად იმ ქვეყნის შვილია, სადაც რომ სრომობს; არის დაბადებული იმ საზოგადოებაში, აღზრდილი იმ საზოგადოებაში, და მიმღები ყოველივე ზნეობითის ჩვეულებაების, რომლებიც სუფევენ იმ საზოგადოებაში; მაშ მწერალი უფრო უნდა იყოს საზოგადოების შვილი, ვინემ მამა; მაგრამ სწორედ რომ განვსაჯოთ, არც ეს არის: მწერალი არის ერთი თავის საზოგადოების წევრთაგანი, ერთი იმ პირთაგანი, რომლების კრებაც შეადგენს საზოგადოებას. ის არის საზოგადოების ტანჯვის და შვების თანაგრძნობელი. რაში მდგომარეობს მისი ღვაწლი საზოგადოების წინ? - აჩვენოს საზოგადოებას თავისი აზრი ამ ნაკლულევანებაების შესახებ, უჩვენოს იმ გვარი საშუალობაები, რომლებიც მისის ფიქრით საუკეთესო არიან ამ ნაკლულევანებაების მოსასპობელად. შეიძლება მისი აზრები არ ვარგოდეს, მაშინ ის ჰპოვებს მის მოძმეებში წინააღმდეგობას. გამოჩნდება მესამე, მეოთხე, ერთი სიტყვით ყველა ვინც, რომ ჰპოებს იმდენ ძალას, რომ თავისი აზრი გამოთქვას. შეიქნება ბაასი და აი ამ ბაასში და სხვა და სხვა აზრებში ეუწყება საზოგადოებას ჭეშმარიტება, რომელიც განსაზღვრავს მის გონებითს გახსნას და ცხოვრების კეთილ-წარმატებასაცა. რასაკვირველია, რომ ასე მოკლეთ მწერლის მნიშვნელობის განმარტება არ არის საკმაო, მაგრამ არც სტატიის სივრცე გვაძლევს მეტს ნებას, ამისთვის სხვა შემდგომისთვის იყოს, აქ მხოლოდ ის არის ნაჩვენები, თუ რავდენად უგუნური არის ის განმარტება, რომლითაც მწერლის მნიშვნელობას ადარებენ მამის მნიშვნელობას. როგორც მოლაყბის სიტყვებიდან სჩანს, იმას სამძღვარ გარეთ უმგზავრნია. არ ვიცი, რომელ სალიტერატურო ორღანიდან ამოუკითხავს ესრეთი სჯა ამ გვარ საგნებზედ, თუ იქნება მართლა „ტრედიაკოვებით“, „სუმაროკოვებით“, „ხემნიცერებით“ თუნდ „ლაღარპებითაც“ და მათ თხზულებაებით თავი ისე გაუტენია, რომ პატარა გონიერ სჯას თუნდ ამ გვარს მის თავში ადგილიც აღარ დარჩენია? ვთქვათ თუნდ ეს ასე იყოს, მაგრამ ამნაირი კანონები საიდანღა გამოუღია? ხომ ერთ ზემოხსენებულს მწერლების თხზულებაებშიაც არ იპოვება ამ გვარი კანონები, როგორც მაგალითად: „რაც რომ ბევრ ფულს მივცემ მწერალს, იმდენად უფრო კარგად დასწერსო“?(bis) გეთაყვა ერთი კიდევ გაიმეორე ეს კანონი, მოლაყბევ! ამათ მსგავსი კანონები ნევტონსაც აღარ წარმოუთქვამს ქვეყნის აგებულების ასახსნელად. აი უცოდინარობა მწერალს როგორ უგუნურობაებს წარმოათქმევინებს. ერთი რომ ჟურნალი თავის სიკეთით იძენს ბევრ ფულს, რადგანაც ამ შემთხვევაში ყველა წადილობს მის გამოწერას, და არა ფული შეიქმს კარგს ჟურნალს; მეორე-ეს მაინც რამ წარმოგათქმევინა, მოლაყბე! „ ხუთი ათას ხელმომწერლების ფულით რა მწერალსაც მინდა ლეკურს ბუქნას ვათამაშებო“? განა მწერალი სუდიას გვარია, რომ ასი თუმნით ლეკური ბუქნა ჩამოარონინო. მაშ, მოლაყბე, იქნება შენ კარგი ნიჭიერი მწერალიც იყო, მაგრამ სანამ ხუთას თუმნობით მუჭებს არ გაგივსებენ, მანამ არ დაიძვრი, განა?-დიახ და გეშაბის! შეიძლება შენ შენის უნიჭოების მისამალავათაც წარმოსთქვი ეს; მაგრამ რაც რომ ბევრი ეცადო, თუნდ ერთი მილიონიც მოგცენ, მაინც მაგაზედ უკეთესს ვერ დასწერ, რაც დაგიწერია. განა რაც ბუნებას შენთვის დაშურვებია, ფული იმას ჩაგინერგავს თავში? ესეც უნდა ვსთქვათ, რომ მწერალი, რომელიც ასი თუმნით თამაშობს, მეტად ნიჭიერიც რომ იყოს, მაინც თავის თვისებით კეთილზედ ბოროტს უფრო მეტს შესძენს საზოგადოებას, მაშა სადამე მაგ გვარი მწერალი, რომ კიდევაც გამოჩნდეს მაინც კბილით დასაგლეჯია. ნიჭიერი და მამულის მოყვარე მწერალი ფულში არ საჭიროებს. მის გულში, როგორც გაუქრობელი ლამპარი, ანთია მუდამ ერთი წმინდა წადილი, რომელიც სიკვდილამდინ ამხნევებს იმას ღვაწლისათვის. რასაკვირველია, ფული მრავალ თავისუფლებას მიჰსცემს მწერალსა, იმიტომ რომ თუ საწყალია თითქმის უფრო მეტი თავისი დღენი მაგ ღონისძიების მოპოებაში ეკარგება და ამით მწერლობასა ჰსცდება, მაგრამ აქედამ ის არ გამოდის, რომ მწერალს ფული ჰქმნიდეს. რატომ როდშილდი არა შეგსპირობს, ჩემო მოლაყბევ! მაგრამ იმას ვისაც ოცდა ათის და მეტის წლის განმავლობაში სულ ერთი მხრით უწევნია, მეორე მხრით როგორღა გაასწევინებ, რაგინდ რომ აშკარად და საფუძვლიანადაც ელაპარაკო . ჩვენც, რასაკვირველია, აქ თავს მივანებებდით, თუ რომ ერთი მეტად შემაქცევარი ადგილი არ გვეპოვა კიდევ მის სალაყბო ფურცელში, ეს ის ადგილია, სადაც ის ყმაწვილურის სიმარტივით ერწმუნება, ვითომც და „ცისკარს“ ზოგიერთის ხეირიანის სტატიებით მოეტანოს რამე კეთილი საზოგადოებისთვის. აი ეს ადგილი: „აქებს თერგ-დალეული ზოგიერთს მწერლებს, რომელთ შრომაები „ცისკარში“ დაბეჭდილნი იყვნენ: ჭონქაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლავრენტი არდაზიანს და მე უღირს მონას და მოსამსახურეს, (ტყვილა პირს ნუ იწვამ, რა საქებიცა ხარ, შევიტყვეთ: იმას თუ იტყვი, რომ ზოგიერთის ჩვენის ცხოვრების უმსგავსო ფაქტი, რომელიც თავის უმსგავსოებით ყველას თვალში ეჩხირებოდა, შეგიტანია სალაყბო ფურცელში, როგორც მექრონიკე-ეს კიდევ დიდი სიქადული არ არის ნამეტნავად როცა შევიტყვეთ, რომ იმის შემტანიც შენ არა ყოფილხარ. „ქებისთვის დიდი მადლობა!“ (სულ ტყვილა! თუ მართლა თერგ დალეულმა გაქო, ძლიერ შემცდარა) „მაგრამ ერთი ესა ბრძანოს, აკი იძახდა „ცისკარი“ ცუდიაო!მაშ ცუდი არ ყოფილა“. დიახ, მართალია ზოგიერთი ისტორიული სტატიები „ცისკაში“ არ იყვნენ ურიგონი. შეიძლება შემდგომისთვის,როგორც ისტორიის მასალა, შეიქმნენ რითიმე გამოსადეგნი, ისიც ვინ იცის? მაგრამ ცხოვრებისთვის კი სრულიად გამოუდეგარნი იყვნენ, რადგანაც გვაჩვენებდნენ მხოლოდ წარსულის ისტორიის ფაკტებს და საზოგადოებაც არ იყო იმდენად გახსნილი, რომ საკუთარ მსჯელობით მათგან რომელიმე სასარგებლო წესი ცხოვრებისათვის გამოეკვლია. ესეც ხომ იყო: საზოგადოებას რომ კიდევაც შესძლებოდა ამ ფაკტების განხილვა, მე არ მგონია, იმ გვარად იყვნენ დაწერილნი ის სტატიები, რომ მათგან შეძლებულიყო რამე სასარგებლოს აღმოჩენა ცხოვრებისთვის. არ ის იყო შესაძლო ამ სტატებისაგან, გვეცნო საფუძვლიანად რომელიმე მომენტი წარსულის ცხოვრებისა. მაშ „ცისკარს“ როგორც ჟურნალს ამგვარ სტატიებისაგან ღირსება არ მიეცემოდა. რასაკვირველია, „სურამის ციხე“ მეტადრე „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუა შვილი“ და განსაკუთრებით „რომელო და ჯულიეტა“ დრამა შექსპირით ნათარგმნი შორს მოიტოვებდნენ „შვილს უმანკოებისას“, „თამარ ბატონის შვილს“, მაგრამ ან ამითი რა გახდა? ევროპიული საჭმელები რომ მომიტანო, მათი ჭამაც ხომ უნდა მასწავლო, როგორ უნდა. შექსპირის დრამების გასაგებლად, საზოგადოებას იმდენად უნდა ქონდეს ესტეტიკური გრძნობა გახსნილი, რომ შეეძლოს მის დრამებში თითქო ღვთიური სახელით აღმოხატულის ცხოვრების ჭვრეტა, კაცის გულის ისე ვრცლად და ღრმად გაგება, როგორც ის არის ნაჩვენები მის დრამებში და კომედიებში. აბა ერთი მითხარით, რავდენ სტატიებში აუწყა საზოგადოებას „ცისკარმა“ ან პოეზიის მნიშვნელობა, ან მისი ისტორიული არსება და ცვლილება, თუ როგორი შეხედულება ქონიათ ელლინელთ ქვეყანაზედ, ან როგორის გრძნობით ეყრებოდნენ ბუნების ზედმოქმედებას, ან თუ რა არის პლასტიკური გრძნობა, ურომლიოთაც პოეტებისაგან არ შეიძლება რეალური ცხოვრების მართლად ჭვრეტა. აბა სად გვიჩვენა ის პლასტიკური გრძნობა , რომელიც გამოსჭვერს თ. რაფაელ ერისთავის ზოგიერთ ლექსებში და ნამეტურ თ. გრიგოლ ორბელიანის, სწორედ ხალხურის ელემენტებიტ სავსეს პოეტურს გრძნობაებში, სადაც ეს აღტაცებით არის გამოყვანილი, თუ რას შეხარის ქართველის გული? აბა თუ შეუნიშნავს კიდევაც „ცისკარს“ ის რომანტიული (?) მიდრეკილება, რომელიც ისმის თითქმის ყოველ აკაკი წერეთლის ლექსებში „საყვარელო ალექსანდრა“ დან „რუსეთუმეს“ სურათებამდინ. „ცისკარი“ არ იყო ილია ჭავჭავაძეს ქვის სროლით შეხვდა? სად გვიჩვენა მან ის ორი ხასიათი ქალისა და ვაჟისა, რომლებიც ასე ღრმად და საკვირვლად არიან გამოხატულნი „სურამის ციხეში“?სად განიკვლია მან ის მიზეზები და გარემოება, რომელმაც შექმნა ეს ხასიათები, ამისთანა ბოლოს ღირსნი, როგორიც ამ რომანშია ნაჩვენები?

 სრულებით ამ გვარ რამეს 1857 წლიდან, რომ დავიწყოთ და ამ თვის ნომრამდინ გადავშალოთ სულ ფურცელ ფურცლად, მაინც ვერაფერს მასში ვერ ვპოვებთ. ვერ იმას ვპოებთ, თუ სად განუხილავს ასე ვრცლად და მართლად გამოხატული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუა შვილის ხასიათი, რომ როგორმე მკითხველის გულში აღეძრა ზიზღი ამ გვარ მიდრეკილებაზედ. როგორც ვეჭობ, „ცისკარს“ სურამის ციხის აზრი სრულებითაც არ გაუგია, ამიტომ რომ როდესაც თერგ-დალეულმა გაიხსენა ამაზედ, როგორც ერთ კარგ თხზულებათაგანზედ, რაც რომ მხოლოდ „ცისკარში“ არ დაწერილა, მხოლოდ მის შემდგომ გამოვიდა მასზედ ფურცელაძის რეცენზია და მერე როგორი ! განა ამას რეცენზია ერქმის ? ...ახალ ადგმულ ენის ყბედობაა და ქარის მობერილი ჰსჯა. ამის შემდგომ თუნდ თვითონ შენ დაიდევ, მოლაყბევ, გულზედ ხელი და თქვი ღვთის წინაშე, რამდენი კეთილი მოუტანია „ცისკარს“ საზოგადოებსთვის ამ შვიდის წლის განმავლობაში? ვინ იქნება იმგვარი უგუნური, რომ „ცისკარს“ დაუწყოს გამტყუნება. ყოველი საგანი მხოლოდ მაშინ იმტყუნება, როდესაც მასში იპოება მისთანა საშუალობა, რომლითაც შეიძლება რაიმე კეთილის მოტანა და არ მოუტანია. ცარიელი ტიკი რაგინდ რომ წურო, კახურს ვერ ჩამოგისხამს, მაგრამ ის არის სამწუხარო, რომ, როდესაც ამტკიცებენ, რომ „ცისკარი“ შვიდი წლის განმავლობაში არა კეთილის შემძენი არ ყოფილა საზოგადოებისთვისაო. აშკარაა მართლის თქმაზედ გული გებძარვის კარგი რაც ითქვა, ითქვა: იმას ხომ აღარ გაეწყობა რა, მხოლოდ ერთი უნდა გითხრა, მოლაყბე! რადგანაც ცისკრის ადვოკატობა მიგიღია: შენ კარგად გექნება ნაცნობი თუ არ შენის გულთმხედველობით, ინსტინკტიურის გრძნობით მაინც, რომ ჩვენ საზოგადოებაში დაიძრა ცხოველი სული, იმას უნდა ცხოველი სიტყვა; მასა სადამე „ცისკარს“ თუ თავის სიკვდილი არ უნდა უსათუოდ უნდა დასტოვოს ის გზა, რომელზედაც აქამდინ მოდიოდა, გააგდოს მიშურა, გარეგანი სიბრკიალე და ჩაღრმავდეს სიცოცხლის მორევში მარგალიტების მოსაბოჭად. სიტყვით დატევება ცოტა არის, საქმით კი ჯერ ვერა ვხედავთ. გარიბალდის ცხოვრებით და სხვა ამ გვარებით თავს ვერ შეგვიხვევ ამიტომ, რომ მის გვერდში ვხედავთ იმ გვარ თხზულებაებს, „როგორც მამისგან შვილის დარიგება“ ქერელი ბექას ბაქიობა და სხვა. ამ გვარად „ცისკრის“ გზის გამოცვლა კიდევ უფრო მავნებელია, რადგან ამ გვარებით შეიძლება მკითხველის თვალისაგან დაიფაროს შინაგანი ეშმაკობა. და ესეც არის: კარი, რომელიც თან შეზრდია ერთგავრ სმენას და შეხედულობას ცხოვრებაზედ, რომელსაც გამოუშვია თავისებური სჯა თითოეულ საგანზედ და ფაკტებზედ, თუ კი იმას რამე აზრი აღუზრდია თავში, ერთობ ძნელად შეიძლება გადახდეს თავის გზას ნამეტურ ასე უცებ, როგორც ცისკრის „რედაკტორმა“ ეს გვაუწყა და თითქმის ყოველ წელს გვაუწყებდა: ეხლა სხვა აზრზედ უნდა წავიდეო, სხვა კარგი მიმართულება ვიქონიებო და თუ მართლა ასეა სანამ ჟურნალის შინაგანი ნაკლულოვანება საქმით არ გაიწმინდება, სულ ტყუილია, რომ იძახონ თუნდ წლიდამ წლამდინ: ეხლა სხვა გზაზედ ვდგებიო. საქმე უნდა და არა სიტყვა. როგორც ტბაში, თუ ქვეწარმავალი არის, არ შეიძლება რომ ხანგამოშვებით მაინც თავი არ ამოყოს ხოლმე და იმ ტბის სიწმინდავე არ აამღვრიოს, სწორედ ისეც ჟურნალშია ხოლმე.

 

 

Comments